ნეტგაზეთი | 650 ათასი ლარი ვეტერანებს – დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის 2020 წლის ანგარიში 650 ათასი ლარი ვეტერანებს – დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის 2020 წლის ანგარიში – Netgazeti
RU | GE  
სილქნეტის მიერ დაფუძნებულმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

650 ათასი ლარი ვეტერანებს – დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის 2020 წლის ანგარიში

15 დეკემბერს სასტუმრო რადისონში სილქნეტის მიერ დაფუძნებულმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“  საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა.

სილქნეტის განცხადების თანახმად, “გულსატკენია, რომ მედიაში  საზოგადოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ინიციატივის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელდა.

გვსურს საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ:

“ეს საქველმოქმედო ღონისძიება გამართა „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდმა“ და მისი ერთადერთი მიზანი და დანიშნულება იყო ფონდის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა და დაჭრილი მეომრების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ჩვენი ფონდის ღონისძიებებს ტრადიციულად ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჩვენ მადლიერი ვართ იმისთვის, რომ მათ ამ ტრადიციას წელსაც არ უღალატეს.

ტრადიციულად, წლის ბოლოს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ საზოგადოებას განვლილი წლის ანგარიშს წარუდგენს. წლევანდელის მსგავსად, 2019 წელსაც ეს ღონისძიება 15 დეკემბერს ჩატარდა, თუმცა წლევანდელისგან ძალიან განსხვავებულ ფორმატში, საქველმოქმედო გალა-ვახშმის სახით. 

2020 წლის შემაჯამებელი საქველმოქმედო ღონისძიება ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების დაცვით ვირტუალურ რეჟიმში  გაიმართა.  ფონდს არც პანდემიის პირობებში არ შეუჩერებია თავისი საქმიანობა. უფრო მეტიც, წელს ფონდმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დაჭრილი მებრძოლების საჭიროებებს. 

15 დეკემბერს სასტუმრო რადისონიდან ტრანსლირებულ ვირტუალურ ღონისძიებას შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ევროკავშირის, ამერიკის და საფრანგეთის ელჩები და სამხედრო ატაშეები, ნატო-საქართველოს ძირითადი ჯგუფის ახლადდანიშნული ლიდერი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს საბანკო ასოციაციის, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს ქალთა ასოციაციისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. 

ღონისძიება  ფონდის დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა გახსნა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაჭრილ მებრძოლებს სიტყვით მიმართა და ფონდის საქმიანობას გამოეხმაურა. დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ფონდის გენერალურმა დირექტორმა და გამგეობის წევრმა დავით მამულაიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა ფონდის 2020 წლის საქმიანობის დეტალური ანგარიში. 

წელს ფონდის მიერ გაღებული თანხები 655 000 ლარს აღემატება. დაფინანსდა 84 დაჭრილი მებრძოლი:  59 ვეტერანი და 25 სამხედრო მოსამსახურე. 

ფონდმა დააფინანსა:

  • 24 ოპერაცია –   531,230.62 ლარით
  • 3 საზღვარგარეთ მკურნალობა – 23,006.62 ლარით  
  • 9 არასრულწლოვანი შვილების სარეაბილიტაციო კურსები და ოპერაციები – 15,463.67 ლარით
  • 15 ბენეფიციარის მედიკამენტებით უზრუნველყოფა –  39,778.89 ლარით
  • 1 ბენეფიციარის საცხოვრებელი ფართის ადაპტირება – 2,457.90 ლარით
  • 2 რეაბილიტაციის კურსი – 3,529.00 ლარით
  • 3 სასწავლო კურსი პროფესიული გადამზადების მიზნით – 4,328.25 ლარით
  • 27 სამედიცინო მომსახურება – 35,818.63 ლარით

 

„მიუხედავად იმ გამოწვევისა, რომლის წინაშეც წელს დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ჩვენი ქვეყანაც აღმოჩნდა, ფონდმა საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. ასეთ რთულ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გვერდით დავუდგეთ ჩვენს დაჭრილ მეომრებს და მათ საჭიროებებს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ. გვინდა, რომ ამაში ბევრი სხვა ადამიანი შემოგვიერთდეს, მათი თავდადების დაფასება ყველა მოქალაქის ვალია და დიდი პატივია“, – ამ სიტყვებით მიმართა ფონდის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა, ვირტუალურ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

„კომპანია „სილქნეტი“ ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს ფონდის ანგარიშზე. საზოგადოების მხრიდან ნებისმიერი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ფონდისთვის და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ოდენობის თანხა იქნება ეს. როდესაც ჩვენი განწყობითა და დამოკიდებულებით მხარში დავუდგებით დაჭრილ მეომრებს და გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას მათ მიმართ, ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანხები, რომელსაც ჩვენ გავიღებთ. ყველა შემოწირულობა ერთნაირად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია“,- განაცხადა ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა. 

ფონდის ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საფრანგეთის და ამერიკის ელჩებმა, ნატო-საქართველოს ძირითადი ჯგუფის ლიდერმა და ამერიკის სამხედრო ატაშემ. 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ კომპანია სილქნეტმა 2018 წლის ზაფხულში დააფუძნა. ფონდი არსებობს იმისათვის, რომ მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულ მეომრებს – ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, ჩვენი დროის გმირებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური და მორალური ტრამვები მიიღეს ჩვენი უსაფრთხოების და ჩვენი სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. ეს ადამიანები ჩვენგან დიდ მოწიწებას და პატივისცემას იმსახურებენ. ისინი თავიანთი ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ფასად იცავდნენ ჩვენს მომავალს. დღეს კი ჩვენი ვალია, მხარში დავუდგეთ მათ. ერთად ჩვენ ბევრად უფრო მეტს გავაკეთებთ, – ასეთია ფონდის გამგეობის ხედვა.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი