ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას იწყებს.
ICC-ს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს გამოძიება ბელარუსში არსებულ ვითარებაზე, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი გარემოცვის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით.
ICC-ს პროკურატურა ლიეტუვის მოთხოვნის საფუძველზე 2024 წლის 30 სექტემბრიდან აწარმოებდა წინასწარ მოკვლევას ბელარუსის ოპოზიციის დევნის გამო.
გამოძიება ეხება 2020 წლის 1 მაისიდან ბელარუსში ჩადენილ ტრანსსასაზღვრო დანაშაულებს, რომელთა მინიმუმ ერთი ელემენტი მაინც ლიეტუვის ტერიტორიაზე განხორციელდა. ეს მოიცავს დეპორტაციასა და პოლიტიკური ნიშნით დევნას დეპორტაციის გზით ნებისმიერი ჯგუფისა თუ გაერთიანების მიმართ, რასაც სავარაუდოდ ბელარუსის ხელისუფლება სჩადიოდა.
კერძოდ, ლუკაშენკო ბელარუსის ციხიდან გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს სისტემატურად და იძულებითი წესით აძევებს ქვეყნიდან, ძირითადად ლიეტუვაში — რომელიც საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შედის.
ბალტიისპირეთის ეს სახელმწიფო თავშესაფრად იქცა ბელარუსის ათიათასობით მოქალაქისთვის, რომლებმაც სამშობლო მას შემდეგ დატოვეს, რაც 2020 წელს ალექსანდრე ლუკაშენკომ საპროტესტო აქციები ძალადობრივად ჩაახშო.
2024 წლის სექტემბერში ლიეტუვამ ჰააგაში ბაზირებულ ICC-ს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი არ არის ICC-ის წევრი სახელმწიფო, ლიეტუვა ამტკიცებდა, რომ დანაშაულების გარკვეული ელემენტები მის ტერიტორიაზე განხორციელდა, რაც სასამართლოს იურისდიქციის გამოყენების საშუალებას აძლევს.
12 მარტს ICC-ის პროკურატურამ განაცხადა, რომ დაასრულა წინასწარი მოკვლევა საქმეზე — „ვითარება ლიეტუვასა და ბელარუსში“.
პროკურატურის განცხადებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დეტალური შეფასების შემდეგ, პროკურორებმა დაადგინეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ჩადენილია ან ხორციელდება დანაშაულები, რომლებიც სასამართლოს იურისდიქციაში შედის.
პროკურორის ოფისის განმარტებით, ეს ქმედებები ჩადენილია „სულ მცირე ნაწილობრივ მაინც ლიეტუვის ტერიტორიაზე“.
„თავისი მანდატის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი აღსრულების ფარგლებში, პროკურატურამ ყურადღებით განიხილა წინასწარი მოკვლევისას მიღებული ყველა მასალა და განაცხადი. გადაწყვეტილების მიღებისას უწყება ხელმძღვანელობდა რომის სტატუტის მოთხოვნებით და ითვალისწინებდა იურისდიქციის, დასაშვებობისა და მართლმსაჯულების ინტერესების საკითხებს. ლიეტუვასა და ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მას შემდეგ, რაც დაასკვნა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული დანაშაულები, სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, ლიეტუვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი“, — ნათქვამია ICC-ის განცხადებაში.
ICC-ის თანახმად, არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ დეპორტაციის გამომწვევი იძულებითი ქმედებები, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, მიმართული იყო ბელარუსის მთავრობის რეალური თუ სავარაუდო ოპონენტების წინააღმდეგ.
„პროკურატურამ დაასკვნა, რომ ხელისუფლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები წახალისებული ან მოწონებული იყო მთავრობის უმაღლეს დონეზე. ასევე არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეს დანაშაულები განხორციელდა მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმის ფარგლებში, მათი მასშტაბის, მსხვერპლთა რაოდენობისა და ქმედებების ორგანიზებული ხასიათის გათვალისწინებით“, — განაცხადა სასამართლომ.
ბელარუსი სისტემატურად და იძულებითი წესით აძევებს ციხიდან გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს, ძირითადად ლიეტუვაში. დევნილობაში მყოფი ბელარუსი ოპოზიციონერები რეგულარულად იტყობინებიან, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას მათ ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) სამსახურები ემუქრებიან.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ (Viasna) მონაცემებით, ბელარუსში ამჟამად 1 139 პოლიტპატიმარი იმყოფება.
ბელარუსი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი და იქ ჩადენილი დანაშაულები სასამართლოს იურისდიქციაში არ შედის, თუმცა ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები ამ იურისდიქციას ექვემდებარება.
სასამართლოსთვის მიმართვის დროს ლიეტუვის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ICC-სგან ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემას ელოდება.
ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პროკურორის გამოძიება გამოავლენს გონივრულ საფუძველს ორდერის მოთხოვნისთვის, რომელიც შემდგომ ICC-ის მოსამართლეებმა უნდა დაამტკიცონ.
