ნეტგაზეთი | მიმოხილვა აზერბაიჯანზე: კორონავირუსიდან მთიანი ყარაბაღის ახალ ომამდე მიმოხილვა აზერბაიჯანზე: კორონავირუსიდან მთიანი ყარაბაღის ახალ ომამდე – Netgazeti
RU | GE  

მიმოხილვა აზერბაიჯანზე: კორონავირუსიდან მთიანი ყარაბაღის ახალ ომამდე

სტატია თავდაპირველად ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა და შემდეგ ითარგმნა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.


ავტორი: ბაჰრუზ სამადოვი

შესავალი

2020 წლის მარტიდან ნოემბრამდე აზერბაიჯანში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის, ისე მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის. კორონავირუსის გავრცელებიდან  ყარაბაღის ახალ ომამდე, ქვეყანაში სხვადასხვა მოვლენა განვითარდა, რასაც მნიშვნელოვანი შედეგები ექნება ქვეყნის მომავალზე.

თავდაპირველად, მარტ-აპრილში კორონავირუსის აფეთქება „ძველი“ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ახალი სადამსჯელო ღონისძიებებით აღინიშნა. ამ პერიოდში 20-ზე მეტ ოპოზიციონერ აქტივისტს, ძირითადად პარტია აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის წევრებს, ბრალი დასდეს და ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

3 სექტემბერს სასამართლომ 4 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ ოპოზიციონერს, თოფიქ იაგუბლუს. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მან შიმშილობა გამოაცხადა. მიუხედავად „ძველ’’ ოპოზიციასა და ახალგაზრდა აქტივისტურ ჯგუფებს შორის განსხვავებებისა, მათ შორის მოულოდნელი ალიანსი შედგა: ფემინისტებმა და მემარცხენე აქტივისტებმა ენთუზიაზმით დაუჭირეს მხარი თოფიქ იაგუბლუს და ბაქოს ცენტრში მცირე აქციაც გამართეს. 17- დღიანი შიმშილობის შემდეგ სასამართლომ იაგუბლუ შინაპატიმრობაში გადაიყვანა.

რეგიონის მთელი ისტორიისთვის უფრო გრძელვადიანი ცვლილებები მოხდა ივლისსა და სექტემბერში. აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარი ივლისის შეტაკებებში გენერალი ფოლად ჰაშიმოვი დაიღუპა. ამ ამბის გავრცელების შემდეგ, 14 ივლისის ღამეს, მოულოდნელი აქცია გაიმართა. მონაწილეთა მცირე ჯგუფი პარლამენტის შენობაში შეიჭრა. ივლისის გამოსვლებმა კარგად აჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანელებისთვის სომხეთთან არსებული კონფლიქტი. განსაკუთრებით, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც არ გააჩნდა პოლიტიკური მიკუთვნებულობა. მიუხედავად ამისა, აქციას რეპრესიების კიდევ უფრო სასტიკი ტალღა მოჰყვა პარტია სახალხო ფრონტის წინააღმდეგ: პრეზიდენტმა ალიევმა ოპოზიციურ პარტიას ღიად დასდო ბრალი სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.

სექტემბრის ბოლოს არაღიარებული მთიანი-ყარაბაღის რესპუბლიკისთვის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დაწყებამ სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში მთლიანად შეცვალა. ეროვნულ დონეზე კონფლიქტმა არა მხოლოდ გააერთიანა ერი და გაზარდა ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა, არამედ  შესაძლებელია, რომ კონფლიქტმა სათავე დაუდო ქვეყნის კვაზიტოტალიტარული გზით სვლასაც. განსხვავებით ავტორიტარული ჰეგემონიის პასიური მიმღებლობისა, რასაც ომამდე ვხედავდით, პოლიტიკურად პასიურმა უმრავლესობამ ომში ამჯერად სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი-პრეზიდენტ ალიევს. ამ კვაზიტოტალიტარულმა შემოტრიალებამ შექმნა გაგება ‘’ხალხი-როგორც-ერთი, გარე სხვის წინააღმდეგ’’ (Lefort, 1988), რაც პოლიტიკურ ოპოზიციას შეუძლებელს ხდის.

9 ნოემბერს, 44- დღიანი ომის შემდეგ, ორივე მხარე დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერას, რაც სხვა პუნქტებთან ერთად ასევე გულისხმობდა რუსეთის სამშვიდობო მისიის გაგზავნას მთიან ყარაბაღში. აზერბაიჯანში ‘’რუსეთის დაბრუნება’’ ოპოზიციამ ფართოდ გააკრიტიკა. მიუხედავად რუსული წარმომადგენლობის პოსტკოლონიური ხასიათისა, სამშვიდობო ჯარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარანტორს წარმოადგენს.

რეპრესიების ახალი ტალღა და #FreeTofiqYagublu

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი 24 მარტს გამოაცხადა. პრეზიდენტი ალიევი მარტ-აპრილის გამოსვლებში მკაცრად აკრიტიკებდა ოპოზიციას და მათ ‘’მეხუთე კოლონად’’ და ‘’ხალხის მტრებად’’ მოიხსენიებდა. ამავდროულად, უარს ამბობდა მათთან ნებისმიერ დიალოგზე. თავის სიტყვაში პრეზიდენტი ალიევი გულისხმობდა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტსა და პარტია მუსავათს, რომელთაგან ორივე ძველ ოპოზიციადაა აღქმული და რომლებიც ხელისუფლებაში უკანასკნელად იყვნენ 1992-1993 წლებში. ორივე პარტიამ უარი თქვა შემოთავაზებულ შეხვედრაზე ადალათ ვალიევთან, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურ პარტიებთან და საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მათ განაცხადეს, რომ ვალიევთან შეხვედრა ვერ ჩაითვლებოდა ‘’დიალოგის პროცესად’’.  მარტ-აპრილში სახალხო ფრონტის 20-ზე მეტ წევრს 30- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

განსხვავებული ბედი ეწია რესპუბლიკური ალტერნატივის პარტიას. 22 აპრილს პარტიის თავმჯდომარის, ილგარ მამედოვის გამართლების შემდეგ პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდა. რესპუბლიკელებმა მთავრობასთან დიალოგის მზადყოფნა გამოაცხადეს, თუმცა მათი ‘’დიალოგის მხარდამჭერი’’ პოზიციები მკაცრად გააკრიტიკეს ‘’ძველმა’’ ოპოზიციურმა პარტიებმა და აქტივისტურმა ჯგუფებმა.

22 მარტს დააპატიმრეს ყოფილი პოლიტიკური პატიმარი თოფიკ იაგუბლუ და ბრალად დასდეს ბაქოში ავტოავარიის შემდეგ დაქორწინებულ წყვილზე სახრახნისით თავდასხმა. თუმცა, იაგუბლუს თქმით, მანქანა ცდილობდა მის განზრახ დატაკებას, ეს მას მერე, რაც წყვილი თავს დაესხა.

იაგუბლუს შიმშილობამ ქვეყანაში დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. მან აჩვენა ,რომ ოპოზიციას კვლავ აქვს მხარდაჭერა და შეუძლია ხალხის მობილიზება. იაგუბლუ პარტია მუსავათის გამოჩენილი წევრია, ასევე ცნობილია საკუთარი ახლო ურთიერთობით სახალხო ფრონტთან (მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ხელმძღვანელობა გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდება). იაგუბლუ, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის ვეტერანი, აზერბაიჯანულ პოლიტიკურ კლასში შეიძლება პროგრესული ფიგურად იქნეს მიჩნეული. სწორედ ამ ფაქტის გამო კრიტიკულად განწყობილ ახალგაზრდულ ჯგუფებში ღირებული სახე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალგაზრდები უპარტიონი არიან და კრიტიკულად უყურებენ არსებულ ოპოზიციას, ამ პარტიებს ჰყავთ პუბლიკა და შეუძლიათ დღის წესრიგზე ზეგავლენის მოხდენა.

2019 წლის დასაწყისში იაგუბლუს შიმშილობის აქციამ სოციალურ მედიაში დიდი ყურადღება დაიმსახურა. მის კამპანიას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურად განწყობილმა ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებმა, ჰეშთეგით #FreeMehmanHuseynov. შედეგად, Facebook-ზე ასეულობით ადამიანმა პროფილის ფოტო ჩარჩოთი შეიცვალა, რომელიც იაგუბლუს გათავისუფლებას მოითხოვდა.

9 სექტემბერს ჯგუფმა – თავისუფალი მემარცხენე ალიანსი, რომელიც ძირითადად მემარცხენეებისგან შედგებოდა, ხალხს ბაქოს ცენტრში იაგუბლუს მხარდასაჭერი აქციისკენ მოუწოდა. პოლიციამ აქცია მალევე დაშალა და მონაწილეები დააპატიმრეს. თუმცა დაკავებული აქტივისტები იმავე დღესვე გაათავისუფლეს.

აზერბაიჯანის გასაკვირად, ზოგმა ცნობადმა სახემ და პარლამენტის წევრმა მხარი დაუჭირა თოფიკ იაგუბლუს და მოითხოვეს მისი განთავისუფლება. 17- დღიანი შიმშილობის შემდეგ სასამართლომ სასჯელი შინაპატიმრობით შეცვალა.

ეს უკვე მეორე შემთხვევა იყოს, როცა წარმატებული კამპანია შიმშილობის აქციის მეშვეობით შედგა. განაჩენგამოტანილი ვიდეობლოგერის, მეჰმან ჰუსეინოვის შემთხვევაში, რომელმაც მსგავსი შიმშილობის აქცია 2018 წლის დეკემბერში დაიწყო, სოციალურმა მედიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საზოგადოების მობილიზებაში. ორივეს პოპულარობა და მათდამი მხარდაჭერა შეიძლება აიხსნას აზერბაიჯანში ლიბერალ-დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ნაკლებობითა და პოლიტიკურ მობილიზებაში (მაგალითად, არჩევნები, პარტიის წევრობა) საზოგადოების დიდი ნაწილის ჩართულობის ნაკლებობით.

ივლისის შეტაკებები

12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები დაიწყო. ინტენსიური ბრძოლები შეინიშნებოდა 12-დან 15 ივლისამდე, რაც შემდეგ არარეგულარული დაპირისპირებებით გაგრძელდა. ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებდა თავდასხმას.

ამ მოვლენების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის იყო, რომ ივლისის ბრძოლები, თოვუზისა და ტავუშის რაიონებში, უშუალოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარეობდა. ოფიციალური წყაროების მიხედვით აზერბაიჯანმა 16 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის, გენერალი ფოლად ჰაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზაევი, ხოლო სომხეთმა – 5 ჯარისკაცი. ცოტა ხნით, ბრძოლაში უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენიდან მალევე, საზღვარზე არსებულმა დაძაბულობამ 22 ივლისისთვის უკვე იკლო.

სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარეთ შეტაკებები ბოლო ათწლეულში რამდენჯერმე მოხდა (2012,2014 და 2018).  თუმცა ივლისის შეტაკებები აზერბაიჯანული მხარისთვის დიდი დანაკარგით დასრულდა: პირველად ყარაბაღის ომის შემდეგ (1988-1994) მოკლეს მაღალჩინოსანი აზერბაიჯანელი გენერალი.

ამ ფაქტს დიდი ფსიქოლოგიური გავლენა ჰქონდა აზერბაიჯანელებზე, რასაც მასობრივი მობილიზება და საჯარო ბრაზის დაფიქსირება მოჰყვა. 14 ივლისის ღამეს ბაქოს ცენტრში ხალხი ყოველგვარი ლიდერისა თუ პარტიის გარეშე შეიკრიბა და შურისძიება მოითხოვა. დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი პარლამენტშიც კი შეიჭრა. აქციის მონაწილეთა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა და 10,000-ზე მეტ ადამიანს მიაღწია, რაც ავტორიტარული აზერბაიჯანისთვის უჩვეულო იყო. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ იქამდე არ დაიწყო ჩარევა, ვიდრე ადამიანთა მცირე ჯგუფი პარლამენტში არ შეიჭრა.

შეტაკებების დროს ალი ქარიმლიმ, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერმა, მხარი დაუჭირა ხელისუფლებას და განაცხადა:‘’ჩვენ ჩვენს დაპირისპირებებს უკეთესი დროისთვის გადავდებთ’’ (Kucera, 2020a).

მართალია, სამიზნე აუდიტორია ქვეყნის მოსახლეობა იყო, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბოლოდროინდელი გამოსვლები უაღრესად მნიშვნელოვანია იმის სრულფასოვნად გასაგებად, თუ რა მწიფდებოდა. აქციის მომდევნო დღეს ალიევმა გამოაცხადა ‘’მორიგი გამარჯვება მტერზე’’, არაპირდაპირ დაგმო აქციის მონაწილეები და განაცხადა, რომ ‘’ახლა პოპულიზმის დრო არ არის“. ერთი კვირის თავზე, 21 ივლისს, მან განაცხადა რომ იქ, სადაც ხალხი გამარჯვებას აღნიშნავდა, ‘’სახალხო ფრონტის წევრებმა არეულობის ორგანიზება სცადეს და პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ’’ (15 ივლისი, Eurasianet, 2020).

ამ სიტყვის შემდეგ 30-ზე მეტი სახალხო ფრონტის წევრი დააკავეს, ფუად გაჰრამანლის, სახალხო ფრონტის პრეზიდიუმის წევრს, ბრალი წაუყენეს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 278-ე მუხლით (ჩადენილი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობრივად ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ან კონსტიტუციური წყობის შეცვლას) .

მთლიანობაში, ბაქოს აქციებმა გვაჩვენა, რომ ორ ერს შორის კონფლიქტის პერიოდული გამძაფრება ნაციონალისტურ განწყობებს აღვიძებს და ორ საზოგადოებას შორის ღრმა უნდობლობას კვებავს. მტრობის გაზრდილმა ხარისხმა საჯარო დისკურსში წარმოუდგენელი გახადა მშვიდობიანი თანაარსებობის ნარატივი. ბაქოში ომის მხარდამჭერი აქცია ადასტურებს, რომ  აზერბაიჯანელი ხალხისთვის კონფლიქტი ჯერ კიდევ უაღრესად მაღალი ღირებულების მატარებელია, ხოლო გენერლის სიკვდილმა მთიანი ყარაბაღის დაკარგვით არსებული ტრავმის ხელახალი გამწვავება გამოიწვია.

ბაქოს გარდა აქციები გაიმართა ევროპასა და აშშ-იც.  მაგალითად, ლოს ანჯელესსა და ბრიუსელში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეტაკებებიც კი მოხდა, რის შედეგად რამდენიმე აზერბაიჯანელი დაშავდა. 24-25 ივლისს მსგავსი, მაგრამ უფრო ძალადობრივი შეტაკებები მოხდა მოსკოვსა და კიევში (Eurasianet, 27 ივლისი, 2020).

აზერბაიჯანის ავტორიტარული ხელისუფლებისთვის 14 ივლისის ნაციონალისტური გამოსვლა განგაშის სიგნალი იყო, რადგან მან აჩვენა, რომ ნაციონალიზმს  ხალხს ქვემოდან მობილიზების პოტენციალი ჰქონდა. დემონსტრაციამ ხელისუფლებას შეახსენა, რომ თუკი ეს სახალხო ნაციონალიზმი ოპოზიციურ დისკურს შეერწყმებოდა, მაშინ მის მმართველობას სასიცოცხლო საფრთხე დაემუქრებოდა მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ რეჟიმს  სახელმწიფო ნაციონალიზმის დეპოლიტიზების  ხანგრძლივი ისტორია აქვს, როგორც სახელმწიფოს ჰეგემონიური იდეოლოგიის ნაწილის.  საპასუხოდ რეჟიმმა, მიუხედავად სახალხო ფრონტის თავჯდომარის მხარდამჭერი განცხადებისა, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყოსპარტიის წევრების წინააღმდეგ, რასაც თან ერთვოდა პრეზიდენტ ალიევის განცხადება, სადაც პარტია „ხალხისა და სახელმწიფოს“ ერთიანობის მტრად გამოაცხადა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ალიევის რეჟიმი სახალხო ფრონტს ბრალს სდებდა „მხარდამჭერი“ აქციის პოლიტიზებაში, სინამდვილეში პარტიის მხოლოდ რამდენიმე წევრი მონაწილეობდა პროტესტში. ხელისუფლების რეპრესიული ქცევის ახსნა შესაძლებელია, თუ მხედველობაში მივიღებთ ნაციონალიზმთან მის ხანგრძლივ ფლირტს. ბოლოდროინდელი მოულოდნელი სახალხო გამოსვლა აჩვენებს, რომ ფრონტზე განცდილი მნიშვნელოვანი დანაკარგი შეიძლება შიდა არეულობაში გადაიზარდოს.

საერთაშორისო დონეზე ივლისის შეტაკებებმა გავლენა მოახდინა აზერბაიჯანის ურთიერთობებზე რუსეთთან, სერბეთთან და, ყველასთვის გასაკვირად, იორდანიასთანაც. ხელისუფლების მხარდამჭერი მედია იტყობინებოდა, რომ სომხეთი შეტაკებებში იყენებდა სერბულ და იორდანიულ იარაღს (21 ივლისი, Haqqin. Az, 2020). აზერბაიჯანი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, შესაბამისად, იმ ფაქტმა, რომ სომხეთმა სერბული იარაღი გამოიყენა, გააუარესა ქვეყნებს შორის ურთიერთობა. სერბეთში აზერბაიჯანის საელჩომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, ხოლო სერბეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და იორდანიის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

პრეზიდენტმა ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში ღიად გააკრიტიკა რუსეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვა , რაც აზერბაიჯანში არაა ჩვეული ოფიციალური დისკურსი (Kucera, 2020b). სომხეთს, რომელიც რუსეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, ივლისის შეტაკებებისას ამ ორგანიზაციისგან მხარდაჭერა არ მიუღია. ბევრ დამკვირვებელს ეგონა, რომ რუსეთი სომხეთის მოკავშირეა, ხოლო თურქეთი- აზერბაიჯანის. სინამდვილეში კი, რუსეთის პოზიცია ბევრად უფრო კომპლექსურია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრია, ის იარაღს ორივე მხარეს აწვდის. თუმცა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტი არ შედის მოსკოვის ინტერესებში. პარალელურად, სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ ევროკავშირის მიმართ მეგობრული პოლიტიკის წარმოებამ და ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრებამ, რომელსაც ახლო ურთიერთობები აქვს პრეზიდენტ პუტინთან, რუსეთის მთავრობა გააღიზიანა. ალიევის ღია დემარში რუსეთის მიერ იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ თურქეთის მხარდაჭერით გაზრდილი თავდაჯერებულობის ნიშანი იყო.

ახალი ომი და მთიანი ყარაბაღის მომავალი

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული დაპირსპირება დაიწყო აზერბაიჯანსა და არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას შორის. კონფლიქტის მანძილზე აზერბაიჯანი თურქეთისგან სრულ მხარდაჭერას იღებდა, მაშინ, როცა ევროკავშირი და აშშ გვერდიდან აკვირდებოდნენ მოვლენებს. მიუხედავად აზერბაიჯანის ხელისუფლების საომარი განცხადებებისა, მინსკის ჯგუფის (აშშ, საფრანგეთი და რუსეთი) ქვეყნებმა ივლისის შეტაკებებისას პასიური პოზიცია დაიჭირეს.

ივლისში კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად ცხადი გახდა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების“ სახალხო მოთხოვნამ პიკს მიაღწია. გარდა ამისა, 2019 წლის აგვისტოში ნიკოლ ფაშინიანის განცხადებები, სადაც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანებისკენ გააკეთა მოწოდება, აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ და მისმა ლიდერებმა მძიმე პროვოკაციად შეაფასეს (7 აგვისტო, 2019, OC-Media).

მთლიანობაში, ქვეყნებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ხოლო ალიევსა და ფაშინიანს შორის ურთიერთობა პირად მტრობას დაემსგავსა. 2020 წლის თებერვალში მიუნხენში ორ ლიდერს შორის გამართულმა დებატმა კარგად აჩვენა, რომ მოლაპარაკებები უკვე გაჩერებული იყო. ამ იდეოლოგიური დაპირისპირების მორიგი მაგალითი იყო ის, რომ ალიევმა სომხეთის ხელისუფლება დაადანაშაულა ინვესტორისა და ქველმოქმედის, ჯორჯ სოროსის ინტერესების გატარებაში.

ეს ნარატივი კვლავ გააქტიურდა ოქტომბერში კონფლიქტის გამწვავებისას. ამ ნარატივის თანახმად,  2018 წლის სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია ორგანიზებული და დაფინანსებული იყო ჯორჯ სოროსის მიერ. ამ ხედვის დაფიქსირებით ალიევმა იდეოლოგიურად განასხვავა საკუთარი ავტორიტარული მთავრობა სომხეთის ამჟამინდელი ლიბერალური ხელისუფლებისგან. ალიევმა თავის ინტერვიუში თურქულ მედიასთან განაცხადა, რომ „დღეს სომხეთში სოროსი მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ის დამარცხდა.“ (16 ოქტომბერი, Report, 2020). ამ არგუმენტის ხშირი გამეორება არა მხოლოდ ხაზს უსვამს ალიევის განსხვავებას ფაშინიანისგან, არამედ ერთგვარი სიგნალიც არის მოსკოვისთვის, რომ თანამდეროვე რუსეთის ეტატისტური ანტილიბერალიზმი იდეოლოგიურად შეუთავსებელია  სომხეთის პოსტრევოლუციური ხელისუფლების პოზიციებთან.

კონფლიქტის თაობაზე თავის სიტყვებში პრეზიდენტმა ალიევმა სომხური მხარის მისამართით უაღრესად აგრესიული რიტორიკა გამოიყენა. ერისადმი მის მრავალ მიმართვაში დეჰუმანიზებული მეტაფორები გამოიყენა: ‘’ჩვენ მათ დავსდევთ როგორც ძაღლებს.’’ (4 ოქტომბერი, BBC, 2020). კონკრეტულად ეს მეტაფორა პოპულარული გახდა აზერბაიჯანში, რაც მიანიშნებდა მტრობისა და სიძულვილის ენის ხარისხს აზერბაიჯანულ საზოგადოებაში.

9 ოქტომბრის გამოსვლაში ალიევმა განაცხადა რომ აზერბაიჯანი მხოლოდ მთიანი ყარაბაღის სრულ დაბრუნებაზეა თანახმა (9 ოქტომბერი, Daily Sabah, 2020). უფრო მოგვიანებით, რუსული საინფორმაციო სააგენტო „რიასთვის” მიცემულ ინტერვიუში დაამატა, რომ მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხური მოსახლეობის ანკლავს მხოლოდ „კულტურულ ავტონომიას“ მისცემდა (22 ოქტომბერი, Al Jazeera, 2020). მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებების დარგში გაეროს უმაღლესი კომისრის თანახმად, ნოემბრიდან მოყოლებული 90,000-მა მობინადრემ, რაც მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხური მოსახლეობის უდიდესი ნაწილია,  დატოვა საკუთარი სახლი და სომხეთის ტერიტორიაზე გადასახლდა (UNHCR, 2020). ორ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის არარსებობამ, არსებულმა ტრავმებმა და ახალმა ომმა, აზერბაიჯანის საზღვრებში ერთად ცხოვრების იდეა განუხორციელებელი გახადა.

10-დან 25 ოქტომბრამდე სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამჯერ მოაწერეს ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თითოეული მალევე დაირღვა გამოცხადებიდან.

ალიევის პოპულარობამ უმაღლეს ნიშნულს ომის დროს მიაღწია. ოპოზიციის ლიდერებმა შეწყვიტეს კრიტიკა, ხოლო ალიევის ქმედებები აღქმული იყო როგორც სამართლიან და წარმატებულ ომად. კონფლიქტის დროს თურქეთის აქტიურ მხარდაჭერას გარდაუვლად მოჰყვა თურქეთის ახლებური დანახვა და მისი „დიდ ძმად“ აღქმა.

განჯისა და ბარდის რეგიონზე სომხეთის სარაკეტო შეტევებს სამოქალაქო პირების მსხვერპლი მოჰყვა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა მტრობა აზერბაიჯანულ საზოგადოებაში.

კონფლიქტის გამწვავებამ სააშკარაოზე გამოიტანა აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციაში არსებული ღრმად გამჯდარი იდეოლოგიური პრობლემები. სამოქალაქო საზოგადოების ბევრმა გამოჩენილმა წევრმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მხარი დაუჭირა ომს და ღიად ადიდა პრეზიდენტი ალიევი. რესპუბლიკური ალტერნატივის ლიდერი ილგარ მამედოვი და პროთურქული, მემარჯვენე AG პარტიის ლიდერი თურალ აბასლი სატელევიზიო გადაცემებში მიიწვიეს, რაც საკმაოდ უჩვეულოა აზერბაიჯანისთვის. ორივე პარტიის ლიდერმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტ ალიევსა და აზერბაიჯანულ არმიას. საპირისპიროდ, პარტია მუსავათმა და სახალხო ფრონტმა მხარი დაუჭირეს შეიარაღებულ ძალებს და ბატონი ალიევის მხარდაჭერას ფრთხილად აარიდეს თავი.

8 ნოემბერს შუშას აღების ამბავი გავრცელდა. ეს იყო მოვლენა, რომელსაც დიდი ისტორიული დატვირთვა ჰქონდა აზერბაიჯანისთვის (და სომხეთისთვის) და ეროვნული ზეიმის სახე მიიღო.

აქტივისტთა მხოლოდ მცირე ჯგუფი, ძირითადად ფემინისტები და მემარცხენეები, შეუერთდა #არაომის კამპანიას. შედეგად, ბევრი მათგანი ონლაინ შევიწროებისა და საჯარო გმობის სამიზნე გახდა. მიუხედავად ვირტუალური საჯარო თავდასხმებისა, სახელმწიფო უშიშროების სამსახურებს ეს აქტივისტები დიდად არ ამოუღიათ მიზანში.

44- დღიანი ომის შემდეგ ორივე მხარემ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც ასევე გულისხმობს რუსი სამშვიდობოების განლაგებას მთიან ყარაბაღში. ომის დასრულება აზერბაიჯანში საყოველთაო ზეიმით აღინიშნა და გამარჯვებად იყო აღქმული. ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ დარჩა, ხოლო სტეფანაკერტელი ეთნიკური სომეხი დევნილები თავიანთ სახლებში დაბრუნებას შეძლებენ. მთიანი ყარაბაღის გარეთ ყველა სხვა დანარჩენი ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლს დაუბრუნდება, ხოლო რუსი სამშვიდობოები მხარეებს დააშორიშორებენ და სულ მცირე 5 წლის მანძილზე ძალადობისგან დაცვას უზრუნველყოფენ. კითხვები კვლავ რჩება, თუმცა ერთი რამ ცხადია: სამშვიდობო შეთანხმება შესამჩნევად გაზრდის რუსეთის როლს რეგიონში.

დასკვნა: ცხოვრება ომის შემდეგ

თავისი სიტყვის ბოლოს, რომელიც სამშვიდობო შეთანხმებას ეხებოდა, პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ომის მიმდინარეობისას ‘’მხარი დაუჭირა სახელმწიფო ინტერესებს’’ (10 ნოემბერი, President.Az, 2020).

მართალია, პანდემიის პირველი ტალღის დროს ოპოზიცია სახელმწიფო რეპრესიების სამიზნე იყო, თოფიგ იაგუბლუს შემთხვევამ დაადასტურა, რომ ძველ ოპოზიციას ჰყავს პუბლიკა და აქვს საზოგადოებრივი მხარდაჭერა. თუმცა მთიანი ყარაბაღის დაკარგვის გარშემო აგებულმა ეროვნულმა იდეამ ხელი შეუშალა შექმნილიყო სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც არ იქნებოდნენ ორიენტირებული ნაციონალისტურ ნარატივებზე. კონფლიქტის დასაწყისში აშკარა იყო, რომ ოპოზიციას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა არსებული რეჟიმის, როგორც „ეროვნული ინტერესების დამცველის“, მხარდაჭერისა.

კონფლიქტის შედეგად მეტად სავარაუდოა, რომ ილჰამ ალიევის ლეგიტიმაცია გაძლიერდება.  თუ ომამდე რეჟიმის ჰეგემონია დეპოლიტიზებული უმრავლესობის პასიურ მიმღებლობას ემყარებოდა, ახლა უბრალო აზერბაიჯანელები ენთუზიაზმით აიგივებენ თავს პრეზიდენტ ალიევთან.

სამივე მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ (მუსავათი, სახალხო ფრონტი და რესპუბლიკური ალტერნატივა) გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება რეგიონში რუსული ჯარის განლაგების თაობაზე. ეს უკმაყოფილება უკავშირდება ოპოზიციაში არსებულ ანტირუსულ პოზიციებს. რესპუბლიკური ალტერნატივის მიხედვით, შეთანხმება არ გულისხმობს „აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“. სახალხო ფრონტის მიხედვით, რუსეთის ყოფნას პოტენციურად შეიძლება პოლიტიკური ჩარევა მოჰყვეს, ხოლო თურქეთი აზერბაიჯანის სასარგებლოდ დამბალანსებლის როლს შეასრულებს (Həzi, 2020).

მთლიანობაში, ომის შემდგომ აზერბაიჯანში კონტრჰეგემონიურ დისკურსს, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროპულ ინტეგრაციაზე, ვერ განვიხილავთ იმედის მომცემ სახალხო მობილიზების სტრატეგიად. აზერბაიჯანის სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში დასავლელი აქტორების პასიური როლი ევროკავშირს გარე დამკვირვებლად აქცევს. ამავდროულად, გამარჯვების ნარატივი უზარმაზარ გავლენას მოახდენს ეროვნულ იდენტობაზე, რომელიც ითამაშებს დეპოლიტიზების როლს ალიევის მთავრობის ხალხთან გაიგივებით. ამ გამარჯვების შედეგი შეიძლება იყოს „ეროვნული შერიგება“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლეგიტიმაცია. ახლახან თავის სიტყვაში ალიევმა ისევ ბრალი დასდო სახალხო ფრონტის 1992-93 წლების მთავრობას მთიანი ყარაბაღის დაკარგვის გამო (22 ნოემბერი, APA, 2020), რაც ახალ სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში ძველი ოპოზიციის ლეგიტიმაციას ნაკლებ სავარაუდოს ხდის. თუმცა ეტატისტური ერთობისა და ‘’ხალხი-როგორც-ერთის’’ ნარატივს ტოტალიტარული ელფერი აქვს, რაც უახლოესი მომავალისთვის არარეალურად აქცევს ლიბერალ-დემოკრატიული შემობრუნების ნებისმიერ იმედს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი