ახალი ამბები

გარწმუნებთ, ოპოზიცია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას დაიწყებს – თალაკვაძე

27 დეკემბერი, 2020 • 916
გარწმუნებთ, ოპოზიცია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას დაიწყებს – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ ოპოზიცია საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობას დაიწყებს. ამის შესახებ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“გარწმუნებთ, რომ უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. ვიცი, რომ ეს ზოგიერთებს ძალიან ეწყინებათ, ამ ოპოზიციაში, რადიკალურ ნაწილს, მაგრამ, საბედნიეროდ, ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი მხარდამჭერების არჩევანს, რომლებიც პატივს სცემენ სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ამის გარშემო გავერთიანდეთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას მოლაპარაკებებისას შესთავაზეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერ პრეტენზია გადამოწმებულიყო, სამომავლოდ ერთად ჩაეტარებინათ საარჩევნო რეფორმა და მომზადებულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

“ჩვენი მთავარი შეთავაზება მოლაპარაკებების მაგიდასთან სამართლიანია: რაც წარსულს ეხება მოდით ერთად გადავამოწმოთ ნებისმიერი პრეტენზია, ხოლო რაც მომავალს ეხება – ერთად ჩავატაროთ შემდგომი საარჩევნო რეფორმა და მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის”,- განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, 2020 წლის არჩევნების მთავარი მიღწევაა, რომ საქართველოს ისტორიასი პირველად, არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა არჩევნები და პარლამენტში 9 პოლიტიკური პარტია მოხვდა.

ამასთან, მისი თქმით, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მეტი ქალი სევიდა პარლამენტში. ასევე, წინასაარჩევნო კამპანია “ბევრად უფრო პოზიტიურად და კონსტრუქციულ რეჟიმში” მიმდინარეობდა, ვიდრე წინა საარჩევნო კამპანიები, რის გამოც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასა “კონკურენტული, რომელიც ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი