ახალი ამბები | , , ,

“ISFED “შეცდომით” ქვეყანას ატრიალებდა და დღეს სურთ ეს ადამიანური შეცდომით გაამართლონ” – მდინარაძე

25 დეკემბერი, 2020 | | 498
“ISFED “შეცდომით” ქვეყანას ატრიალებდა და დღეს სურთ ეს ადამიანური შეცდომით გაამართლონ” – მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ეჭვობს, რომ “სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური დათვლის შედეგები განზრახ გააყალბა, რის უკანაც “რადიკალური ოპოზიციის” წარმომადგენლები დგანან. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მდინარაძის თქმით, ISFED-ის გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მხრიდან შეცდომა წარმოუდგენელია და ორგანიზაციის პარალელური დათვლის მონაცემებში იყო მანიპულაციები:

“პირველ რიგში, უნდა გამოვეხმაურო ISFED-ის და მისი უკვე ყოფილი ხელმძღვანელის და სხვა პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. პრაქტიკულად, გამოდის, რომ ეს ხალხი თავისი “შეცდომით” ქვეყანას ატრიალებდა, ცესკოს გაყალბებას აბრალებდა და დღეს ცდილობენ ეს ყველაფერი ადამიანური შეცდომით და შემთხვევითობით გაამართლონ, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და ამავდროულად დაუჯერებელია.

იქ არის ელემენტარული არითმეტიკით განსჯადი, დათვლადი, რომ იყო მარტივი მანიპულაცია, ციფრებში მიხვდებოდი ადამიანი, როგორც კი ჩახედავდი, რომ იქ რაღაც რიგზე არ იყო. შესაბამისად, რატომ აწყობდა, ვის აწყობდა, ვინ ჩაერია, ამასთან დაკავშირებით შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ეჭვები გამოვთქვათ, მაგრამ ფაქტია ერთი – ნაცვლად არჩევნებისა ქვეყანაში თურმე გაყალბებულა პარალელური ხმის დათვის მონაცემები”, – აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, მას არ სჯერა, რომ პარალელური დათვლის შედეგებში შესაძლოა ადამიანური შეცდომა ყოფილიყო და დარწმუნებულია, რომ ეს შედეგები განზრახ გაყალბდა, რაშიც “რადიკალური ოპოზიციის” წარმომადგენლები იყვნენ ჩარეული.

ასევე, მდინარაძის თქმით, ISFED-მა დღევანდელ ბრიფინგზე “უგუნური განცხადება” გააკეთა, რომლის მიხედვითაც შეცდომაში მონაწილეობდნენ NDI-ის ექსპერტები.

“ისრები გადააქვთ ამერიკელ ექსპერტებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში პროფესიონალურად ითვლიან ხმებს არამხოლოდ საქართველოში, და ახლაც მცდელობა მიდის, რომ ამერიკელ ექსპერტებზე გადავიდეს ისრები, თითქოს მათ დაუშვეს ეს შეცდომა და ცდილობენ, რომ ეს სიბინძურე გადააბრალონ ამერიკელ ექსპერტებს. ეს ძაან ნიშანდობლივია და შემთხვევითობის აქაც არ მჯერა”, – განაცხადა მდინარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ პარალელურ დათვლაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო თავის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავდა. ის ამბობდა, რომ ორგანიზაციამ მაქსიმალურის გაკეთება შეძლო იმისათვის, რომ მაღალი სტანდარტი დაეცვა.

ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

ხარვეზზე პასუხისმგებლობა ISFED-ის PVT კოორდინატორს და NDI-ის ექსპერტებს ეკუთვნის – გამგეობა

მასალების გადაბეჭდვის წესი