ნეტგაზეთი | “ძალა ერთობაშია” მანდატებზე ოფიციალურად უარს ამბობს “ძალა ერთობაშია” მანდატებზე ოფიციალურად უარს ამბობს – Netgazeti
RU | GE  

“ძალა ერთობაშია” მანდატებზე ოფიციალურად უარს ამბობს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილის შემდეგ, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს ბლოკ “ძალა ერთობაშია” წარმომადგენლებმა.

ლევან ბეჟაშვილმა, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ დღეს პარლამენტში შეიტანეს საარჩევნო ბლოკის სიით გასული 36 დეპუტატიდან 33-ის განცხადება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ამ დრომდე მანდატებზე უარი არ უთქვამთ ნიკა მაჭუტაძეს, ნატო და როსტომ ჩხეიძეებს, თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” თამარ კორძაიამ განუცხადა, დარჩენილი სამი დეპუტატი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს დღეს, 16:00 საათზე მიმართავს.

დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.

მანდატებზე უარი ჯერჯერობით ოფიციალურად არ უთქვამთ “ევროპული საქართველოს”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “ლელოს”, “პატრიოტთა ალიანსის”, “გირჩისა” და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ირმა ნადრიაშვილის თქმით, ის დეპუტატები, რომელთა უფლებამოსილებაც აღიარა პარლამენტმა, უახლოეს დღეებში მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით.

“ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესის გაჭიანურებას, ტექნიკურად მიმდინარეობს შეთანხმებები, სამუშაოები ამ განცხადებების შესატანად და ამ პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ, რათა ჩრდილოკორეული პარლამენტი გაფორმდეს”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პარტიები, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობაზე უარს აცხადებენ, პარალელურად მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმებისთვის, რათა დეპუტატები, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, უფლებამონაცვლეებმა არ ჩაანაცვლონ. ცესკომ უკვე გააუქმა 5 ოპოზიციური  პარტიისა და ბლოკის საარჩევნო სიები.

ცესკო-მ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის და ბლოკის საარჩევნო სიები გააუქმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.