ახალი ამბები

ვისურვებდი, საბჭო ერთხმად არ იღებდეს გადაწყვეტილებებს – მოსამართლე ქადაგიძეს

28 დეკემბერი, 2020 • 1692
ვისურვებდი, საბჭო ერთხმად არ იღებდეს გადაწყვეტილებებს – მოსამართლე ქადაგიძეს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნის კანდიდატია, აცხადებს, რომ ისურვებდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველთვის 11 ხმით არ იღებდეს გადაწყვეტილებას და სასამართლო უფრო მრავალფეროვანი იყოს.

მისი გასაუბრებიდან ამონარიდები გაავრცელა ფეისბუკ-გვერდმა „მინდა ვენდო სასამართლოს“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერაა შექმნილი.

მესხიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ ჰკითხა, თუ რას შეცვლიდა იმისთვის, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს, რაზეც მესხიშვილმა უპასუხა:

„მე ვისურვებდი, სასამართლო ყოფილიყო უფრო მრავალფეროვანი. სადაც ერთ საკითხს ყველა არ ეთანხმება, სადაც არის აზრთა სხვადასხვაობა, სადაც აზრთა სხვადასხვაობა, აზრთა პოლემიკა, ურთიერთწინააღმდეგობა, ოღონდ პოლემიკა და ურთიერთ წინააღმდეგობა არის ხელშეწყობილი და წახალისებული და არა სტიგმატიზებული.

ვისურვებდი, რომ ჩემი ქვეყნის სასამართლო იყოს მრავალფეროვანი აზრის გამოხატვის თვალსაზრისით, რომ ყველა აფიქსირებდეს თავის პოზიციას, თავის წინააღმდეგობას.

მე არ მინდა, რომ ჩემი სასამართლოს საბჭო ყოველთვის 11 ხმით იღებდეს გადაწყვეტილებას.

მე მინდა, რომ ჩემი ქვეყნის სასამართლოში, სადაც ჩვენ, მოსამართლეებმა ავირჩიეთ არა გუნდი, არამედ ცალკეული პირები, ინდივიდუალურად იღებდნენ გადაწყვეტილებას.

მე მინდა, რომ სასამართლო გამოიყურებოდეს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. აზრთა სხვადასხვაობით, პლურალისტურობით, თუნდაც დაპირისპირებული პოზიციებით, ჭიდილით, რომ „ეს კარგია, ეს ცუდია“.

მე მინდა, რომ ჩვენ ჩვენს თავმჯდომარეებს ვირჩევდეთ. მე მინდა, რომ კონფერენციაზე არ ჰქონდეს კანდიდატს 300 ხმა, ქალბატონო ნინო“.

▶️ ნინო ქადაგიძე:

თქვენი ხედვით, ჩემ ადგილას რას შეცვლიდით?

▶️ ქეთევან მესხიშვილი:

თქვენ ადგილას?

▶️ ნინო…

Posted by მინდა ვენდო სასამართლოს! on Monday, December 28, 2020


მესხიშვილთან გასაუბრება 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მას 66 შეკითხვა დაუსვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი