ახალი ამბები

პენიტენციური ადასტურებს, რომ რურუას ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ

2 ნოემბერი, 2020 • 1016
პენიტენციური ადასტურებს, რომ რურუას ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ

სპეციალური პენიტენციური სამსახური ოფიციალურ განცხადებაში ადასტურებს, რომ ციხეში  გიორგი რურუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უწყება ამბობს, რომ დაწყებულია გამოძიება.

სამსახური წერს, რომ ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში.

ამ განცხადებამდე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ციხეში რურუაზე თავდასხმა მოხდა. მანვე განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთა იყო.

სამადაშვილი განცხადების საპასუხოდ, პენიტენციური ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია:

„სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით, გამოყვანილი იყო საკნიდან. დაახლოებით 15:25 სთ-ზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია. გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა.

როდესაც პ.ნ-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მაიყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. მას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

მომხდართან დაკავშირებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, დაიწყო გამოძიება. ამჟამად მიმდინარეობს დაკითხვის პროცედურები და კანონით დადგენილი წესით დაარქივებულია მოცემული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა“, – წერია განცხადებაში.

ოფიციალური განცხადებიდან მალევე გიორგი რურუამ ციხიდან დაწერა – „მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, წინ გამარჯვებისკენ!,“.


რურუა ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელთა გათავისუფლებას ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა წინააღმდეგ შემთხვევაში კი საარჩევნო სისტემის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს

მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა და მათ საპატიმრო დატოვეს, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების შესრულებამდე გიორგი რურუას გათავისუფლება და საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო დარჩენილი.

რურუა 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი