თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ უკანონო მშენებლობასთან ასევე კავშირი ჰქონდა თბილსის მერიის თანამშრომელს. კახა კალაძე ამბობს, რომ უკან დახევა არავისთან დაკავშირებით არ იქნება:
“დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ ასევე სხვა მოქალაქეებს. ასევე უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტი და ეს ძალიან ცუდია, ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არავისთან მიმართებით არ ვაპირებთ უკანდახევას. ყველა, ვინც უკანონობას სჩადის, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”.
ნეტგაზეთს მერიის პერსსამსახურში უთხრეს, რომ თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ მერიის თანამშრომელმაც განათავსა უკანონო შენობა, რისი დემოტაჟიც დღეს მოხდა.
დღეს დილას ვარკეთილში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ე.წ. ღიმილის უბანში თვითდახმარების მიზნით აშენებული სახლები დაანგრიეს. „რადიო თავისუფლების“ პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მცხოვრებმა, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდა კაცმა თქვა, რომ მერიის და პოლიციის წარმომადგენლები დილის 7 საათზე მივიდნენ და უთხრეს, სახლი დაეცალა.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა უნებართვო ერთბინიანი კერძო სახლების დაგეგმილი დემონტაჟის შესახებ 18 დეკემბერს განაცხადა.
სამსახურის წარმომადგენელმა საზოგადოებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოვლინდა 7 უკანონოდ მშენებარე ნაგებობა, რომელიც დანგრევას ექვემდებარება“.
10000-ლარიანი გირაო შეუფარდეს აფრიკაში მცხოვრებ ვანო ფოცხვერაშვილს