ახალი ამბები

FDA-ს მრჩეველთა პანელმა Moderna-ს ვაქცინის დამტკიცების რეკომენდაცია გასცა

18 დეკემბერი, 2020 •
FDA-ს მრჩეველთა პანელმა Moderna-ს ვაქცინის დამტკიცების რეკომენდაცია გასცა

აშშ-ის საკვებისა და მეტიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა პანელმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა Moderna-ს მიერ შექმნილ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას და მისი დამტკიცებისთვის დადებითი რეკომენდაცია გასცა.

პანელი ავტორიტეტული მეცნიერებისგან შედგება, რომლებმაც 20 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიჩნიეს, რომ აღნიშნული პრეპარატის სარგებლიანობა აჭარბებს რისკებს 18 წლისა და უფრო დიდი ასაკის მოსახლეობაში.

მსგავსი პროცედურა გასულ კვირას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინამაც გაიარა, რომელიც მრჩეველთა პანელისგან დადებითი რეკომენდაციის მიღების შემდეგ, FDA-მ გამოსაყენებლად მეორე დღესვე დაუშვა. შესაბამისად, როგორც BBC წერს, არის მოლოდინი, რომ მალე მსოფლიოს ახალი კორონავირუსის ორი ვაქცინა ექნება, რომელიც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ იქნება აღიარებული.

როგორც FDA-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, სააგენტო შეეცდება ეს უმოკლეს დროში გააკეთოს, რათა საშუალება მისცენ კომპანიას, დაიწყოს ვაქცინის მილიონობით დოზის ტრანსპორტირება.

მრჩეველთა საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რეგულატორების განცხადება, რომ Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინა 94%-ით ეფექტიანია და უსაფრთხო. ამასთან, აშშ-ს უკვე აქვს შეთანხმება კომპანიასთან, რომ პრეპარატის 200 მილიონ დოზას შეიძენს, საიდანაც 6 მილიონი დოზა მისი დამტკიცებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ.

Moderna-ს ვაქცინის უპირატესობა Pfizer-თან შედარებით ისაა, რომ მისი ტრანსპორტირება და შენახვა -20 გრადუს ტემპერატურაზეა შესაძლებელი, როცა Pfizer-ის ვაქცინას -75 გრადუსი სჭირდება, რაც ლოჯისტიკური მიმართულებით სირთულეებს წარმოშობს.

თუმცა, Pfizer-ის მსგავსად, Moderna-ს ვაქცინაც მოქალაქეებმა 28 დღის პერიოდში მეორედ უნდა გაიკეთონ.

Moderna-ს ვაქცინის 56 მილიონი დოზის შესყიდვას აპირებს კანადაც, საიდანაც 2 მილიონ დოზას მარტისთვის მიიღებს, დიდმა ბრიტანეთმა კი წინასწარ შეუკვეთა პრეპარატის 7 მილიონი დოზა.

პრეპარატის შეძენის სურვილი გამოთქვა ევროკავშირმაც. გასულ თქვეში ცნობილი გახდა, რომ EU-ს ქვეყნები 80 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვას აპირებენ. მას შემდეგ კი, რაც მისი ეფექტურობა დამტკიცდება, დამატებით 80 მილიონს შეიძენენ.

ხელშეკრულება კომპანიასთან გააფორმა იაპონიამ 50 მილიონ დოზაზე, სამხრეთ კორეამ -20 მილიონზე, შვეიცარიამ კი -7.5 მილიონზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი