ახალი ამბები

კობახიძე 2008 წლის წიგნში: დაუშვებელია ბოიკოტის გამო დაფინანსების შეწყვეტა პარტიებისთვის

23 დეკემბერი, 2020 • 2889
კობახიძე 2008 წლის წიგნში: დაუშვებელია ბოიკოტის გამო დაფინანსების შეწყვეტა პარტიებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე წლების წინ დაუშვებელს უწოდებდა პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების გამო. ახლა ის თვითონ არის მხარდამჭერი კანონპროექტისა, რომელიც სწორედ ამას ითვალისწინებს. რა შეიცვალა?

რას წერს კობახიძე სახელმძღვანელოში?

ირაკლი კობახიძე 2008 წელს გამოცემულ წიგნში, „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალში“, რომელიც ამჟამად თსუ-ში მომავალი იურისტების სახელმძღვანელოა, 116-ე გვერდზე, „პარტიების სახელმწიფო დაფინანსების“ თავში წერს:

„დაუშვებელია, პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე მის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით“.

ამას ასაბუთებს შემდეგით: „პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების განაწილების უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს პარტიების მიმართ გამოხატული საზოგადოებრივი მხარდაჭერის ხარისხი და არა მათი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში“.

ამონარიდი ირაკლი კობახიძის 2008 წლის წიგნიდან. სქრინშოტი: ნეტგაზეთი

ამ ამონარიდში კობახიძე აკრიტიკებს მაშინდელი პარლამენტის გადაწყვეტილებას, რაც მოჰყვა მაშინდელ საპარლამენტო არჩევნებს და ოპოზიციის ბოიკოტს.

2008 წლის მაისში, ენმ-ის მმართველობისას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ექვს ოპოზიციურ პარტიას, რომელთა ლიდერებმა  დეპუტატობის მანდატებზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს, ამავე წლის ივლისში, მაშინდელი მმართველი ძალის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო დაფინასება შეუწყდათ.

მაშინ ამ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველი პარტიის ინიციატივას „სადამსჯელო ღონისძიება“ და „დევნა“ უწოდეს. ამ აზრზე იყო მაშინდელი ომბუდსმენი სოზარ სუბარიც, რომელიც ახლანდელი მმართვლი გუნდის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარია.

კობახიძე დღეს

წიგნის გამოშვებიდან 12 წელია გასული. კობახიძე ახლა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ მმართველობის ერთ-ერთი წამყვანი სახეა [ის წინა მოწვევის პარლამენტის სპიკერი იყო და პოსტი 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დატოვა].

ამჟამად სწორედ ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი მხარდამჭრი მმართველი გუნდის კანონპროექტისა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ეს კანონპროექტი ახალმა, მე-10 მოწვევის პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო, 83 ხმით.

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ინიცირებულ კანონპროექტს არადემოკრატიულად აფასებენ და განიხილავენ როგორც სადამსჯელო ზომას იმ პარტიების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

კრიტიკის ფონზე, 23 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს და კანონპროექტი დასკვნისთვის გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში ან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (ODIHR).

რას ამბობს კობახიძე ძველ მოსაზრებაზე?

ირაკლი კობახიძეს დღეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს 2008 წლის აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რაზეც მან თქვა, რომ კანონმდებლობა „მკვეთრ ზღვარს ავლებს საბოტაჟსა და ბოიკოტს შორის“:

„ბოიკოტი არის საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მიჩნეული, როგორც ლეგიტიმური მოვლენა. მაგრამ საბოტაჟი არის კანონმდებლობის მიხედვითაც მიჩნეული, როგორც არალეგიტიმური მოვლენა და აქ უნდა გაივლოს ზღვარი“.

კობახიძის თქმით, საბოტაჟი არის „ანტისისტემური მოვლენა“ და „ახლა შესაბამისი პარტია უპირისპირდება სამართლებრივ წესრიგს და ეს არის არალეგიტიმური“.

კობახიძემ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების შედარება 2008 წელთან არასწორია: „მაშინ არჩევნები იყო ტოტალურად გაყალბებული; მედია მთლიანად იყო მონოპოლიზებული. იყო ტოტალური შიში დამკვიდრებული, გადავსებული იყო ციხეები, ხდებოდა ბიზნესის რეკეტი“, – განაცხადა მან.

„ასეთ პირობებში ჩატარებული და ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შემდეგ რომ ჰქონდა ოპოზიციას თავისი მოსაზრებები, ეს იყო სხვა მოცემულობა. და დღეს, როცა გაყალბების არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება არ აქვთ, როცა ვთავაზობთ [შედეგების] ყველანაირ გადამოწმებას და ამბობენ უარს, მათი პოზიცია სრულიად არის სხვა რამ“, – თქვა კობახიძემ.

მან 17 დეკემბერსაც განაცხადა, რომ „კანონპროექტი მიმართულია არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის წინააღმდეგ“.

„წამახალისებელი და არა სადამსჯელო“?

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ 2008 წელს ენმ-ის მსგავსი ინიციატივა სადამსჯელო ხასიათს ატარებდა, „ოცნების“ ინიციატივა კი წამახალისებელია:

„2008 წლის 20 ივნისს მათ ოპოზიციას შეუწყვიტეს მანდატები და 15 ივლისს მიიღეს ასეთი, მსგავსი საკანონმდებლო პაკეტი. ეს ნიშნავს, რომ იქ მიზანი სწორედაც რომ დასჯა იყო და არა წახალისება“.

„ჩვენ რამდენიმე თვეს ვაძლევთ პარტიებს, რომ იმოქმედონ. წამახალისებელი ეფექტი ექნება იმისთვის, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღონ გადაწყვეტილება საბოტაჟის განხორციელებასთან დაკავშირებით, ან კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

გირჩევთ ასევე:

“მათრახის პოლიტიკა” – საით მიჰყავს პოლიტიკური პროცესი “ოცნების” ახალ ინიციატივებს

რა შემთხვევაში გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე “ოცნების” პოზიციას ასაჯაროებს

“ოცნება” 2 სადავო კანონპროექტს ვენეციის კომისიაში ან ODIHR-ში გადაგზავნის

მასალების გადაბეჭდვის წესი