ახალი ამბები

“შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება ხელისუფლებასთან” – ნათელაშვილი

17 დეკემბერი, 2020 • 982
“შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება ხელისუფლებასთან” – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ყველანაირი მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს და სახალხო პარლამენტი შეიქმნას. მისი თქმით, ასეთი უნდა იყოს რეაქცია “ოცნების” ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში არშესულ პარტიებს უნდა შეუწყდეთ ყველანაირი პრივილეგიის მიღების უფლება, მათ შორის, დაფინანსება და უფასო სარეკლამო დრო ტელევიზებში.

“შექმნილ ვითარებაში შეჩერდეს ყველა მოლაპრაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, სანამ ევროკავშირი და აშშ არ დაგმობს პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში. სანქციებს დაექვემდებაროს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი პარლამენტის ყველა წევრი. პოლიტიკურ პარტიებისგან, პარლამენტში არშესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ისეთივე მრისხანე, რა ღელვაც ჩვენი ხალხის გულებშია ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკით გამოწვეული”, – ამბობს ნათელაშვილი.

მისი თქმით, დაფინანსებისა და უფასო სარეკლამო დროის შეწყვეტის მიუხედავად, ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა:

“საჭიროა ოპოზიციური ძალების კოორდინაცია, პოლიტიკური პროცესების მართვა. სახეზე გვაქვს არალეგიტიმური და არაუფლებამოსილი პარლამენტი, რომელსაც არ გააჩნია კომპეტენცია, მიიღოს გადაწყვეტილებები კონსტიტუციურ საკითხებზე, ტერიტორიული მოწყობის მიმართულებით, მიწის ურთიერთობათა დარეგულირებაზე, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და ,ფაქტობრივად, პარლამენტი არ გვყავს.

ამიტომ ახლა საჭიროა ოპოზიცის კონსოლიდაცია გარკვეულ სტრუქტურაში, რომელიც იქნება ჩვენი ხალხის აზრის წარმომადგენელი ქვეყნის შიდა და საგარეო ურთიერთობებში იმ გარდამალ პერიოდში, რომელიც წინ გველოდება ახალ და დემოკრატიულ არჩევნებამდე”, – აცხადებს ნათელაშვილმა.

როგორც “ლეიბორისტების” ლიდერი ამბობს, უახლოეს დღეებში ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ამ ინიციატივას მათაც გააცნობს და საკითხზე იმსჯელებენ.

პარტიების დაფინანსების შეჩერებაზე კანონპროექტი ინიცირებულია

მასალების გადაბეჭდვის წესი