ახალი ამბები

რურუას ცემის საქმეზე გლდანის ციხის ორი თანამშრომელი დააკავეს

16 დეკემბერი, 2020 • 1164
რურუას ცემის საქმეზე გლდანის ციხის ორი თანამშრომელი დააკავეს

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი რურუას ცემის საქმეზე გლდანის ციხის 2 თანამშრომელი დააკავეს. სამინისტროს გენერალური ინსპექცია პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორსა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება, რის შედეგადაც, გიორგი რურუას ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში 2020 წლის 16 ნოემბერს დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა და რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

შესაბამისად, 2020 წლის 16 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ №8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები: შ. მ. და ლ. გ.”, – აცხადებენ სამინისტროში.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება.

2 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ ციხეში  გიორგი რურუას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახის არეში.

რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. 2019 წლის  ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

პენიტენციური ადასტურებს, რომ რურუას ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი