ახალი ამბები

ვირუსი მართლა არსებობს, სასულიერო პირებსაც აქვთ – მიტროპოლიტი იობი

11 ნოემბერი, 2020 • 1774
ვირუსი მართლა არსებობს, სასულიერო პირებსაც აქვთ – მიტროპოლიტი იობი

მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ კორონავირუსი მართლაც არსებობს და ამის დასტურად სასულიერო პირების ინფიცირება გაიხსენა. ქადაგების ვიდეო 10 ნოემბერს Youtube-ზე World Ecclesiastical News-მა ატვირთა.

“ეს [კორონავირუსი] რეალობაა, ვირუსი მართლა არსებობს. მართლაც, აგერ, მღვდელმთავრები არიან დაავადებული, სასულიერო პირები, მონაზვნები… უბრალოდ, ზოგიერთი არ ამჟღავნებს ამას და არ ამბობს, რომ “ამით ვარ დაავადებულიო”. ამიტომ, ჩვენ ექიმები რასაც მოგვიწოდებენ, უნდა შევასრულოთ. პირბადე, დისტანცია… ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მოყვასის უსაფრთხოებისთვის. ამაში ადამიანის სიმდაბლის გამოჩენა ჩანს – თუ გაქვს მორჩილება და უბრალოება… რა თქმა უნდა, ღმერთის ნებაზეა და ღვთის დაშვებით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენც სიფრთხილე უნდა გვქონდეს. ჩვენი ნებაც უნდა გამოვხატოთ, ჩვენც რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.

მან სასულიერო პირებს ეპიდემიის შესაჩერებლად ლოცვისკენ მოუწოდა.

მიტროპოლიტმა იობმა საქართველოში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, აღდგომის წინა დღეებში, ერთ-ერთი ქადაგებისას თქვა, რომ კორონავირუსით ძირითადად მოხუცები იღუპებიან, “როცა უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან”, და ასევე “მხოლოდ პათოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივი ვირუსიც რომ შეხვდეთ, შეიძლება ისედაც გარდაიცვალონ”.

მაშინ მიტოროპოლიტი ამბობდა, რომ კოვიდ-19 ჩვეულებრივი ვირუსი იყო, ადამიანებს  უსიმპტომოდ გადაჰქონდათ და “არანაირი საშიშროება” არ არსებობდა. ასევე მიტროპოლიტი ამბობდა, რომ კორონავირუსი “ხელოვნურად თავს მოხვეული ფსიქოზი” იყო და ერთგვარი გამოცდა, “თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევდა ხალხი ამ საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც კაცობრიობის კონტორლი ჰქვია”.

2020 წლის აღდგომის დღესასწაულისთვის საზოგადოების ნაწილი ეკლესიას აკრიტიკებდა, რადგან საპატრიარქომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე აღდგომის ღამეს [18-19 აპრილი] ეკლესიებში შეკრებაზე უარი არ თქვა. თუმცა საქართველოს მთავრობამ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით აიკრძალა, საბოლოოდ კი აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა. ამასთან, საგანგებო მდგოამრეობის ფარგლებში, ამ პერიოდში გამოცხადებული იყო კომენდანტის საათიც და მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ეკრძალებოდათ.

ლიტანიობა: ვითარება თბილისის ეკლესიებში [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი