ახალი ამბები

გახარია: მთავარი პრინციპია, ყველა სახის მოლაპარაკებებში უნდა ვიყოთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად

23 დეკემბერი, 2020 • 900
გახარია: მთავარი პრინციპია, ყველა სახის მოლაპარაკებებში უნდა ვიყოთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად

“ჩვენ არ გვინდა და არ გვაწყობს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ჟენევის დისკუსიების ფორმატი არის შესანარჩუნებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებების ეფექტიანობა და შედეგი მაქსიმალურად ხელშესახები იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

პრემიერმა არ გამორიცხა სხვა ფორმატებში დიალოგიც, თუმცა თქვა, რომ მთავარი პრინციპი მოლაპარაკების მაგიდასთან “საერთაშორისო პარტიორებთან ერთად ყოფნაა”.

“უნდა იყოს თუ არა მოლაპარაკების სხვადასხვა ფორმატები? — რა თქმა უნდა, უნდა იყოს. აქ უნდა გვქონდეს მთავარი პრინციპი — ყველა სახის მოლაპარაკებებში უნდა ვიყოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელსაც ვერ დავარღვევთ, თუმცა ფორმატები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, ეს ფორმატები შეიძლება გაძლიერდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მას არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა რუსეთთან დიალოგის ფორმატებს, თუ  — ოკუპირებულ რეგიონებთან. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები სწორედ საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები მასში არაფორმალური სტატუსით მონაწილეობენ.

საქართველოსა და რუსეთს შორის, ჟენევის დისკუსიების გარდა, არსებოსბ აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგი, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორები არ მონაწილებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი