ახალი ამბები

მერია ნაძვის ხის ტოტების გადაკეთებასა და გირლანდების ყიდვაში ₾195 800-ს იხდის

13 ნოემბერი, 2020 • 1228
მერია ნაძვის ხის ტოტების გადაკეთებასა და გირლანდების ყიდვაში ₾195 800-ს იხდის

თბილისის მერიას საახალწლო ნაძვის ხის ტოტების გადაკეთება და ახალი გირლანდის შეძენა  ₾195 800 უჯდება.

ხელშეკრულება 28 ოქტომბერს გაფორმდა კომპანია „ღამის შოუ სტუდიასა“ და „თბილსერვის ჯგუფთან“ გამარტივებული შესყიდვის ფორმით.

ინფორმაცია თავდაპირველად „ფორმულამ“ გაავრცელა და „ნეტგაზეთმა“ შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე გადაამოწმა.

ხელშეკრულება სამ ვალდებულებას აკისრებს სერვისის მიმწოდებელ კომპანიას:

  1. საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-გაფორმება (არსებული ნაძვის ხის ტოტების გადაკეთება და ა.შ.) — რაც 1 103 850 ლარი ჯდება;
  2. 70 ცალი ნათურიანი, 21 მეტრის სიგრძის გირლანდის შესყიდვას — რაც 70 950 ლარი ჯდება;
  3. სტრინგი კაბელით (10მ) — რაც 21 000 ლარი ჯდება;

კომპანიამ ეს ვალდებულებები 4 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს. დეტალური აღწერილობა ასეთია:

დავალების დეტალური აღწერა

ხელშეკრულებას თან ერთვის დასაბუთება, თუ რატომ გამოაცხადეს გამარტივებული წესით შესყიდვა: „თბილსერვის ჯგუფის“ 18 სექტემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ხოლო რადგან ხელახალი სატენდერო პროცედურების განხორციელება „საჭიროებს ხანგრძლივი ვადების დაცვას, აუცილებელია მითითებული საქონლის შესყიდვა განხორციელდეს შეზღუდულ ვადებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოესწრება საახალწლო გაფორმების უზრუნველყოფა და შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რაც ზიანს მიაყენებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს“, – წერია დასაბუთებაში.

თბილისის მერიამ 2019 წელს საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად და განათებებში 2.7 მლნ ლარი გადაიხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი