ახალი ამბები

რატომ წარადგინეს ჰააგის მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის მინისტრად

18 დეკემბერი, 2020 • 1254
რატომ წარადგინეს ჰააგის მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის მინისტრად

გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე დაასახელა, საქართველოს მოსამართლეობის კანდიდატად ჰყავს წარდგენილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) .

ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების ასამბლეის მე-19 სესიაზე გაიმართება, რომელიც ნიუ იორკში 17-23 დეკემბერს ტარდება. ასამბლეის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონიდან ექვსი მოსამართლე უნდა აირჩეს. ICC-ის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება. 21 დეკემბრიდან იწყება საქართველოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების გრაფიკი.

ICC-ის მოსამართლე, იმავდროულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვერ იქნება, შესაბამისად, მთავრობას ან არ აქვს მოლოდინი, რომ ლორთქიფანიძეს აირჩევენ  ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ან  შესაძლოა, ლორთქიფანიძემ იუსტიციის მინისტრობა არჩიოს ჰააგის მოსამართლეობას (არჩევის შემთხვევაში). უნდა ითქვას, რომ  საქართველოს არ ჰყავს სხვა კანდიდატი ICC-ის მოსამართლის პოსტზე.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რატომ დასახელდა ლორთქიფანიძე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მაშინ, როდესაც პარლალელურად ICC-ის მოსამართლის არჩევნებში მონაწილეობს, რაზეც იუსტიციის სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების არჩევის “პროცესი ჯერ არ დასრულებულა”. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში კი “ნეტგაზეთს” უთხრეს:

“გოჩა ლორთქიფანიძე დღემდე ასრულებდა იუსტიციის მინისტრის მოვალეობას და, ამავდროულად, წარდგენილი იყო (ამჟამადაც წარდგენილია) ჰააგაში მოსამართლეობის კანდიდატად, რასაც მისთვის ხელი არ შეუშლია მინისტრის მოვალეობის ეფექტურად შესრულებაში და არც კანონით გათვალისწინებული რაიმე შეუთავსებლობაა ამ მხრივ, რომ ის არის კონკურსანტი. აღნიშნული კონკურსი რა შედეგით დასრულდება, არავინ იცის და კონკურსში მისი კანდიდატურის გასვლის შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბატონი გოჩა, ეს იქნება მისი გადასაწყვეტი”.

საქართველო ICC-ში მოსამართლეობის კანდიდატად გოჩა ლორთქიფანიძეს წარადგენს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი