ახალი ამბები

დევნილთა სააგენტო აცხადებს რომ ჩანგელიებს ზუგდიდში ბინა გადასცეს, რას პასუხობს ადვოკატი

20 დეკემბერი, 2020 • 1624
დევნილთა სააგენტო აცხადებს რომ ჩანგელიებს ზუგდიდში ბინა გადასცეს, რას პასუხობს ადვოკატი

ჩანგელიების ოჯახთან დაკავშირებით დევნილთა სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ოჯახს დეკემბერში ზუგდუდში სამოთახიანი ბინა გადაეცა. სააგენტოს ცნობითვე, ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე ზუგდიდში მიიღეს.

“აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხოლო 14 დეკემბერს ჩანგელიების ოჯახს, სხვა დევნილ ოჯახებთან ერთად ბინა გადავეცით. ზუგდიდში, სამოთახიანი ბინა გადაეცათ მშობლებსა და 3 შვილს, მათ შორის 8 წლის ბიჭს, რომლის ფოტოთიც ბოლო რამდენიმე დღეა მანიპულირებენ. რაც შეეხება ბებიას, მას სახელმწიფოს მხრიდან თბილისში, სამგორის ქუჩაზე, 33 კვ.მ საცხოვრებელი ფართი აქვს დაკანონებული,”-აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოს ამ განცხადებას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი გამოეხმაურა, რომელიც ამ ოჯახის ინტერესებს სასამართლოში იცავს. მისი თქმით, ფურცელზე გადაცემული ბინა 2020 წლის დეკემბერში, როდესაც ოჯახს ჯერ გასაღებიც არ აქვს და როცა ჯერ არავინ შესახლებულა მათი ინფორმაციით იმ კორპუსში, ბინის ქონას არ ნიშნავს.

Posted by Anna Arganashvili on Sunday, December 20, 2020

“ვინაიდან ამ ოჯახს არ ჰქონდა საცხოვრებელი მთელი ეს პერიოდი, ამიტომ ააშენეს ნაგავსაყრალზე სახლი და ამაში შშმ პირთა პენსიის წინასწარგამოტანილი სესხი გამოიყენეს. მათ ამ სესხის აღება და საჭმლის ნაცვლად სახლის აშენება არ მოუწევდათ, ეგ ბინა დროულად რომ გადაგეცათ. მათი მთავარი მოთხოვნაც ესაა, სესხი, რაც სახლის აშენებაში გადაიხადეს, დაუბრუნოთ და სანამ ზუგდიდის გასაღები არ ექნებათ, ქუჩაში არ დატოვოთ.

შშმ პირთა პენსია ადამიანებს იმისთვის აქვთ დანიშნული, რომ საჭმელი ჭამონ და არა ნაგავსაყრელზე სახლები აშენონ. თქვენ კი, ადამიანების საჭმლის ფულით აშენებულ სახლებს ბულდოზერები არ უნდა ურტყათ,”-წერს არგანაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  თბილისის საქალაქო სასამართლოს 8 წლის გიგი ჩანგელიას სახელით მიმართა მოთხოვნით, რათა მას სახლი არ დაუნგრიონ.

ორგანიზაციის ცნობით, 8 წლის გიგი ჩანგელია აფრიკის დასახლებაში შშმ მშობლებთან და 79 წლის ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ყველა მათგანი დევნილია.

„აქვთ პატარა სახლი, რომლის დანგრევის შემთხვევაში ისინი დარჩებიან გარეთ, ყინვაში. სახლის დემონტაჟი დაგეგმილია კვირა დილას“, – დაწერა ფეისბუკზე ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ანა არგანაშვილმა. გუშინ, 19 დეკემბერს, ცნობილი გახდა რომ  სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი.

“სასამართლოს დასაბუთება არის ძალიან სევდიანი და ტექნიკური, როდესაც სასწორზე დევს ბავშვის ისაფრთხოება და მისი სახლის გადარჩენა. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ბავშვს ვუთხარით სასამართლო მას მთელი გულით და ყურადღების მოუსმენდა. სასამართლოს უარს გავასაჩივრებთ,”-დაწერა არგანაშვილმა Facebook-ზე. ჩანგელიების ოჯახის მხარდასაჭერად თითქმის მთელი დღის განმავლობაში ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებოდნენ.

“როგორც ხედავთ და ალბათ მოსალოდნელიც იყო დღეს უკან დაიხიეს, არ მოსულან ბულდოზერებით სახლების დასანგრევად. არ მივატოვებთ ამ ხალხს და ყოველთვის დავიცავთ, რათა ღია ცის ქვეშ არ აღმოჩნდნენ,”-უთხრა ჟურნალისტებს ბექა წიქარიშვილმა.

8 წლის გიგი სასამართლოს სთხოვს, არ დაუნგრიონ სახლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი