ახალი ამბები

მშობლები მასწავლიდნენ, რაც უნდა გამიჭირდეს, არ შემშურდეს, არ მოვიპარო – კალაძე

15 დეკემბერი, 2020 • 1078
მშობლები მასწავლიდნენ, რაც უნდა გამიჭირდეს, არ შემშურდეს, არ მოვიპარო – კალაძე

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ის ტერიტორია, სადაც დღეს მერიამ მშენებარე სახლები დაანგრია, „თითოეული თქვენგანის ქონებაა“ და „მიწის დატაცება დაუშვებელია“.

კალაძემ „რუსთავი 2-ზე“, „ღამის კურიერის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა:

„ჩემთვის ძალიან პრიცნიპულია სამართლიანობა. მე ყველანაირი პერიოდი მაქვს გამოვლილი. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბეც, რთული პერიოდიც. მაგრამ გავიზარდე ისე, რომ მშობლები ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ რაც უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში, არასდროს არ უნდა შევხედო სხვა, წარმატებულ ადამიანს ცუდი თვალით, არ უნდა შემეხარბოს მისი, არასდროს არ უნდა მოვიპარო…

შესაბამისად, ეს კონკრეტული შემთხვევები… ეს ხომ ჩემი საკუთარი მიწები არ არის. ეს თითოეული თქვენგანის ქონება არის და როდესაც ხდება მიწების დატაცება, უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, ეს მიდგომა კაგეტორიულად მიუღებელია“.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უშუალოდ იმ შენობებში, რაც დღეს აფრიკის დასახლებაში დაანგრიეს, არავინ ცხოვრობდა.

„ამ მშენებარე შენობა-ნაგებობებში არცერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. მიმდებარე ტერიტორიებზე არის დატაცებული მიწები, უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობები, სადაც კონკრეტული ოჯახები, ადამიანები ცხოვრობენ და ამ სახლებს, ამ ადამიანებს არავინ არ შეხებია. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რა ხდება?

15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, არ დაენგრიათმათი სახლები, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.

მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.

თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

კახა კალაძემ თქვა, რომ ვისაც სახლი არ აქვს, შეუძლია მუნიციპალური თავშესაფრით ისარგებლოს, რომელიც, მისი თქმითვე, „ნახევრად ცარიელია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი