ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყველა ზომა მიიღოს ახალგორში ადამიანების დასახმარებლად

17 დეკემბერი, 2020 • 1300
საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყველა ზომა მიიღოს ახალგორში ადამიანების დასახმარებლად

უფლებადამცველი ორგანიზაცია EMC ახალგორში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს ეხმიანება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისების მოსაგვარებლად და  საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

2019 წლის სექტემბრის შემდეგ ახალგორის დაბა და მიმდებარე სოფლები ჩაიკეტა და პრაქტიკულად იზოლირებულია დანარჩენი რეგიონებისგან.

პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გართულდა სოციალური მდგომარეობა იმ ადგილობრივებისთვის, ვინც ძირითადად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აღებული პენსიით ირჩენდა თავს. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ვერ ახერხებდნენ პენსიის მიღებას და მხოლოდ 2020 წლის იანვარში გახსნა დე ფაქტო ხელისუფლებამ გამშვები პუნქტი მხოლოდ პენსიონერებისთვის და  ისიც შეზღუდული ვადით.

“თუმცა ამ მიზნით გამოსვლის პროცედურაც თანმიმდევრული და გამჭვირვალე არ არის. ამასთან, გართულებულია პაციენტების გამოყვანა ამ რეგიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ წითელი ჯვარის დახმარებით პაციენტების ნაწილის გადმოყვანა თბილისში ხერხდება, ეს პროცესი ხშირად აწყდება გაუმართლებელ ბარიერებს ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების უწყებებიდან. პაციენტს წითელი ჯვარი თბილისში გადმოიყვანს, მათ სჭირდებათ შესაბამისი ნებართვების აღება ადგილობრივი დე ფაქტო უწყებებიდან და ადგილობრივი კლინიკის ექიმებისგან, რაც ხშირად არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით, გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში”.

2020 წლის იანვარში პენსიონერებისთვის საზღვრების გახსნის შესაძლებლობით ვერ ისარგებლა 62 წლის გურამ ბეინაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შინაგანი ორგანოების დაავადებით გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში ავიაციაში მსახურეობდა და სწორედ ამის გამო სპეციალურ პენსიას იღებდა. თუმცა, არასაპენსიო ასაკის გამო,  დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და მძიმე ეკონომიკურ პირობებში უწევდა ცხოვრება.

“იმის გამო, რომ მან ვერც ცხინვალის და ვერც ახალგორის საავადმყოფოებში დახმარება ვერ მიიღო, ის სათანადო სამედიცინო მხარდაჭერის გარეშე გარდაიცვალა”.

ორგანიზაციის ცნობითვე, ჯანდაცვის პრობლემების წინაშე დგას მძიმე დაავადებული გოგი თათარაშვილიც, რომელსაც ადგილობრივი ექიმი ცნობას არ აძლევს, რომ წითელი ჯვრის დახმარებით შეძლოს გადმოსვლა და სამედიცინო დახმარების მიღება.

დროული სამედიცინო დახმარების არარსებობის პირობებში ბოლო თვეების განმავლობაში ახალგორის რაიონში ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა.

“სიტუაციას ამძიმებს ის გარემობაც, რომ ახალგორში ექიმები პრაქტიკულად აღარ დარჩნენ”.

ამასთან, ჯანდაცვის და მძიმე სოციალური პრობლემების გამო ახალგორის დაბა და მისი სოფლები დღითიდღე იცლება, სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მიიღონ გასვლის ნებართვა, ასევ,ე წითელი ჯვრის დახმარებით გადმოდიან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, წეროვანში და სხვა ადგილებში საკუთარ ოჯახებთან გაერთიანების მიზნით.

შესაბამისად, EMC მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • გააძლიეროს საერთაშორისო დიპლომატიური მისიების გავლით ზეწოლა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაზე მიმოსვლის თავისუფლების აღსადგენად და დროული და შეუფერხებელი სამედიცინო დახმარებების უზრუნველსაყოფად;
  • გამოიყენოს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან არაფორმალური კომუნიკაციის ყველა არხი შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე ახალგორსა და მიმდინარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების დასაცავად;
  • წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საშუალებით უზრუნველყოს სამედიცინო რესურსების, მათ შორის მედიკამენტების და სამედიცინო პერსონალის ცხინვალის რეგიონში, მათ შორის, ახალგორის რაიონში გაგზავნა.

 

ახალგორი; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი