ახალი ამბები

ხარვეზზე პასუხისმგებლობა ISFED-ის PVT კოორდინატორს და NDI-ის ექსპერტებს ეკუთვნის – გამგეობა

25 დეკემბერი, 2020 • 1382
ხარვეზზე პასუხისმგებლობა ISFED-ის PVT კოორდინატორს და NDI-ის ექსპერტებს ეკუთვნის – გამგეობა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) გამგეობის წევრებმა – თამარა სართანიამ და ბაია პატარაიამ – ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის (PVT) მონაცემებში შეცდომის შესახებ სპეციალური კომისიის მოკვლევის დასკვნა წარმოადგინეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის პარალელური დათვლის წინასწარი შედეგები “სამართლიანმა არჩევნებმა” 1-ელ ნოემბერს გამოაქვეყნა PVT-ის წინასწარი შედეგები, რომელიც სამი პარტიის შემთხვევაში აცდენილი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულ შედეგებს (აცდენა იყო სხვა პარტიების შედეგებშიც, თუმცა ცდომილების ზღვარის ფარგლებში).

11 ნოემბერს ISFED-მა ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა და პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს დაემთხვა.

ISFED-ში შეიქმნა ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ცდომილების მიზეზის მოკვლევის კომისია, რომლის დასკვნითაც ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება. შესაბამისად, ელენე ნიჟარაძე აღარ არის “სამართლიანი არჩევნების” დირექტორი, რაც გამგეობის ინფორმაციით, კონსენსუსის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა.

კომისიის დასკვნით, შეცდომა მდგომარეობდა ხმების დათვლის ფორმულაში, რომელიც სერბეთში 2020 წლის ივნისში ჩატარებულ PVT-ის მეთოდოლოგიას ეყრდნობოდა და ბათილი ბიულეტენებსაც ითვლიდა, მაშინ როცა საქართველოს კანონმდებლობით კი, ბათილი ბიულეტენები შედეგებში არ აისახება. გამგეობის ცნობით, ISFED-ს პარალელური დათვლის ჩატარებაში ტექნიკურ დახმარებას NDI უწევს, რომლის ექსპერტები, რომლებიც წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული, რომ ბათილი ბიულეტენები არ ითვლებოდა.

“კითხვა დაისვა, როგორ მოხდა, რომ 2016 წელს სწორად დათვალა ფორმულამ და ახლა შეცდომა იყო ფორმულაში. საქმე იმაშია, რომ 2020 წლის პროგრამული უზრუნველყოფა არ ემთხვევა 2016 წლის „სოფტს“, რადგან ოთხი წლის განმავლობაში ეს მეთოდოლოგია გამოიყენება სხვა ქვეყნებში, იხვეწება, ემატება ფუნქციები, ანუ ყოველი შემდგომი PVT ეყრდნობა არა იმავე ქვეყანაში გამოყენებულ PVT-ს, არამედ ყველაზე ბოლოს სადაც იყო ეს PVT გამოყენებული. ამ შემთხვევაში [სერბეთში]. მოხდა „სოფტის“ დაფუძნება ისეთი ქვეყნის PVT-ის „სოფტზე“, სადაც ბათილი ბიულეტენები ითვლებოდა საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშებით”, – განაცხადა “სამართლიანი აღჩევნების” გამგეობის თავმჯდომარემ თამარა სართანიამ.

მისი თქმით, „ისფედი“ PVT-ის არ აკეთებს დამოუკიდებლად, ამისთვის ქირაობს NDI-ის ექსპერტებს და მათთან ერთად აკეთებს პროგრამულ უზრუნველყოფას და უბნების შერჩევას.

“NDI ეხმარება „ისფედს“ მონაცემების ანალიზში, თუმცა საბოლოო პროდუქტზე პასუხისმგებელია „ისფედი“, რადგან ის არის დამკვეთი. ამ პროცესის დროს მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ამიტომ ვინც არ უნდა წერდეს პროგრამულ „სოფტს“, თუ სწორი დავალება არ მიაწოდე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, პროგრამულ „სოფტს“ ვერ დაწერენ. პროგრამამ აღმოაჩინა, რომ იყო შემდეგი ხარვეზი – ლოგიკური ამოცანების ნუსხა „ისფედმა“ მიაწოდა NDI-ის ექსპერტებს, თუმცა წერილობით არ იყო ინფორმაცია მიწოდებული იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოთვლა“, – განაცხადა სართანიამ.

“ისფედის” აწ უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ეს საკითხი ექსპერტებთან განხილული იყო ზეპირი კომუნიკაციის დონეზე, კითხვები არ დასმულა და არ ჩაითვალა, რომ წერილობით იყო საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რომ ბათილი ბიულეტენები არ დათვლილიყო.

ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ცდომილების მიზეზის მოკვლევის კომისიის შედეგების თანახმად:

  • ISFED-ს PVT-ის ჩატარებაში ტექნიკურ დახმარებას უწევს NDI (ვაშინგტონის ოფისი) ეს დახმარება 2020 წლის არჩევნებისთვის მოიცავდა PVT-ის განხორციელებისა და ანალიზის მხარდაჭერას, მათ შორის არჩევნების დღისთვის SMS და ინციდენტების ბაზების მომზადებას. ასევე, არჩევნების დღეს PVT ცენტრის და მონაცემთა ბაზის მართვას, მიღებული მონაცემების დამუშაბას და ანალიზს ISFED-თან ერთად.
  • SMS და ინციდენტების ბაზის განახლება ხდება NDI-ის ექსპერტების მიერ ISFED-თან განხილული ინფორმაციის საფუძველზე. ამ ინფორმაციის საფუძველზე ხდება, მაგალითად, კონკრეტულ ქვეყანაში ხმების დათვლის ფორმულის დაზუსტება, ასევე, საარჩევნო პროცესში უზუსტობების დამდგენი ლოგიკური ამოცანების შედგენა.
  • ISFED-მა NDI-ის ექსპერტებს წერილობით მიაწოდა ლოგიკური შეცდომების ნუსხა, თუმცა ეს ნუსხა არ შეიცავდა კონკრეტულად საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მოპოვებული ხმების დათვლის ფორმულას. კომისიამ უტყუარად ვერ დაადგინა, განხილული იყო თუ არა ბათილი ბიულეტენების დათვლის საკითხი ზეპირი შეხვედრების დროს.
  • უშუალოდ არჩევნების დღემდე PVT-ის სმს და ინციდენტების ბაზის გამოცდის მიზნით “ისფედი” ატარებს არჩევნების დღის სიმულაციას, თუმცა ეს პროცესი არ მოიცავს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების დათვლის სიმულაციას. შესაბამისად, კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, PVT-ის ტესტირების პირობებშიც კი, “ისფედი” ვერ აღმოაჩენდა შეცდომას ხმების დათვლის ფორმულაში.
  • კომისიამ განიხილა PVT-ის სოფტში ცვლილებების არაკეთილსინდისიერად განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა კომისიამ ვერ მოიკვლია ამის მიმანიშნებელი ერთი ფაქტიც კი, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ საუბარი სცენარზე, თითქოს PVT-ის მონაცემების აცდენა ცესკოს მონაცემებთან წინასწარ იყო დაგეგმილი, უსაფუძვლოა.
  • ჩატარებული გასაუბრებების და დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზი არის ადამიანური შეცდომა, რომლის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნის ISFED-ის PVT კოორდინატორს/დირექტორის მოადგილეს და NDI ვაშინგტონის ოფისის  ექსპერტებს.
  • თავდაპირველად ფორმულაში აღმოჩენილი შეცდომის შესახებ ISFED-ის შიგნით მხოლოდ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ და მისმა მოადგილემ თამარ ბართაიამ იცოდნენ.

გამგეობის წევრის ბაია პატარაიას თქმით, ორგანიზაცია უკვე ატარებდა შიდა აუდიტს, როცა ეუთო-ს ექსპერტმა დარეკა და დასვა კითხვა, შემთხვევით ბათილი მონაცემების ბიულეტენები ხომ არ იყო მითვლილი PVT მონაცემებში. მისი თქმით, კითხვა პირველად ნოემბრის შუა რიცხვებში გაჩნდა, ხოლო ISFED-ს უკვე ნოემბრის ბოლოსთვის ჰქონდა სრული სურათი, მენეჯმენტი აცნობიერებდა ცდომილების საზოგადოებისთვის გაცნობის აუცილებლობას, თუმცა ვინაიდან ცდომილება იყო მაქსიმუმ 1.7% და მათი აზრით, არ ახდენდა გავლენას მანდატების განაწილებაზე, განცხადების გამოქვეყნება აუდიტის პროცესის დასრულებამდე გადაიდო, როცა ასევე ყველა სხვა შესაძლო მონაცემი გადამოწმდებოდა.

თავდაპირველად დეკემბრის დასაწყისში აპირებდნენ შეცდომის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა მოგვიანებით, აღმასრულებელმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, PVT-ის საბოლოო შედეგები საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულიყო.

კომისიამ მიიაჩნია, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა ვერ გაითვალისწინა არსებული პოლიტიკური კონტექსტი და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებას, რითიც რისკის ქვეშ დააყენა ორგანიზაციის რეპუტაცია და, ზოგადად, PVT-ის მეთოდოლოგიის სანდოობა.

თავად გამგეობის წევრებმა, პატარაიას თქმით, ხარვეზის შესახებ 9-11 დეკემბერს, მედიაში ინფორმაციის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე გაიგეს.

ამასთანავე, კომისიის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ისევე როგორც ელენე ნიჟარაძის მტკიცებით, არ იკვეთება აღმასრულებელ დირექტორზე ზეწოლის ან დაშინების მცდელობა.

რაც შეეხება იმას, თუ საიდან გაიგო შეცდომის შესახებ “ისფედის” აღიარებამდე “ქართულმა ოცნებამ”, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არ იციან — არც ფარულ მიყურადრებას გამორიცხავენ და არც იმას, რომ “ქართული ოცნების” რესურსების მქონე პარტიას შედეგები მალევე გადაეთვალა და გადაემოწმებინა.

“რაც შეეხება გამოძიების დაწყების შესაძლებლობას, ძალიან სასაცილოა. არ ვიცი, რა მუხლით უნდა დაიწყონ გამოძიება, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს კიდევ ერთი დეტალია, რითაც “ქართული ოცნება” სპეკულაციას ახდენს და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს“,- განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა PVT-ის დათვლის კოორდინატორ თამარ ბართაიას, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა თქვა რომ ეთანხმება გამგეობის დასკვნას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი