ახალი ამბები

“მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ?” – წულუკიანი გვარამიაზე

14 დეკემბერი, 2020 • 4873
“მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ?” – წულუკიანი გვარამიაზე

“მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?” – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” დამფუძენებლის, ნიკა გვარამიას გუშინდელი გადაცემის მონოლოგს, სადაც ტელეკომპანიის დირექტორმა გაიხსენა პროკურატურის მიერ გადაღებული კადრები, სადაც მისი ცოლ-შვილი ჩანან და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უწყება თვალთვალში.

წულუკიანის თქმით, გვარამია თავს ესხმის დასავლეურ ღირებულებებს და აცხადებს, რომ ის “ისტერიკაშია”:

“ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, მისი ბოლოდროინდელი პერფორმანსები, თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა, სხვა სიტყვა არ შეეფერება, არის ყოფილი, სამწუხაროდ, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე. ეს მძიმე სანახავია პიროვნულად, ადამიანურად, მას ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ცვლილება.

ძნელია კომენტარი გააკეთო ადამიანზე, რომელიც სტრატეგიული პარტნიორის ელჩზე ასეთ თვდასხმას ახორციელებს. ოჯახი ყველას გვყავს, ძნელია თურმე, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ… რას შვრებიან? უთვალთვალებენ? მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული. ნიკა გვარამიას პერფორმასი არის გაბომჟებული საცოდაობა, სანახაობა კი არა.

“ტვ პირველი” და “მთავარი არხი” ძალიან ბევრჯერ ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრულწლოვან ძმისშვილებთან, მოტყუებით, მიკროფონებით არის ბინებში შევარდნილი. ნიკა გვარამიას თუ ჰყავს ოჯახი, ჩვენც გვყავს ოჯახი”, – ამბობს წულუკიანი.

2019 წლის ნოემბერში “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია და ვიდეოკადრები, რომელიც მისი თქმით, პროკურატურამ გადაიღო და მისი ოჯახის წევრების გადაადგილებას ასახავს.

პროკურატურა აცხადებს, რომ გვარამიას ოჯახს არ უთვალთვალებენ და კადრები სასამართლოს განჩინების საფუძველზე პროკურატურის მიერ მოპოვებული ერთ-ერთი მტკიცებულებაა.

გაიგეთ მეტი ამ ამბავზე

გვარამიას თქმით, მის ოჯახს უთვალთვალებენ, პროკურატურა ამბობს, რომ ეს მტკიცებულებაა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი