ახალი ამბები

“თუ რურუას არ შეეხო, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების გასაპრავებლად” — უგულავა

16 დეკემბერი, 2020 • 1052
“თუ რურუას არ შეეხო, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების გასაპრავებლად” — უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ამნისტიას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ამნისტია “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუას საქმეს არ შეეხო, მაშინ ეს არის ამნისტია “საკუთარი ცოდვების გასაპრავებლად”.

უგულავას თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროექტზე საზოგადოებამ მეტი დეტალი იცოდეს. როგორც მან აღნიშნა, ეს ამნისტია ითვალისწინებს მუხლებს და არა პიროვნებებს, შესაბამისად, ის უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც.

“საყოველთაო ამნისტია სწორი იდეაა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებშია და ბატონი სარჯველაძე[“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის ავტორი] დეტალებზე არ გვესაუბრა, ერთადერთი დეტალი, რაც მისგან მოვისმინეთ, იყო ის, რომ ეს არ შეეხება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას. მე მინდა შევახსენო რომ ნებისმიერი ამნისტია, რომელიც აქამდე გაკეთებულა 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მუხლს ითვალისწინებდა, ითვალისწინებდა იარაღის უკანონო ტარების მუხლს, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართლები.

თუ ასეთ რამეებსაც შეიძლება ეს არ შეეხოს, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების გასაპრავებლად, ხოლო თუ საკუთარი ცოდვების გაპრავება უნდა “ქართულ ოცნებას”, ამაში ჩვენ ვერ დავეხმარებით და არ დავეხმარებით”, – აცხადებს უგულავა.

დღეს, 16 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან კიდევ ოჯახში ძალადობა. მისივე თქმით, ამნისტია სულ შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და ციხეს დატოვებს რამდენიმე ასეული პატიმარი.

როგორც კანონპროექტის ავტორმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული ამნისტია “მთავარი არხის” მეწილეს, გიორგი რურუას შეეხოს.

“ქართული ოცნება” ამნისტიას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი