ახალი ამბები

საქართველო ICC-ში მოსამართლეობის კანდიდატად გოჩა ლორთქიფანიძეს წარადგენს

20 მარტი, 2020 • 1654
საქართველო ICC-ში მოსამართლეობის კანდიდატად გოჩა ლორთქიფანიძეს წარადგენს

საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლეობის კანდიდატად იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის წარდგენას.

ICC-ის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საკუთარ წარმომადგენელი ეყოლება.

პლენარულ სხდომამდე გოჩა ლორთქიფანიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს, სადაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის მომართვა, რომ მიუხედავად პოლიტიკური ბოიკოტისა, რის გამოც „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციები და მასში შემავალი პარლამენტის წევრები სხდომას არ ესწრებიან, ისინი მხარს უჭერენ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას.

გოჩა ლორთქიფანიძემ დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა 1995 წელს, ჰარვარდის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრატურა 2004 წელს. 2011 წლიდან არის ფორდამის სამართლის სკოლის (აშშ) დოქტორანტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის მინისტრის მოადგილეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი