ახალი ამბები

“პანდემიამდე გათენება მიხაროდა” – როგორ შეიცვალა ქუჩის მუსიკოსის ცხოვრება

28 დეკემბერი, 2020 • 2658
“პანდემიამდე გათენება მიხაროდა” – როგორ შეიცვალა ქუჩის მუსიკოსის ცხოვრება

“სულ ვმეცადინეობ, იქნებ ხვალ-ზეგ ქვეყანა გამოცოცხლდეს” – ამბობს მუსიკოსი ჯაბა ნონიაშვილი კოვიდ 19-ის პანდემიის დროს.  მანამდე ის ყოველდღიურად კასპიდან თბილისამდე ათეულობით კილომეტრს გადიოდა, რათა ქუჩაში გამვლელთათვის დაეკრა.  ახლა თავის ისტორიას გვიზიარებს “ნეტგაზეთის” სერიისთვის “ადამიანები პანდემიის დროს” .

ყოველი დღის გათენება მიხაროდა

პანდემიამდე ყოველი დღის გათენება მიხაროდა, ყოველდღე მუსიკაში ვიყავი ჩაფლული, ჩემს დონეს ვიმაღლებდი, რომ უფრო კარგი მუსიკა მიმეწოდებინა მსმენელისთვის. ქუჩაში უამრავი მსმენელია და ყველა სტილი უნდა შეისწავლო. რამდენი ადამიანიც გამოივლის, იმდენი რამე უნდა დაუკრა. კონცერტზე უფრო ადვილია დაკვრა, იმიტომ, რომ შენი პროგრამა გაქვს და ქუჩაში რამდენი ადამიანიც გამოივლის და რამდენი გემოვნებაც არის, ყველაფერი დახვეწილი უნდა გქონდეს. რომ გეტყვის ბლუზი მინდა, ჯაზი მინდა, როკი მინდა, ზოგს ქართული უნდა … ყველაფერი უნდა იცოდე.

ჩვენ მაინც ტურისტებზე ვართ დამოკიდებული. ქართველი ხალხი მაინც გაჭირვებულია, ქუჩაში ფეხით ძირითადად სტუდენტები და გაჭირვებული ხალხი დადის. ვისაც კარგი ცხოვრება აქვს, ის მანქანით მოძრაობს და არც გამოდის ქუჩაში. რამდენიმე ნაცნობი გიდი მყავდა და ბალტიისპირეთიდან, უკრაინიდან რომ ჩამოდიოდნენ ტურისტები, მოჰყავდათ ხოლმე ჩემთან და აღტაცებულები იყვნენ. მიხაროდა, რომ მაქებდნენ, ამ დროს მეტი სტიმული გაქვს.

ერთი გიტარა მქონდა და ორი ვიყიდე, მზად ვიყავი — ერთი გიტარა ჯაზისაა, მეორე ბლუზისაა… მეთქი დღეს ბლუზის დღე მექნება, ხვალ ჯაზის, როკის დღე მექნება… გეგმები დავსახე, მაგრამ რად გინდა…

ძალიან დიდი მუშაობა მიწევდა, მაგრამ ისეთ გასამრჯელოს ვიღებდი, რომ მსიამოვნებდა. ყოველდღიური პურის ფული მქონდა და ცხოვრება მიხაროდა. სტაბილურად მქონდა ჩემი შემოსავალი. როცა მთავაზობდნენ, არც მაწყობდა კაფეებში დაკვრა, ქუჩაში უფრო თავისუფალი ვიყავი, რასაც მინდოდა, ვუკრავდი და ჩემი თავის უფალი ვიყავი, რომ იტყვიან. რესტორანში და ბარში რომ ხარ, დირექტორზე ხარ დამოკიდებული, მენეჯერი რასაც გეტყვის, იმის დაკრულზე უნდა იარო. ასე მერჩივნა –  როცა მინდოდა,მივდიოდი და მოვდიოდი.

ახლა ისეთ ასაკში ვარ, 65 წლამდე პენსიაში ვერ გავალ, არც სამსახურში მიმიღებენ. ათასში ერთხელ მქონდა ხოლმე შემოთავაზება კინოსტუდიიდან, ხან რეკლამაში მიღებდნენ და მიხაროდა. ახლა, პანდემიის შემდეგ, ერთხელ გავედი ქუჩაში და კაციშვილი არ დადის.  ვინც დადის, ისე გაუჭირდა ხალხს, რომ ჯერ ფული არც აქვთ და რომ მაძლევდნენ,  მე თვითონ მრცხვენოდა. იმდენ ფულს ვიღებდი, რომ აზრი დაკარგა ჩემმა სამსახურმა, ვზივარ სახლში, ვერაფერს ვერ ვაკეთებ.

სახელმწიფოსგან ვერ ვიგრძენი, რომ მე სახელმწიფოში ვცხოვრობ

თბილისში,  მოსწავლე-ახალგაზრდობის  სახლის წინ რომ გაივლი, პარლამენტის გვერდზე, მიტინგის მეტი რომ არაფერია, სულ სიცარიელეა. იქ რომ დავიწყებდი ხოლმე დაკვრას, სულ სხვა სიტუაცია იყო.  ახლაც მწერენ თბილისელები, როდის გამოჩნდებით, რა კარგი იყო თქვენ რომ იყავით, ქალაქში სიცოცხლე იყოო… ახლა მკვდარია ის ადგილი.

რომ დავწერო, დღეს, 4 საათზე დავუკრავ-მეთქი, შეიძლება, ვინც მიცნობს თბილისში და პატივს მცემს, მოვიდეს. მაგრამ რამდენჯერაც წავედი დასაკრავად,  აზრი დაკარგა, წამოვედი და ვზივარ სახლში.  სახლში ვერაფერს მოვიტან, ავიღებ ბენზინის ფულს, რაც გზაში მჭირდება და არადა,  რაღაც ხომ უნდა დაგრჩეს. ადრე იყო შემთხვევები, რომ 280 ლარი დამრჩენია 3 საათში. ბოლოს რომ ვიყავი, სადღაც ორი თვის წინ, 5 ლარი დამრჩა. ზუსტად იმდენი ავიღე, რამდენიც გზაში დავხარჯე და ისიც გამიკვირდა, რომ ხალხი მაძლევდა ფულს.

ახლა ფაქტიურად ჩემი შშმ შვილის პენსიით ვცხოვრობთ. მას რომ არ ჰქონდეს პენსია, ხომ არ მოვიპარავ, ისეთი კაცი არ ვარ, ვიღაც გავძარცვო და ბანკები ვტეხო. ომის მონაწილე ვარ, 22 ლარი მაქვს ომის მონაწილეობის და ეს 10 თვეა თუ რამდენიცაა, რაც დაიწყო ეს პანდემია და ჩაკეტვები, მხოლოდ ესაა ჩემი შემოსავალი. პენსიის ასაკამდე 8 წელი მაქვს და 22 ლარზე უნდა ვიყო.

სახელმწიფოსგან ვერ ვიგრძენი, რომ მე ამ სახელმწიფოში ვცხოვრობ. საერთოდ, გამოდის, რომ მუსიკოსს არ თვლიან პროფესიად და მუსიკა არ არის არაფერი. იმიტომ, რომ მაგით ვცხოვრობ, ეგ არის ჩემი შემოსავალი. გამოდის, რომ თვითდასაქმებული ვარ. აუცილებელი ხომ არ არის მწვანილი გავყიდო და კარტოფილი, მე ჩემს მუსიკას ვყიდი ქუჩაში და ხალხს სიამოვნებს.

მე ჩემს თავს ვასაქმებდი, ფულს ვშოულობდი და მაგითი ვცხოვრობდი. თვითდასაქმებულია ხომ ეს, აბა, არ არის? მაგრამ მივედი სოცუზრუნველყოფაში. ეგ სახელმწიფო სამსახური არ არისო. სახელმწიფო სამსახური რა შუაშია, თვითდასაქმებული ვარ. საბუთი მომიტანეო, მე ვუთხარი, შედით ინტერნეტში, ქუჩაში გადაღებული მუსიკები დევს და ნახეთ, სადაც ვმუშაობ-მეთქი. საბუთი ვის დავაწერინო? რა სისულელეა, ხომ? ასევე იქ ხალხი არიან, რომლებიც ხელნაკეთ რაღაცებს ყიდიან, ნახატებს… თვითდასაქმებულები არიან, ხომ რაღაცებს აკეთებენ, არავის არ მისცეს არაფერი და აბა, ვიღას მისცეს?

გამოუვალი მდგომარეობა მაქვს. უკვე იმ დღეს ვაპირებდი, გიტარები დავდო და გავყიდო. ყველაფერი, რაც მაქვს ნაყიდი გულითა და სულით, არაფერში აღარ მადგება, რომ თავი გავიტანო. [გიტარის] კომბი გამოვიტანე განვადებით, ახლაც ვიხდი ინგას [ შვილის] პენსიით.

ვერც საზღვარგარეთ მივდივარ –  მაგის საშუალებაც არ მაქვს, რომ წავიდე, თორემ აქ არ გავჩერდები. საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და ჩემი ასაკის ხალხმა რუსული იცის, ინგლისური არ ვიცით და ენის ბარიერი მაქვს. ძნელია ახლა ენა იმ დონეზე ვისწავლო, რომ მარტო წავიდე, ვიღაც რომ გამომიჩნდეს და მიდიოდეს, არც კი დავფიქრდები, გავიქცევი აქედან.

როცა უკვე გამოუსადეგარი ხარ, ძაან ძნელია. ძნელია, როცა გაქვს პოტენციალი, ენერგია და ვერ ხარჯავ. როცა არაფერი შეგიძლია,  სხვაა, მაგრამ როცა შეგიძლია რაღაც გააკეთო და ვერაფერს აკეთებ, ხელები გაქვს შეკრული, საშინელებაა. თან ახლა ისეთ  ასაკში ვარ, რომ ჩემთვის ყოველი წუთი ოქროსია და მინდოდა, რომ ეს წლები მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი პოტენციალი და ახლა მოკვდა.

სულ ვმეცადინეობ, იქნებ ხვალ-ზეგ ქვეყანა გამოცოცხლდეს

რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, ვნერვიულობ და განვიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ ყველა ადამიანს ხომ აქვს ჰობი ცხოვრებაში, რითიც უნდა ისუნთქოს, რითიც უნდა იარსებოს, მარტო ეკონომიკურად კი არა. სანამ ახალგაზრდა ვიყავი, კარატეზე ვიყავი და იმით ვცხოვრობდი და ვცოცხლობდი, ახლა ამ მუსიკით ვცოცხლობ. მე თუ არ დავუკარი და თუ არ გავაკეთე, გარეთ გავალ თუ არა, მე მაინც ეს უნდა ვაკეთო.

არც მეზარება მუშაობა, სახლშიც სულ ვმეცადინეობ, რაღაცას ვაკეთებ. ვფიქრობ, ხვალ-ზეგ იქნებ რაღაც მოხდეს ისეთი, რომ გამოცოცხლდეს ქვეყანა, რაღაც შეიცვალოს… უფრო მეტად ვმუშაობ ჩემს თავზე. იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მუსიკოსის ტექნიკა იზრდება, იხვეწები, თითები უფრო სხვანაირად მუშაობს, ახლა სამჯერ უკეთესად ვუკრავ, ვიდრე მაშინ, როცა ძალიან მოვწონდი. მე თვითონ მსიამოვნებს.

გუშინ რომ რაღაცას აკეთებდი და დღეს ორჯერ უკეთესად აკეთებ, რომ ებრძვი ამ შენს თავს, ეგ არის ცხოვრების აზრი. ამბობენ, საკუთარ თავს თუ მოერევი, ყველაზე ძლიერი ხარო. საკუთარი თავის მორევაა მუსიკებს, რომელსაც ვერც კი  წარმომედგინა რომ დავუკრავდი, ჩამოვჯდები კომპიუტერთან და ვაწყობ. მერე რამდენიმე დღეში ისეთი ადვილი ხდება ეს ყველაფერი. შენ თავთან ბრძოლა არის ის, რომ ცოცხლობ.  შენ თუ გაჩერდი ერთ ადგილზე, უკან მიდიხარ, ან წინ უნდა იარო, ან უკან მიდიხარ, არ არსებობს, რომ გაჩერდე და დაპაუზდე. ამიტომ არ უნდა დაკმაყოფილდე ადამიანი იმით, რაც ხარ, რაღაც დონე ყოველდღე უნდა აიმაღლო. არ უნდა გაჩერდე, თორემ უკან წახვალ და ქუჩაში კონკურენცია ძაან მაღალია, როგორც ყველა სფეროში. მე იმ ადგილზე რომ ვდგავარ, ხვალ-ზეგ ვიღაც მოვა ჩემზე მაგარი გიტარისტი და ის რომ დაუკრავს, მე იქ სირცხვილით ვეღარ მივალ. ამიტომ მე უნდა ვიყო იმის ღირსი, რომ ქალაქის ცენტრში დავუკრა.

ძაან დიდი შრომა უნდა ამას, ისეთი დღეები მქონია, თითებს რომ ვეღარ ვადებ სიმს, უკვე ალერგიას რომ გაძლევს, რკინაზე ამდენი ხახუნით მაზოლები ჩნდება და საშინელი ტკივილებია. მაგრამ როცა ხალხის ღიმილია, გაქებენ, შემოსავალიც არის… გსიამოვნებს და სტიმულიც გემატება. წარმოიდგინე, სცენაზე რომ გამოვიდეს მსახიობი, სპექტაკლი ჩაატაროს და ტაში არ დაუკრან.

ახლა წარმოდგენილი მაქვს, ტურისტები რომ იყვნენ, ჩვეულებრივი ცხოვრება იყოს, რასაც ვშოულობდი, სამჯერ და ოთხჯერ მეტს ვიშოვი. ძაან დავხვეწე ტექნიკა.

ყველაფერი მენატრება, მსმენელიც მენატრება, ქუჩაში გავლაც, ის გახარებული სახეებიც მენატრება, ის ტურისტიც… 100 ქართველი რომ გამოივლიდა და ერთი ტურისტი, მისი ენერგია მეტი იყო, ვიდრე 100 ქართველის. იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი სულ დაბღვერილი დადიოდა, გამოივლიდნენ და ზოგი არც გისმენდა, ფულს ისე გიგდებდა. მაგრამ ტურისტი რომ გხედავს, მოდის, გისმენს, გრძნობს და უხარია, მათი ენერგია სულ სხვანაირია. ეს მენატრება, ტიპს რომ სახე გაუნათდება, რაღაცას რომ ვუკრავ.

მომავლის იმედი რომ არ მქონდეს, თავს მოვიკლავ. მე ვიცი, რომ მოვა დრო და  ეს ჩემი შრომა მაინც დაფასდება. როცა გავალ, იმ დონეზე ვიქნები, რომ  ეს დაკარგული ფულია თუ რაც არის, ყველაფერს უცბად ამოვიღებ. წარმოდგენილი მაქვს. მთავარია, საზღვრები გაიხსნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი