ახალი ამბები |

“შრომის უფლებების დაცვის სტანდარტი მდიდარ ქვეყნებში ერთია, ჩვენთან ოდნავ სხვა” – გახარია

24 დეკემბერი, 2020 | | 768
“შრომის უფლებების დაცვის სტანდარტი მდიდარ ქვეყნებში ერთია, ჩვენთან ოდნავ სხვა” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დეპუტატის კითხვის საპახუსოდ აცხადებს, რომ შრომის უფლებების ნაწილში ქვყეანამ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ერთადერთ საფრთხეს ხედავს, რაც არის ბალანსის დარღვევა დასაქმებულთა უფლებებსა და დამსაქმებელთა ინტერესებს შორის.

გახარია აცხადებს, რომ შრომის უფლებების დაცვის სტანდარტი მდიდარ ქვეყნებსა და საქართველოში ერთმანეთისგან განსხვავებულია. პრემიერის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ დასაქმებულთა უფლებები სახლემწიფომ არ უნდა დაიცვას, თუმცა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა ახსოვდეს დამსაქმებლის ინტერესებიც:

“შრომითი უფლებების ნაწილში ქვეყანამ ბოლო 1 წლის მანძილზე დიდ პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო დონეზეც და შრომის ინსპექცია, გარდა იმისა რომ აშკარად პროგრესირებს, პანდემიასთან ბრძოლაშიც წამყვანი როლი შეასრულა. როცა კითხულობთ, რაიმე საფრთხე ხომ არ არსებობს, ერთადერთი საფრთხეა, რომ ბალანსი დაგვერღვეს. ისე არ უნდა გავაკეთოთ, ეკონომიკის ინტერესები დაგვავიწყდეს. შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი ეკონომიკურად განვითარებულ მდიდარ ქვეყნებში ერთია და საქართველოში ოდნავ სხვა.

ეს არ ნიშანვს, რომ შრომის უფლებები არ უნდა დავიცვათ. სისტემურად, ინსტიტუციონალურად უნდა დავიცვათ, ამიტომ იქნა ეს საკანონმდებლო ცვლილებები მიღებული და ამიტომ ჩამოყალიბდა შრომის ინსპექცია, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როდესაც აუცილებლად დავიცავთ და ვიცავთ ჩვენი დასაქმებულების უფლებებს, უნდა გვახსოვდეს დამსაქმებლების ინტერესებიც, სხვანაირად უბრალოდ შევალთ ჩიხში და შრომითი უფლებების ნაწილშიც პრობლემები გაგვიჩნდება. ეს ბალანსი უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს ბალანსი თუ გაგვექცა, ეს იქნება პრობლემა”, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად 104 ადამიანი დაიღუპა, 368 ადამიანი კი დაშავდა. უწყების მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2018 წელს საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 59, ხოლო დაშავდა 199 დასაქმებული, 2019 წელს კი დაიღუპა 45 და დაშავდა 168 დასაქმებული.

გარდა შრომის უსაფრთხოებისა, სხვა ტიპის დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი. მაგალითისთვის, “ქალთა მოძრაობის” გნაცხადებით, საქართველოში ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობა, 2019 წლის მონაცემებით, 36%-ს შეადგენდა.

ამასთან, მშრომელთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს EMC პანდემიის პირობებში. ორგანიზაციის განცხადებით, სისტემატური სახე მიიღო წინასწარი შეტყობინებისა და სათანადო კომპენსაციის გარეშე ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებამ, უხელფასო შვებულებაში დასაქმებულების იძულებით გაშვებამ, ხელფასის თვითნებურმა შემცირებამ თუ ანაზღაურებაზე უარის თქმამ.

გარდა ამისა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ უფლებების დარღვევა კვლავ ხშირია სამთო-მოპოვებით და მძიმე ინდუსტრიებში. ორგანიზაციის შეფასებით, ტყიბულის შახტებში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ელემენტარული სტანდარტების დაცვა მოუგვარებელი პრობლემაა და მეშახტეები დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ ყოველდღიურად რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

EMC-ს განცხადებით, კანონმდებლობას ხშირად უგულებელყოფენ სერვისის სექტორშიც, მათ შორის, სუპერმარკეტებში, სადაც დასაქმებული კონსულტანტებისთვის კვლავ პრობლემად რჩება დაურეგულირებელი სამუშაო საათები, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, შესვენების და დასვენების დროების არარსებობა, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ფუნქციების შეთავსება და სხვა ღირსების შემლახავი პრაქტიკა. გარდა ამისა, კონსულტანტებს უწევთ საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობა და ხშირად იმყოფებიან სტრესის ქვეშ აგრესიული კლიენტებისგან არასათანადო დაცვის გამო. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს კი წლის დასაწყისში კონსულტანტი გარდაიცვალა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი