ახალი ამბები

ვაქცინა რომ შემოვა, გაძლევთ პირობას, პირველი მე ავიცრები – გამყრელიძე

28 დეკემბერი, 2020 • 1354
ვაქცინა რომ შემოვა, გაძლევთ პირობას, პირველი მე ავიცრები – გამყრელიძე

NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ როდესაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა, პირველი აიცრება, რათა მოსახლეობას მაგალითი მისცეს.

„საქართველოში რომ შემოვა პირველი ვაქცინა, გაძლევთ პირობას, პირველი ავიცრები“, – განაცხადა მან 28 დეკემბერს „ფორმულასთან“ საუბარში.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო იყიდის მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელსაც აქვს ჯანმოს პრეკვალიფიკაცია და სწორება არის დასავლური წარმოების ვაქცინაზე.

„თუ კოვიდის ისეთი ვაქცინა გააკეთა რუსეთმა, რომელსაც ჯანმო დაარეგისტრირებს და ექნება მისი პრეკვალიფიკაცია, შემდეგ ეს განხილვის საკითხი იქნება, სადაც იქნება ხარისხობრივი, პოლიტიკური და სხვა კომპონენტები. მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ ჯერ ძირითადად ორიენტირებულნი ვართ დასავლური წარმოების ვაქცინებზე“, – განაცხადა მან.

გამყრელიძემ განაცხადა, რომ Covax-ის პლატფორმის დახმარებით საქართველო აცრის 20%-ს [„კოვაქს“ პლატფორმა „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ ნაწილია. გამყრელიძემ ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადა, რომ ქართულ მხარეს დაკვეთილი აქვს ვაქცინის დოზა, რომელიც 700 000 ადამიანს ეყოფა და ეს, ჯამში, $17 მილიონი ჯდება, საიდანაც საქართველოს $4 მილიონი უკვე გადახდილი აქვს].

გამყრელიძემ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყანამ დამატებით უნდა შეისყიდოს ვაქცინის „საკმაოდ დიდი დოზა“ და „ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავებისთვის 50-დან 60 პროცენტამდე მოსახლეობის აცრა იქნება საჭირო.

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმითვე, ბოლო მონაცემებით, კოვიდინფექცია, ოფიციალური მონაცემებით, 220 000-ს აქვს გადატანილი, თუმცა NCDC-ის გათვლებით, ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით ორჯერ მეტია.

„ანუ ჩვენთან ინფექცია გადატანილი აქვს სადღაც მოსახლეობის 15%-ს. და მარტის ბოლოსთვის ეს პროცენტი უფრო მაღალი იქნება“, — განაცხადა მან. მისი თქმით, დაავადების გადატანის შემდეგ, არსებული კვლევებით, იმუნიტეტი 6-8 თვით რჩება.

გამყრელიძის თანახმადვე, იმ ადამიანებისთვის, ვინც კოვიდინფექცია 2020 წლის თებერვალში, მარტსა და აპრილში გადაიტანა, გაიცემა რეკომენდაცია, რომ აიცრან, თუმცა არა მათთვის, ვინც 2021 წლის თებერვალ-მარტში გადაიტანს ამ ინფექციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი