ახალი ამბები

კონსულტაციებში ვარ პოლიტიკურ ძალებთან, ახალი არჩევნების მიღწევის გზებზე – მარგველაშვილი

19 დეკემბერი, 2020 •
კონსულტაციებში ვარ პოლიტიკურ ძალებთან, ახალი არჩევნების მიღწევის გზებზე – მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებშია ჩაბმული ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის გზებზე. აღნიშნულის შესახებ მან “რუსთავი2”-ის ეთერში ილაპარაკა, თუმცა დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

“მე ვარ კონსულტაციებში ხსენებულ პოლიტიკურ ძალებთან, სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ერთ საკითხთან დაკავშირებით: ეს არის, როგორ იქნას მიღწეული ახალი საპარლამენტო არჩევნები, როგორ არ დაზარალდეს დემოკრატია და ჩემი სამშობლო საქართველოს მაგივრად საქართველოს სსრ არ გახდეს ისევ. ამასთან დაკავშირებით ვარ კონსულტაციებში. ამას ერთმნიშვნელოვნად გიდასტურებთ”, – თქვა მან.

წამყვანის კითხვაზე, მოიცავს თუ არა კონსულტაციები საუბარს მარგველაშვილის შეერთებაზე რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, მამ თქვა, რომ ამჟამად ამის შესახებ საუბარი არ არის:

“ლაპარაკი რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაზე ამ კონსულტაციების დროს საერთოდ არ ყოფილა. ჩემი აზრით, ეს არის სწორი, რადგან ჯერ მოსასწორებელია სათამაშო მოედანი და შემდეგ უნდა ჩამოყალიბდნენ გუნდები, როგორც მათ უნდათ თამაში”.


ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას 12 დეკემბერს შეუდგა. პირველ სხდომას მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამავე დღეს ოპოზიციის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ენდობიან არჩევნების ოფიციალურ შედეგს და არ აპირებენ მიღებული მანდატებით სარგებლობას.

დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებსა” და “რესპუბლიკურ პარტიას”. ისინი ამბობენ, რომ “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დასრულებას დაელოდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი