ახალი ამბებისაზოგადოება

იმუშავებს თუ არა ქართულ პოლიტიკაში “სერბეთის მოდელი”

29 დეკემბერი, 2020 • 2446
იმუშავებს თუ არა ქართულ პოლიტიკაში “სერბეთის მოდელი”

მიმდინარე დღეებში, საქართველოს საპარლამენტო ცხოვრების მომავალზე საუბრისას, ქართველმა პოლიტიკოსებმა კვლავ ახსენეს სერბეთის გამოცდილება. ასე მათ მიანიშნეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოში 2018-2020 წლებში განვითარებულ მძიმე პოლიტიკურ პროცესებზე, რომელთა შემდეგაც ხელისუფლება იძულებული გახდა, რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს დაენიშნა.

ამჟამად ამ საკითხზე “ლელო” ალაპარაკდა. მისმა წარმომადგენლებმა ონლაინ შეხვედრაც გამართეს სერბეთის ოპოზიციის წარმომადგენელთან. “ლელოში” მიაჩნიათ, რომ სერბეთის გამოცდილება საქართველოს კონტექსტს ერგება და ამგვარი კომპრომისის შესაძლებლობა “ქართული ოცნების” მხრიდანაც რეალურია.

პარტიას სურს, შემდეგ სესიაზე სერბ პოლიტიკოსებთან მიიწვიოს კოლეგა ოპოზიციონერებიც, რომელთა დამოკიდებულებაც ამ მოდელთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.

კომპროიმისი 2-წლიანი პროტესტის შემდეგ: რა მოხდა სერბეთში?

სერბეთის უკანასკნელი ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობის ისტორია 2018 წლის ნოემბრიდან იწყება.  მაშინ სასტიკად სცემეს ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბორკო სტეფანოვიჩი. სწორედ ეს გახდა საფუძველი მასობრივი პროტესტის დაწყებისა, რომელმაც მალე ყოველკვირეული დემონსტრაციების სახე მიიღო.

აქციის მონაწილეთა თავდაპირველ მოთხოვნებს შორის იყო მმართველი წრეების კრიტიკოსთა მიმართ ძალადობის ფაქტების გამოძიება და სახელმწიფო მედიაში განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისთვის დროის გამოყოფა. მოთხოვნები თანდათან გაფართოვდა და მოიცვა საარჩევნო და მედიაგარემოს გაჯანსაღება, ასევე, მეტი გამჭვირვალობა ქვეყნის მმართველობის სხვადასხვა დონეზე.

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები მიიჩნევდნენ, რომ გაცხადებულად პროევროპული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და მისი “პროგრესული პარტია”, რეალურად, ავტორიტარიზმისკენ მიაქანებდნენ ქვეყანას.

ანტისამთავრობო პროტესტი ბელგრადში. 02.03.2020 ფოტო: EPA

2019 წელს ოპოზიციურმა ალიანსმა თქვა, რომ ბოიკოტს უცხადდებდა 2020-ის საპარლამენტო არჩევნებს. მათ მონაწილეობა არ მიიღეს არც ევროპარლამენტარების შუამავლობით გამართულ ინტერპარტიულ მოლაპარაკებებში, სადაც ასევე აღინიშნა, რომ არ არსებობდა პირობები სერბეთში თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

დაანონსებული ბოიკოტის ფონზე, 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ საარჩევნო ბარიერი დაწია, რაც კრიტიკოსებმა შეაფასეს მცდელობად, პარლამენტში უფრო მცირე, ვუჩიჩის მიმართ მეტად ლოიალური პარტიები შეეყვანათ.

ამავე პერიოდში სერბეთში მიმდინარე პროცესებზე შეშფოთება გამოხატეს ევროპარლამენტის პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, მათ შორის, ლიბერალებმა და სოციალ-დემოკრატებმა.

პანდემიის კრიზისის გამო აპრილის ნაცვლად ივნისში ჩატარებულ არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ვუჩიჩის პარტიამ ხმათა უმრავლესობით(60%) გაიმარჯვა. დანარჩენი ხმები მცირე პარტიებზე გადანაწილდა.

მიუხედავად პარლამენტის ერთი შეხედვით მრავალპარტიულობისა, ვუჩიჩი იძულებული გახდა, კომპრომისზე ჯერ კიდევ ახალი მთავრობის ფორმირებამდე წასულიყო: მან 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობა დადო.

კრიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა ეს ნაბიჯი შეაფასეს, ერთი მხრივ, ოპოზიციის წარმატებად, მეორე მხრივ კი, სერბეთის მმართველი პარტიის მცდელობად, გაიმყაროს ლეგიტიმაცია მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

როდის დაიწყო საქართველოში სერბეთის მაგალითზე საუბარი?

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომი ვითარების განხილვისას, სერბეთის მაგალითი ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა და ამჟამად ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ახსენა. მან “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, გაითვალისწინოს ევროპის ამ სახელმწიფოს გამოცდილება.

“ვურჩევდი მმართველ პარტიას, განიხილოს სერბეთის მაგალითი, სადაც ოპოზიცია ასევე ბოიკოტს უცხადებდა არჩევნებსა და პარლამენტს. რა თქმა უნდა, მმართველმა პარტიამ მოიპოვა უმრავლესობა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ სერბეთისთვის და მისი ინტეგრაციისთვის კარგი იქნებოდა არჩევნების არა 4, არამედ 2 წლის შემდეგ ჩატარება.

საქართველოში ორივე მხარეს სჭირდება დრო, რათა გააცნობიეროს, რომ ასეთ სიტუაციაში ვერც ერთი იქნება გამარჯვებული. ორივე იქნება წაგებული და საქართველოც დაკარგავს ინტეგრაციის შესაძლებლობებს”, – უთხრა ევროპარლამენტარმა ტელეკომპანია “ფორმულას”.

“ჩვენ უნდა გავიაროთ ის გზა, რომელსაც გადის სერბეთი”

26 დეკემბერს “ლელომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიის წევრები, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, სერბეთის გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს შეხვდნენ.

პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს სერბულ და ქართულ პოლიტიკურ კონტექსტებზე, ოპოზიციური ბრძოლის ტაქტიკასა და დასავლეთის როლზე კრიზისების მოგვარებაში.

ბადრი ჯაფარიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოსა და სერბეთს “ბევრი საერთო აქვთ” და თანხვედრაა პოლიტიკურ კონტექსტეშიც:

“[ორივე ქვეყანა] ვართ ღრმა მართლმადიდებლური ქრისტიანული ტრადიციის ქვეყნები. ბევრი უბედურება დაგვატყდა თავს სოციალისტური ბანაკისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ამავდროულად, ავტოკრატიული მმართველობის გამოცდილება ჩვენს ქვეყნებში არის, რამაც ამ ქვეყნებს ბევრი კარგი არაფერი მოუტანა. რაც მთავარია, ორივე ქვეყნის სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა სერბეთი ამ მხრივ უფრო წინაა, ვინაიდან ის წევრობის კანდიდატია”.

ჯაფარიძის თქმით, სერბეთის ბოლო მოვლენები მიანიშნებს იმაზე, რომ ამბიცია ევროკავშირის წევრობაზე და, ამავდროულად, პრაქტიკულად ერთპარტიული პარლამენტის არსებობა, ერთმანეთთან შეუთავსებელია. “ლელოს” ლიდერი ფიქრობს, რომ აუცილებელია, “საქართველომ სერბეთის გზა გაიაროს”, ამისთვის კი მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება.

კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ სერბეთისა და საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ კონტექსტს შორის თანხვედრის მაჩვენებელი საკმარისია მისი მაგალითის გადმოტანაზე სასაუბროდ, ჯაფარიძე ასე პასუხობს:

“მთავარი არის რა: ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაზე, რომელმაც უმძაფრესი პრობლემები გადაიტანა. ვფიქრობ, მაგალითი, რაც უნდა გადმოვიღოთ სერბეთიდან, არის ის, რომ იქ მოხდა შეთანხმება უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ვადამდელ არჩევნებზე.

იქ ახლა იწყება მოლაპარაკებები სხვა თემებზე შესათანხმებლად. სხვა თემებზე ჩვენ უფრო ახლოს ვართ შეთანხმების კუთხით ხელისუფლებასთან, მაგრამ ვერ შევთანხმდით ვადამდელ არჩევნებზე. სხვა მხრივ, რატომაც არა?.. ჩვენ უნდა გავიაროთ ის გზა, რომელსაც გადის სერბეთი, იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი”.

“ნეტგაზეთმა” ჯაფარიძეს ასევე ჰკითხა, აქვს თუ არა ოპოზიციას საკმარისი რესურსები იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” მხრიდან რიგგარეშე არჩევნების თეორიულ დაშვებაზეც არ არის საუბარი, პასუხად ის კვლავ აცხადებს, რომ თუ მმართველი პარტია უკან არ დაიხევს და ოპოზიცია პარლამენტს გარეთ დარჩება, ის, “რაც მოხდა სერბეთში, იქნება გარდაუვალი საქართველოშიც”.

“მაგრამ ეს უკვე შეთანხმებით კი აღარ მოხდება, არამედ მოხდება გარემოებების ზეწოლის გამო, რაც გაცილებით რთული იქნება ქვეყნისთვის”, – ამბობს “ლელოს” ლიდერი.

სერბეთის რიგგარეშე არჩევნებამდე თითქმის 1.5 წელია დარჩენილი. ჯაფარიძე ამ კუთხით პრობლემას ვერ ხედავს, ვინაიდან მიაჩნია, რომ საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებაზე მუშაობას დრო სჭირდება.

“ჩვენთვის თვითმიზანი კი არ არის მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ჩატარება, არამედ ის, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, ისეთი წესებითა და ისეთი საკანონმდებლო უზრუნველყოფით, რომ მისი შედეგები აღარ ბადებდეს არანაირ კითხვის ნიშანს”, – დასძენს ის.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, სერბ კოლეგებთან მომდევნო ჩართვისას “ლელოს” სურს, საქართველოს სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიწვიოს სესიაზე.

როდის წარმოუდგენია “ლელოს” ვადამდელი არჩევნების ჩატარება?

პარტიის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, შესაძლებლად მიაჩნია, რომ სერბეთის მსგავსად, საქართველოშიც საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს ჩატარდეს, სრულად პროპორციული მოდელით. ხაზარაძემ “მთავარი არხის” ეთერში აღნიშნა, რომ იდეალური იქნებოდა, ეს 2021 წელს მომხდარიყო, თუმცა ამის იმედი არ აქვს.

“გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის, რომ საარჩევნო კოდექსი და მთელი ეს გარემო შეიცვალოს. შეთანხმებასთან თითქმის ახლოს ვართ. ეს ერთადერთი საკითხია, სადაც დაემთხვა[“ოცნებისა” და ოპოზიციის ხედვები].

ეს მოხდა ხანგრძლივი საუბრების შემდეგ, [იქნება] ეს თითის ანაბეჭდები, ელექტრონული მანქანების გამოყენება და სხვა, რომელიც არის მიღწევა. ზოგიერთი ოპოზიციონერი ამბობს, რომ ეს არის შეთანხმება. ეს არ არის შეთანხმება. ეს არის ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი არის რიგგარეშე არჩევნები”, – დასძინა მან.

სერბეთში რიგგარეშე არჩევნები 2022 წლის აპრილშია დანიშნული: ტრადიციულად, სწორედ აპრილის თვეში ირჩევენ სერბები პარლამენტის ახალ შემადგენლობას, 4 წელიწადში ერთხელ. თუ სერბეთის მაგალითს ზუსტად გადმოვიტანთ, გამოდის, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

წამყვანის კითხვაზე, კონკრეტულად როდის წარმოუდგენია ხაზარაძეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება – 2022 წლის გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე – მან თქვა, რომ “ეს უკვე დეტალებია”.

“არჩევნები უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება მალე”

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნავენ, რომ რთულია, ოპოზიციამ რაიმე ალტერნატიული განრიგი წარმოადგინოს მაშინ, როცა უცნობია, კონკრეტულად რა კომპრომისზე მიდის “ქართული ოცნება”.

“…საერთოდ არ ვიცით, რა კომპრომისზე მოდის “ქართული ოცნება” და ჩვენ მიერ წარდგენილი 4 წინადადებიდან არცერთზე ჩანს სერიოზული კომპრომისის სივრცე, სადაც ისინი აპირებენ მანევრირებას. იყო საუბარი საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კონკრეტული დათმობა ჯერჯერობით ვერ დავინახეთ”, – ამბობს ხატია დეკანოიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გამომდინარე მმართველი პარტიის პოზიციის უცვლელობიდან, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნების საკითხზე, დეკანოიძე ფიქრობს, რომ სერბულ მოდელზე საუბარი “ცოტათი გაზვიადებულია”. მეორე მხრივ, ის დასძენს, რომ საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველაფერზე მსჯელობა შეიძლება და ამის პრობლემა არ დგას.

ხატია დეკანოიძე/ფოტო: Facebook

“რიგგარეშე ან ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება მალე, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებით და ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებით. ეს შეიძლება იყოს ის ჩარჩო, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია ვიმოძრაოთ.

ფრთხილად ვიქნები ოპოზიციური ერთობის მიმართ და არ გავაკეთებ კატეგორიულ განცხადებებს. უნდა ვიმსჯელოთ და ერთიანი პოზიციით მივიდეთ. ვიტყოდი, რომ 2022 წლის შემოდგომა, რა თქმა უნდა, გვიანია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, თუ ამასთან დაკავშირებით რაიმე განსჯადი საკითხი აქვს “ლელოს”, აუცილებლად მოვუსმენთ ოპოზიციურ ფორმატში”, – ამბობს დეკანოიძე.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, “არანაირი სერბული მოდელი არ არსებობს” და ეს მაგალითი ანდრიუს კუბილიუსმა მოიყვანა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან ნდობის არმქონე ხელისუფლების კომპრომისის საილუსტრაციოდ.

“ბატონ ხაზარაძეს მეც ვუსმინე. არანაირი ინიციატივით არ გამოსულა ის. უბრალოდ, შესაძლებელ ვარიანტებზე მსჯელობდა.

მე ვთვლი, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს სწრაფად, რადგან დროის გაწელვა სახიფათოა ქვეყნისთვის. ამაზე უფრო შორს წასვლას არ მივიჩნევ საჭიროდ”, – უთხრა ბოკერიამ მედიას.

ვუჩიჩის ფიგურა, EU-ს ბერკეტები და სხვა – განსხვავებები სერბულ-ქართულ კონტექსტს შორის

“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” თანადამფუძნებელი გიორგი რუხაძე “ნეტგაზეთთან” იმ მსგავსება-განსხვავებებზე საუბრობს, რომლებიც სერბულ და ქართულ კონტექსტზე საუბრისას მხედველობაშია მისაღები.

ერთ-ერთი თვალნათელი განსხვავება წინასაარჩევნო პროცესები და უშუალოდ არჩევნების დროს ოპოზიციის მოქმედებაა: საქართველოსგან განსხვავებით, სადაც გასული წლის 8 მარტს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე შეთანხმდნენ, სერბეთში საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებაზე მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია. პროტესტი უკვე დაწყებული იყო, ოპოზიციამ კი თავშივე ბოიკოტი გამოუცხადა ჯერ მოლაპარაკებებს, შემდეგ – არჩევნებს.

მეორე მხრივ, გიორგი რუხაძე ხაზს უსვამს განსხვავებებს როგორც ორი ქვეყნის საგარეო სტატუსს, ისე მათ გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებს შორის. ექსპერტს მიაჩნია, რომ სერბეთის მმართველ წრეებზე ზეწოლის ბერკეტები მეტი იყო, ვიდრე ეს საქართველოს შემთხვევაშია.

“პრეზიდენტი ვუჩიჩი გადახრილია ავტორიტარული მმართველობისკენ და რაღაც დოზით მონოპოლიურ მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენი მმართველისგან[ივანიშვილისგან] განსხვავებით, ის არაფორმალური მმართველი არ არის. ის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოველია. ანუ, პოლიტიკური ფიგურაა, ყველაზე გავლენიანი.  ასე რომ, ვუჩიჩზე პოლიტიკური ზეწოლა უფრო მარტივია დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც.

სერბეთი ევროკავშირის[წევრობის] კანდიდატი ქვეყანაა და მალე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებიც დაიწყება, სავარაუდოდ. ამ კონტექსტშიც მასზე გაცილებით დიდი გავლენა აქვს ევროკავშირს, ვიდრე საქართველოზე. სერბეთს დასაკარგიც მეტი აქვს. ვუჩიჩსაც, როგორც პოლიტიკოსსაც, მეტი დასაკარგი აქვს, ბუნებრივია”, – დასძენს ის.

რუხაძე ვუჩიჩის საპირისპიროდ ახსენებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც, მართალია, საჯარო თანამდებობაზე არ არის დასაქმებული,  “მაგრამ ყველამ იცის, რომ ის იღებს გადაწყვეტილებას”.

“ამასთან, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა სხვაგან არის. სერბეთი პოტენციური წევრია, საქართველო  მეზობელია, უბრალოდ. შესაბამისად, იმ ტიპის ბერკეტები, რაც ევროკავშირს აქვს სერბეთზე, საქართველოზე ვერ ექნება”, – აღნიშნავს რუხაძე.

“ერთადერთი გამოსავალი იქნება რიგგარეშე არჩევნები”

გიორგი რუხაძეს უჭირს თქმა, განმეორდება თუ არა საქართველოში 2022-ის სცენარი, თუმცა ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” ერთპარტიულ პარლამენტში დიდხანს ვერ გაძლებს.

“ის ფანჯარა, რომელიც ოპოზიციის პარლამენტში შესვლის სივრცეს ტოვებს, დაიხურება მაშინ, თუ “ქართული ოცნება” დააკმაყოფილებს დეპუტატების მხრიდან მანდატზე უარის თქმის განაცხადებს.

ჩვენ რასაც ვხედავთ, ის მაქსიმალურად წელავს ამ პროცესს, რათა რაღაც სივრცე დარჩეს მოლაპარაკებებისთვის”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, თუ ახლა შუამავალი ელჩები ოპოზიციას არწმუნებენ პარლამენტში შესვლის სისწორეში, მოლაპარაკებების ყველა შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ ვითარება შეიცვლება, ვინაიდან ისინი ყველანაირად ეცდებიან, ერთპარტიული პარლამენტის რისკი თავიდან აიცილონ:

“დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმიტომ მოუწოდებენ ოპოზიციას პარლამენტში შესასვლელად, რომ ეს[ერთპარტიული პარლამენტის] სტატუს კვო არ დადგეს. ახლანდელი გადასახედიდან ყველაზე მარტივი გამოსავალი ოპოზიციის შეყვანაა.

როდესაც ეს ფანჯარა დაიხურება, დასავლეთისთვის და ჩვენი მეგობრებისთვის ამოცანა ისევ იქნება ის, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში არ იცხოვროს საქართველომ. ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი საშუალება უკვე რიგგარეშე არჩევნები იქნება”.

გიორგი რუხაძე არ ელის, რომ რიგგარეშე არჩევნების კუთხით კომპრომისზე ხელისუფლება პანდემიის კრიზისის დასრულებამდე წავა. მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” რაიმე ხელჩასაჭიდი სჭირდება, რაზეც შეეძლება თქვას, რომ “ხელი შეავლო” და მოაწესრიგა.

ამის შემდეგ, ექსპერტის აზრით, გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის, საერთაშორისო პარტნიორების პოტენციურად ცვალებადი რიტორიკისა და ერთპარტიული პარლამენტის თანმდევი სირთულეების ფონზე, რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ “დროის საკითხი” იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი