ახალი ამბები

“სოლიდარობით სავსე ახალი წელი” – კალაძემ ახალი წლის სლოგანი დაასახელა

16 დეკემბერი, 2020 •
“სოლიდარობით სავსე ახალი წელი” – კალაძემ ახალი წლის სლოგანი დაასახელა

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ამ წელს ახალი წლის ღონისძიებათა მთავარი თემა სოლიდარობა იქნება.

„სოლიდარობა გადაგვალახინებს შიშსაც, პანდემიასაც და ჩვენ ახალი იმედებით დავიწყებთ ახალ წელს, ყველა ერთად, ერთმანეთში გვერდით დგომით“, – ამბობს კალაძე და ამატებს, რომ “სოლიდარობით სავსე ახალი წელი” ამ ახალი წლის მთავარი სლოგანი იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებებს, თბილისის მერი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებათა მხოლოდ გარკვეული ნაწილი იგეგემება. მისი თქმით, წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, ის თანხები კი, რაც სოფელზე უნდა დახარჯულიყო, იმ ადამიანებს მოხმარდება, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა.

„ნაძვის ხესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ 17 დეკემბერს აინთება ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. ვიცით, ბევრი პატარა ელოდება ამ დღეს. მინდა მივმართო მათ და მათ მშობლებს, მოემზადონ და ტელეეკრანებიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ ნაძვის ხის ანთება. რა თქმა უნდა, უნდა ჩაიფიქრონ სურვილები, რომელიც აუცილებლად ახდება,“ – ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, მთავარი კონცერტი 31 დეკემბერს გაიმართება, რომელსაც მაყურებელი ვერ დაესწრება და მას პირდაპირ ეთერში გადასცემენ. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ანსამბლები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები.

„სცენაზე ძირითადად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი საახალწლოდ მოწყობილი ფანჯრებიდან, აივნებიან და ტერასებიდან. ჩართვებში ასევე გამოჩნდებიან საზოგადოებისთვის საყვარელი და ცნობილი ადამიანები“, – ამბობს ის და დასძენს, რომ კონცერტები ასევე გაიმართება 6 და 14 იანვარს.

კალაძემ ასევე ისაუბრა სახლების ნგრევის შესახებ, რომელიც 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში განახორციელეს. მან თქვა, რომ ეს იყო მიწების დატაცების უკანონო მცდელობა. როგორც ის ირწმუნება, მოსახლეობის ნაწილი იქ მართლაც სოციალურად დაუცველი იყო, მეორე ნაწილს სხვა უძრავი ქონება ჰქონდა.

15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რათა შენობები არ დაენგრიათ, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.

მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.

თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

ამ თემაზე წაიკითხეთი ასევე:

თბილისის მერია 491 ათასის დახარჯვას გეგმავს უმაყურებლო საახალწლო კონცერტში

მერია ნაძვის ხის ტოტების გადაკეთებასა და გირლანდების ყიდვაში ₾195 800-ს იხდის

მასალების გადაბეჭდვის წესი