ახალი ამბები

8 წლის გიგი სასამართლოს სთხოვს, არ დაუნგრიონ სახლი

18 დეკემბერი, 2020 • 2332
8 წლის გიგი სასამართლოს სთხოვს, არ დაუნგრიონ სახლი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  თბილისის საქალაქო სასამართლოს 8 წლის გიგი ჩანგელიას სახელით მიმართა მოთხოვნით, რათა მას სახლი არ დაუნგრიონ.

ორგანიზაციის ცნობით, 8 წლის გიგი ჩანგელია აფრიკის დასახლებაში შშმ მშობლებთან და 79 წლის ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ყველა მათგანი დევნილია.

„აქვთ პატარა სახლი, რომლის დანგრევის შემთხვევაში ისინი დარჩებიან გარეთ, ყინვაში. სახლის დემონტაჟი დაგეგმილია კვირა დილას“, – დაწერა ფეისბუკზე ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ანა არგანაშვილმა.

Posted by Anna Arganashvili on Friday, 18 December 2020

ამ სარჩელის შესახებ ნეტგაზეთთან ისაუბრა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემაც. მისი თქმით, 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის დემონტაჟი ნიშნავს, რომ ოჯახი, რომელშიც ორი შშმ პირი და ერთი მოხუცი ცხოვრობს, სიცივისა და პანდემიის პირობებში ქუჩაში რჩება.

„ეს არის ოჯახი აფრიკის დასახლებაში, ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, სადაც მათ თვითნებურად ააშენეს სახლი, სადაც ცხოვრობენ. აქ ცხოვრობენ მშობლები, ჰყავთ 3 შვილი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი – გიგი, რომელიც არის მოსარჩელე ჩვენს საქმეში და ჰყავთ ხანდაზმული ბებია.

მშობლები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ზოგადად, ოჯახი დევნილები არიან. უკიდურესი გაჭირვებაა ოჯახში, არანაირი სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი მათ არ გააჩნიათ და მათი ამ საცხოვრებელიდან გამოშვება ნიშნავს მათ ქუჩაში აღმოჩენას. ეს არის მთავარი პრობლემა“, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ანა აბაშიძე.

რაც შეეხება დემონტაჟს, ის გვიყება, რომ ოჯახმა 7 დეკემბერს მერიის თანამშრომლისგან მიიღო ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თუ მათ არ აქვთ მშენებლობის ნებართვა ან/და ვერ ადასტურებენ მშენებლობის კანონიერებას, მათი სახლის დემონტაჟი იგეგმება.

7 დეკემბრის შემდეგ, 14 დეკემბერს, ოჯახს დაურეკა მერიის იმავე თანამშრომელმა და უთხრა, რომ მათ საცხოვრებელი 20 დეკემბერამდე უნდა დაცალონ, ვინაიდან ამ დღეს იგეგემება შენობის დემონტაჟი.

„20 დეკემბრისთვის დაგეგმილი სახლის დემონტაჟის გამო აუცილებელი გახდა, რომ სასამართლოსთვის მიგვემართა და სასამართლოს გავლით დაგვევალებინა, რომ შეჩერებულიყო დემონტაჟი. სხვა შემთხვევაში დავას აზრი აღარ ექნებოდა. ეს არის დროებითი განჩინების მოთხოვნა, როდესაც დრო არ ითმენს და შეიძლება ისეთი ზიანი დადგეს, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელი იყოს – ანუ სახლი დაინგრეს.

ბავშვს აქვს უფლება მიმართოს საასამართლოს და სთხოვოს, რომ სასამართლომ შეაჩეროს კვირისთვის დაგეგმილი დემონტაჟი. სასამართლომ დღესვე უნდა იმსჯელოს ამაზე და პასუხი დღესვე გვეცოდინება“, – გვიხსნის ანა აბაშიძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ დემონტაჟი შეაჩერა, 10 დღის განმავლობაში ორგანიზაცია სასამართლოში ძირითად სარჩელს შეიტანს – „ჩვენ რადგან დრო არ გვაქვს ძირითადი სარჩელის დაწერისთვის. ვიყენებთ საშუალებას დროებითი განჩინების მოთხოვნით, როგორც კი დემონტაჟი შეჩერდება, 10 დღის ვადაში ძირითადი სარჩელით უნდა მივმართოთ სასამართლოს“.

ძირითადი სარჩელის მთავარი მოთხოვნა კი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაა.

„უნდა ვედავოთ მერიას, რომელიც დემონტაჟს აკეთებს ისე, რომ არ აკმაყოფილებს ოჯახს ალტერნეტიული საცხოვრებლით“ ,- ამბობს ის.

თბილისის მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მერიის მუნიციპალური ინსპექცია აგზავნის გამაფრთხილებელ წერილებს – „თუმცა აღსრულება, ანუ დემონტაჟი, თუ უკვე შესახლებული შენობაა, არ მოხდება“.


15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რათა შენობები არ დაენგრიათ, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.

მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.

თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

ამ თემაზე გირჩევთ:

“სახელმწიფოს მათთვის არ სცალია” – ინტერვიუ ბავშვებზე აფრიკის დასახლებიდან

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

მასალების გადაბეჭდვის წესი