ახალი ამბები

გვარამიას თქმით, მის ოჯახს უთვალთვალებენ, პროკურატურა ამბობს, რომ ეს მტკიცებულებაა

27 ნოემბერი, 2019 • 1815
გვარამიას თქმით, მის ოჯახს უთვალთვალებენ, პროკურატურა ამბობს, რომ ეს მტკიცებულებაა

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ოჯახს არ უთვალთვალებენ.

საუბარია ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის ოჯახის წევრები ჩანან. გვარამიას თქმით, ეს თვალთვალის შედეგად მოპოვებული ვიდეოა.

“ჩემს ცოლ-შვილს დასდევდა სუსი, კრიმპოლი და ყველანაირი დედააფეთქებული და “ღირსშესანიშნავ” მომენტებს აფიქსირებდნენ”, – წერს ნიკა გვარამია.

პროკურატურა აცხადებს, რომ გვარამიას ოჯახს არ უთვალთვალებენ და კადრები სასამართლოს განჩინების საფუძველზე პროკურატურის მიერ მოპოვებული ერთ-ერთი მტკიცებულებაა.

უწყების ცნობით, აღნიშნული კადრები ადასტურებს, რომ ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდნენ 76 ათას ევროს (232 201 ლარად) ღირებულების ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს “პროესკო მედიას” სახელზე.

უწყების განცხადებით, ამ ვიდეოსთან ერთად, საქმის სხვა მტკიცებულებები პროკურატურამ გადასცა ნიკა გვარამიას ადვოკატს:

“გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის თებერვალში ნიკა გვარამიამ “პორშეს ცენტრში” შეარჩია 76 700 ევროდ (232 201 ლარად) ღირებული ახალი ავტომობილი – “Porche Macan S” და კომპანიის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაუშვებდა მათი ბრენდის სარეკლამო რგოლებს. მათ შორის შედგა შეთანხმება – რუსთავი 2-ის ეთერში სარეკლამო რგოლების გაშვების სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ საკუთრებაში მიიღო ავტომობილი, თუმცა აღნიშნული სქემის შენიღბვის მიზნით ავტომობილი გააფორმა შპს “პროესკო მედიას” სახელზე.

2019 წლის პირველ ნოემბერს, გამოძიების ფარგლებში გამოტანილი დადგენილების მიხედვით, ნიკა გვარამიას დამატებით ბრალი ედება საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”, – ამბობენ პროკურატურაში.

გუშინ, 26 ნოემბერს “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელიც მისი თქმით, პროკურატურამ გადაიღო და მისი ოჯახის წევრების გადაადგილებას ასახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი