ახალი ამბები

განიხილავს თუ არა საქართველო საზღვრის საერთაშორისო არბიტრაჟით დადგენის ვარიანტს?

21 დეკემბერი, 2020 • 1069
განიხილავს თუ არა საქართველო საზღვრის საერთაშორისო არბიტრაჟით დადგენის ვარიანტს?

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენის ერთ-ერთი საშუალებაა საკითხის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გადაწყვეტა, თუმცა ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა დამოუკიდებლად შეძლონ შეთანხმება.

სახელმწიფო საზღვრის დადგენის კონტექსტში საერთაშორისო არბიტრაჟის შესაძლებლობა ზალკალიანმა პირველად  ახსენა ევროპასთან ინტეგრაციის, დიაპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატს უსმენენ და დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ზალკალიანს ჰკითხა, სახელმწიფო საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებები დროის რა პერსპექტივაში შეიძლება დასრულდეს?

“საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია თუ არ არის, ეს იგივე ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ეს თემა ესმის ოკუპანტსაც და აქვს სხვადასხვა ბერკეტები იმისთვის, რომ წინ არ წავიდეს პროცესი. მაგრამ ჩვენ აუცილებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ მივცეთ საშუალება, ამ პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს. ძალიან გამიჭირდება გითხრათ, რა დროში დასრულდება [მოლაპარაკებები]. 26-ე წელია, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს პრობლემა ვერ გადაწყვიტა.

…საზღვრის 66% ორივე მიმართულებით — სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც შეთანხმებულია, დარჩენილია დანარჩენი, მათ შორის, დავითგარეჯა, რომელიც ყველაზე სენსიტიური თემაა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ქართული მხარე საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ახალი კომისიის ფარგლებში და ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, რათა პროცესი წინ წავიდეს.

ზალკალიანმა თქვა, რომ ბევრი რამ პოლიტიკურ ნებაზეც არის დამოკიდებული და ქართული მხრიდან მზაობა არის, სტრატეგიულ პარტნიორთან ორივე მხარისთვის მისაღებ ვარიანტზე შეთანხმდეს.

“უამრავი ვარიანტის დამუშავება მიმდინარეობს, გვაქვს იდეაში. კიდევ არის სხვა გამოსავალი — წახვიდე და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წაიღო ეს თემა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდეს და არ გახდეს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავის საგანი”, – დასძინა დავით ზალკალიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი