ახალი ამბები

როგორი ხარვეზებიც არ უნდა ჰქონდეთ ინსტიტუტებს, მოვუწოდებთ ოპოზიციას პარლამენტში იბრძოლონ— დეგნანი

23 დეკემბერი, 2020 • 1557
როგორი ხარვეზებიც არ უნდა ჰქონდეთ ინსტიტუტებს, მოვუწოდებთ ოპოზიციას პარლამენტში იბრძოლონ— დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც იგივე ტიპის დარღვევები იყო, რაც 30 წელია საქართველოში არჩევნებს თან ახლავს. ამის შესახებ მან “ფორმულასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველი ამომრჩევლები ერთი და იგივე სახის დარღვევების ნახვით დაიღალნენ.

“მოდით, გულახდილები ვიყოთ. თითქმის იგივენაირი დარღვევებია ბოლო 30 წელია: ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, კარუსელები. წლების განმავლობაში ამაზე მიუთითებდნენ ოდირისა და ეუთოს დამკვირვებლები თავიანთ დასკვნებში.

ქართველებს სურთ, რომ მათი ხმები დაითვალონ. სურთ, რომ შეიცვალოს სისტემა. ეს გვინდა ჩვენც. სწორედ ამიტომ, წლებია შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს საარჩევნო რეფორმის ძალისხმევას. მათ შორის შარშან ზაფხულშიც აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტთან საარჩევნო რეფორმის პაკეტის გაძლიერებაზე, რომელიც ახლახან მიიღეს”, — ამბობს დეგნანი.

თუმცა ელჩი აღნიშნავს, რომ  ამ პაკეტში არ იყო შესული ის რეკომენდაციები, რომლებიც ოდირისა და სხვა ექსპერტების მიერ იყო შეთავაზებული.

მისი თქმით, ახლა ხედავს შანსს, რომ საბოლოოდ მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც ოდირისა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოყვეს. ამიტომ ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პარლამენტში შევიდნენ და დემოკრატიული ფორმატი გამოიყენონ.

“მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი მივიდეს პარლამენტში და იბრძოლოს ცვლილებებისთვის იმ ინსტიტუტების შიგნით, რომლებიც მათ შექმნეს და ააშენეს. ამიტომ მოვუწოდებთ მათ, როგორი ხარვეზებიც არ უნდა ჰქონდეთ ამ ინსტიტუტებს, ან როგორი სუსტებიც არ უნდა იყოს ოპოზიციის თვალში, ესაა დემოკრატიული ფორმატი, რომლის აშენებასაც საქართველომ 20 წელი მოანდომა. ამიტომ გვინდა ის გამოიყენოთ, რათა სისტემა უკეთესი გახდეს”, — განაცხადა დეგნანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი