ახალი ამბები

დეკანოზ გიგნაძის ქადაგებას კონკრეტიკა აკლდა, ბევრი სასულიერო პირი შეურაცხყოფილია – დეკანოზი ჯაღმაიძე

22 დეკემბერი, 2020 • 2144
დეკანოზ გიგნაძის ქადაგებას კონკრეტიკა აკლდა, ბევრი სასულიერო პირი შეურაცხყოფილია – დეკანოზი ჯაღმაიძე

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებას, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა ნაწილის განცხადებებს ეხებოდა, კონკრეტიკა აკლდა. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ამის შესახებ “ტვ პირველთან” ისაუბრა.

მისი თქმით, დეკანოზ გიგნაძეს უნდა დაეკონკრეტებინა, ვის გულისხმობდა სასულიერო პირებში, რომლებიც, როგორც სასულიერო პირმა 29 ნოემბრის ქადაგებისას თქვა, კონსპირაციულ თეორიებს აჰყვნენ და ვირუსთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ მრევლს.

“მამა თეოდორეს განცხადებას აკლდა კონკრეტიკა, როდესაც ის თავის სიტყვაში აერთიანებს ყველას ერთად და არ აკონკრეტებს. ძალიან ბევრი სასულიერო პირი რეკავს დღეს და არის შეურაცხყოფილი ამით. ის სასულიერო პირები, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებდნენ პატრიარქის კურთხევას”, – აღნიშნავს ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, ილია მეორემ მრევლს არაერთხელ მოუწოდა, დაეცვა ვირუსის თანმდევი რეკომენდაციები.

“იყო ცალკეული განცხადებები, პოზიციები, რომლებიც არ ეთანხმებოდა ამ რეკომენდაციებს. აქ [ილია მეორის ქადაგებაში] ცხადად იყო ნათქვამი, რომ ვირუსი საფრთხეს წარმოადგენს და აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა”, – აღნიშნავს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, უნდა მოიხადონ თუ არა ბოდიში სასულიერო პირებმა, რომლებიც ვირუსის თანმდევ საფრთხეებს არ აღიარებდნენ, ჯაღმაიძემ თქვა, რომ ეს მათ თავად უნდა გადაწყვიტონ.

რა თქვა დეკანოზმა გიგნაძემ?

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე მიიჩნევს, რომ მრევლს ბოდიში უნდა მოუხადონ სასულიერო პირებმა, რომლებიც ერთი მხრივ, COVID-19-თან დაკავშირებულ კონსპირაციულ თეორიებს ახმიანებდნენ, მეორე მხრივ კი, არ აღიარებდნენ ვირუსის თანმდევ საფრთხეებს. აღნიშნულის შესახებ სასულიერო პირმა ერთ-ერთ საკვირაო ქადაგებისას ილაპარაკა და ვირუსის მეორე, უფრო მძიმე ტალღა შეაფასა, როგორც ღვთის პასუხი ასეთ საქციელზე:

“მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს?

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება ღვთის განგებით ჩვენი თავიდან და როგორ უნდა ვძრწოდეთ და ვშიშობდეთ, რომ აი, ახლა მასონებს რა გეგმა აქვთ და რას იზამენ, აცრებით დაგვღუპავენ სულ ყველას… ეს ეკადრება ქრისტიანს, ზოგადად, და, მით უმეტეს, სასულიერო პირს?

მაგრამ ჩვენ არა მარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ყველაზე მაგრები ვართ და ამიტომ არაფერი გვექმურება. ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, როცა ასეთ რაღაცებს ვასწავლიდით”.

“საერთო მასონური გადაწყვეტილება” და სასულიერო პირთა სხვა განცხადებები

პანდემიის კრიზისის დასაწყისში და შემდგომ, არაერთმა სასულიერო პირმა ან საერთოდ გამორიცხა ვირუსის არსებობა, ან თანმდევი საფრთხეების სიმწვავეში შეიტანა ეჭვი.

ეკლესიასთან დაკავშირებით დისკუსია კრიზისის დაწყებიდან მალევე გააქტიურდა. კამათის საკითხი იყო, ერთი მხრივ, ზიარების წესის შეცვლა, მეორე მხრივ კი, სააღდგომო ლიტურგიის ტაძრებში ჩატარების საკითხი.

საბოლოოდ, ლიტურგია დიდ ტაძრებში დისტანციის დაცვის პირობით ჩატარდა, მცირე ტაძრების შიგნით კი მხოლოდ სასულიერო პირებმა აღასრულეს რიტუალი.

რაც შეეხება ზიარების წესს, ამ კუთხით საპატრიარქოს არაფერი შეუცვლია. თავად თეოდორე გიგნაძე მარტში ამბობდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში “არასოდეს იცვლებოდა ტრადიცია შიშის გამო, რომელიც რწმენას უპირისპირდებოდა”. ამავე ქადაგებაში მან დასძინა:

“შეხედეთ, სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციები და სხვადასხვა რელიგიები. როგორ იხურება მათი ეკლესიები, როგორ აღარ ლოცულობენ…  და იმათი შეშინებული სასულიერო პირები. სიამაყით მინდა, ვთქვა, რომ ვეძებ მართლმადიდებლობაში სულმოკლეობას და ჯერჯერობით ასეთი გამოხატული სულმოკლეობა ვერცერთ სასულიერო პირში ვერ დავინახე”.

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, მიტროპოლიტი ნიკოლოზი დასძენდა, რომ “ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად ბარძიმში, არის ანტისეპტიკი. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი”.

მანვე ასე მიმართა მრევლს:

“ყოველ დილას და ყოველ საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში. გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი”.

იმავე პერიოდში რისკები, ფაქტობრივად, გამორიცხა სინოდის კიდევ ერთმა წევრმა, მიტროპოლიტმა იობმა. ის ამბობდა, რომ COVID-19 ჩვეულებრივი ვირუსი იყო, ადამიანებს  უსიმპტომოდ გადაჰქონდათ და “არანაირი საშიშროება” არ არსებობდა

მიტროპოლიტი ასევე ამბობდა, რომ კორონავირუსი “ხელოვნურად თავს მოხვეული ფსიქოზი” იყო და ერთგვარი გამოცდა, “თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევდა ხალხი ამ საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც კაცობრიობის კონტორლი ჰქვია”.

რამდენიმე თვის შემდეგ, აგვისტოში, ახალი კორონავირუსი სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ასე შეაფასა:

“რა კორონა, რა მორონა, რა ჯანდაბა და ოხრობა! სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას, კაცო!”

ვირუსის მეორე ტალღის დროს ზემოთ ჩამოთვლილი სამივე მიტროპოლიტი დაინფიცირდა COVID-19-ით. 1 თვით ადრე, სანამ თავადაც დაინფიცირდებოდა, მიტროპოლიტმა იობმა პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ “ვირუსი მართლა არსებობს, სასულიერო პირებსაც აქვთ”.

ვირუსის მეორე ტალღისას კორონავირუსი რამდენიმე სასულიერო პირის გარდაცვალების მიზეზიც გახდა. მათ შორის იყო დეკანოზი დავით ქვლივძე, რომელმაც მანამდე პანდემიას “კორონათაღლითობა” უწოდა.

დეკანოზი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირებმა უნდა მოიბოდიშონ COVID-19-ზე განცხადებებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი