საზოგადოება

რაზე ლაპარაკობენ ქართველი პოლიტიკოსები ტიკტოკზე

25 ოქტომბერი, 2023 • 2946
რაზე ლაპარაკობენ ქართველი პოლიტიკოსები ტიკტოკზე

ნიკა მელია, შალვა ნათელაშვილი, გიორგი გახარია, კახი კალაძე, იაგო ხვიჩია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ლევან ხაბეიშვილი – ეს იმ პოლიტიკოსთა არასრული ნუსხაა, რომლებსაც ტიკტოკზე შეხვდებით. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ, ვინ რაზე ლაპარაკობს და როგორ ესაუბრება გამომწერებს.

ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან ტიკტოკზე ყველაზე მეტი გამომწერი შალვა ნათელაშვილს ჰყავს – 50.8K. ნათელაშვილის პირველი ვიდეო მიმდინარე წლის 8 იანვარს დაიდო. მოგვიანებით შალვა ნათელაშვილმა დაადასტურა, რომ ეს მისი ოფიციალური არხი იყო და ხალხს გამოწერისკენ მოუწოდა. ნათელაშვილის მისალმების 8-წამიან ვიდეოს არხზე ყველაზე მეტი, 1.2 მილიონი ნახვა აქვს.

„მეგობრებო, მე არ შეგაწუხებთ ტიკტოკზე პოლიტიკით. აქ დაიდება თავისუფალი თემები, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას რაც აინტერესებს, იმ აუდიტორიაზეა გათვლილი. პოლიტიკით დაინტერესებულებმა მიაკითხეთ ჩემს ფეისბუქ გვერდს და იუთუბს“, – ამცნო შალვა ნათელაშვილმა 25 იანვარს გამომწერებს.

ტიკტოკზე აქტიური გამოჩენიდან სამ დღეში ნათელაშვილს უკვე 46 ათასი გამომწერი ჰყავდა.

„დიდი აჟიოტაჟი ატყდა თუ რატომ გავხდი ტიკტოკერი. მინდოდა ვყოფილიყავი თქვენთან ახლოს. და საერთოდაც, ჩემი ცხოვრების მიზანი, რომელსაც შევწირე შეგნებული არსებობის წლები, იყო მცდელობა, თქვენთან მოსასვლელი გზები მეძებნა. ასეთ მზამზარეულ პლატფორმას ნამდვილად ხელიდან ვერ გავუშვებდი“, – განუმარტა თავის გამომწერებს შალვა ნათელაშვილმა 29 იანვარს.

19 ივნისს შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ვიზიტის შესახებ გამომწერებს თვითმფრინავში ჩაწერილი ვიდეოდან ამცნო.

„დაუნდ დე დიქტეიტენ არ დაგავიწყდეთ,“ – მისწერა კომენტარებში ერთ-ერთმა გამომწერმა ნათელაშვილს. „მაგას რა დამავიწყებს“, – უპასუხა პოლიტიკოსმა.

28 ივნისს კი თეთრი სახლის წინ ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ჰყვება, თუ როგორ შეიქმნა 2011 წლის 28 ნოემბერს ცნობილი ვიდეო „დაუნ ვი დიქტეიტე“.

@georgianlabourparty #foryou #shalvanatelashvili #საქართველო🇬🇪 ♬ original sound – Shalva Natelashvili


შალვა ნათელაშვილის ტიკტოკ ანგარიშიდან ჩანს, რომ პოლიტიკოსი ცდილობს უშუალო იყოს თავის გამომწერებთან, აქტიურად პასუხობს მათ კითხვებს, მათ შორის- კრიტიკულებსაც.

ერთ-ერთი გამომწერის კომენტარზე „ეს ადამიანი პრეზიდენტად რომ აგვერჩია, აყვავებული ვიქნებოდითო“, ნათელაშვილი პასუხობს, რომ „ჯერ დრო კიდევ წინ არის“.

ვიდეოების ტექნიკური შესრულების ხარისხიდან გამომდინარე, ჩანს, რომ არხს, სავარაუდოდ, თავად შალვა ნათელაშვილი მართავს.

  • გიორგი გახარია

39.6 ათასი მიმდევარი ჰყავს ტიკტოკზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას.

მისი ვიდეოები ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: 2023 წლის ივნისამდე და ივნისის შემდეგ.

ივნისამდე გახარიას ანგარიშზე იდებოდა ვიდეოების ნაწყვეტები სხვადასხვა გამოსვლიდან, ინტერვიუდან და საჯარო განხილვიდან.

გიორგი გახარია ტიკტოკზე

2023 წლის 16 ივნისს გამოჩნდა პირველი ვიდეო, სადაც გიორგი გახარია თავის ძაღლთან, ლოლასთან ერთადაა.

„გამარჯობათ, მე გიორგი ვარ გახარია. ეს ლოლაა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გახშირდა სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი. ნებისმიერ საზოგადოებაში როგორ ეპყრობიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, ბევრ რამეზე მეტყველებს“ ,- ამბობს ვიდეოში გიორგი გახარია და გამომწერებს პარლამენტის წინ, ოთხფეხა მეგობრების დასაცავად დაგეგმილ აქციაზე ეპატიჟება.

მეორე ვიდეო, სადაც გახარია გამოჩნდა და ერთგვარად განსაზღვრა თავის გამომწერებთან ურთიერთობის სტილი, 2023 წლის 18 ივნისსაა გამოქვეყნებული. ვიდეო სამეგრელოში, სოფელ მუხურშია გადაღებული. გახარია ძველი მეგრული ოდის აივნის მოაჯირზე ზის, ჯინსში, მაისურსა და სპორტულ მოსაცმელში და საუბრობს, როგორ და რატომ უყვარს მუხური.

ერთ-ერთი თემა, რომელსაც გიორგი გახარია თავის ტიკტოკ ვიდეოებში ეხება, არის ძალადობა ქალთა მიმართ. ამ ვიდეოში გახარია პირობას დებს, რომ მათი პარტიის საარჩევნო სიაში ყველაზე მეტი ქალი იქნება.

გახარია ტიკტოკ ვიდეოებით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე. მაგალითად, კომენტარს აკეთებს საქართველოში რუსების შემოსვლაზე და ა.შ.

@gakhariagiorgi Replying to @Nina ჩემთვის “ოცნება” იყო ინსტრუმენტი, მემსახურე ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხისთვის. #გახარია #fyp #fypシ ♬ original sound – გახარია

ასევე, გიორგი გახარია საკუთარი ტიკტოკიდან სთხოვს ტელეკომპანია „იმედს“, დაუთმოს პირდაპირი ეთერი. ამავე ვიდეოში გახარია საუბრობს მისი პოლიტიკური კარიერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამის, 20 ივნისის შესახებ და ამტკიცებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობას უტევდნენ.

გახარიას ტიკტოკ აქტივობიდან შეიძლება ითქვას, რომ ცდილობს იმ ამომრჩევლის მიმხრობას, ვინც თავს აიდენტიფიცირებს როგორც „არც ნაცი და არც ქოცი“.

გახარია პასუხობს კითხვების ნაწილს და თითოეულ ასეთ კითხვაზე ვიდეოს წერს.

მაგალითად, პასუხობს ერთ-ერთ გამომწერს, რომელიც ეკითხება, აქვს თუ არა იმედი, რომ პარლამენტში უმრავლესობას აიღებს.

„ავიღებთ ზუსტად იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება, რომ „ოცნება“ გავუშვათ ოპოზიციაში და ნაციონალური მოძრაობა ვეღარასოდეს, ვეღარასოდეს ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდეს“,- ამბობს გახარია.

გახარიას ვიდეოებიდან ყველაზე მეტი, 789.7k ნახვა აქვს ვიდეოს, სადაც მისი ძაღლის, ლოლას შესახებ ეკითხებიან. გახარია კითხვის ავტორს უზუსტებს, რომ ლოლა უბრალოდ ბულდოგი კი არა, ფრანგული ბულდოგია.

  • ნიკა მელია

11.7 ათასი გამომწერი ჰყავს ტიკტოკ ანგარიშზე ნიკა მელიას, რომელსაც ამ პლატფორმაზე პირველი ვიდეო 2022 წლის 26 თებერვალს აქვს დადებული. მომდევნო ვიდეო 2023 წლის 12 მარტს, მარტის აქციების მიმდინარეობისას, მის კამათს ასახავს პოლიციელთან. ამის შემდეგ მელია თავის ტიკტოკზე დებს ნაწყვეტებს სხვადასხვა არხისთვის მიცემული ინტერვიუებიდან.

ნიკა მელია ტიკტოკზე

ივლისიდან კი იწყებს ვიდეო და ფოტოკოლაჟების გამოქვეყნებას, სადაც ჩანს, რომ დასავლეთ საქართველოში მოგზაურობს და ამომრჩევლებს ხვდება.

ასევე დებს ვიდეოებს, როგორ ხვდება ახალგაზრდა თაობას სხვადასხვა პარკში.

ნიკა მელია ბოლო ერთი თვეა აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს, თუ როგორ დარბის და ვარჯიშობს მთაწმინდაზე.

@nikamelia5 #ნიკამელია #nikamelia ♬ original sound – Nika Melia

„არ დაიწყოთ ახლა აქაც პოლიტიკაზე საუბარი“- მისწერა ერთ-ერთმა გამომწერმა, რაზეც მელიამ ვიდეო ჩაწერა. ტიკტოკ ვიდეოში მელია საუბრობს, რომ ზოგჯერ ამინდზე საუბარიც ან მაღაზიაში გაძვირებული იოგურტის ყიდვაც პოლიტიკაა, ამიტომ აუცილებელია, ამაზე ვილაპარაკოთ.

ბოლო ვიდეო ნიკა მელიას ტიკტოკზე ასევე გამომწერის კომენტარის საპასუხოდაა ჩაწერილი. მელიას დაუკომენტარეს, რომ „მალე პრაიმ ჰაუსში დაუძახებენ“. მან ამის შესახებ ვიდეო ჩაწერა და თქვა, რომ თუ დაუძახებენ, შევა პრაიმ ჰაუსში, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ იგივეს გააკეთებს პარტია „ქართული ოცნების“ თამჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

ნიკა მელიას ტიკტოკზე ყველაზე მეტი, 392K ნახვა აქვს ვიდეოს, სადაც გამომწერს პასუხობს, რომ ნამდვილად ნიკა მელიაა და არა ფეიკი.

  • კახი კალაძე

55 ათასი გამომწერი ჰყავს ტიკტოკზე თბილისის მერს, კახა კალაძეს.

პირველი ვიდეო 2021 წლის 30 ივლისსა დადებული: Hi Tiktok ესალმება კალაძე ახალ აუდიტორიას.

აუდიტორიის მოსაზიდად საწყის ეტაპზე კახი კალაძე აქტიურად ცდილობდა ხალხთან ახლოს მყოფი ხელისუფალის იმიჯის შექმნას.

მაგალითად, 2021 წლის 12 აგვისტოს ტიკტოკზე დადო ვიდეო, სადაც ბავშვი ეკითხება კალაძეს, ნამდვილად მისია თუ არა ტიკტოკზე გამოჩენილი ანგარიში. კალაძე პასუხობს, რომ კი.

13 აგვისტოს კი გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბავშვს, რომელმაც ტიკტოკ ანგარიშის ნამდვილობის შესახებ დაუსვა შეკითხვა, დაბადების დღეს ულოცავს.

კალაძის ტიკტოკზე ყველაზე მეტი, 1 მილიონი ნახვა სწორედ ამ მისალოც ვიდეოს აქვს.

2021 წლის აგვისტოს შემდეგ კახი კალაძის ტიკტოკზე დაიდო თბილისის საიმიჯო ვიდეოები, ასევე, მოკლე ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ თამაშობს კალაძე კალათბურთს, როგორ გადაადგილდება თბილისის ქუჩებში მოპედით, როგორ თამაშობს მაგიდის ჩოგბურთს ასაკოვან ქალთან, როგორ სტუმრობს მშობლიურ სამტრედიას, თამაშობს ფეხბურთს და სეირნობს ველოსიპედით.

ასევე, 2021 წელს დადებულ ვიდეოებს შორის მრავლადაა ისეთი ვიდეოები, სადაც კალაძის მთელი ოჯახი ჩანს.

2022 წელს ტიკტოკზე დადებულ ვიდეოებში კახი კალაძე პოზიციონირებს როგორც ბავშვების, შინაური ცხოველების, ველოსიპედის მოყვარული მერი, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში ხსნის საფეხბურთო მოედნებს, გასართობ და რეკრეაციულ პარკებს.

@kakha.kaladze👷✌️♬ original sound – Kakha Kaladze

2023 წლიდან თბილისის მერი ტიკტოკზე განსაკუთრებით აქტიურდება. კახი კალაძეს პროცენტულად ყველაზე მეტი ვიდეო სწორედ მიმდინარე წელს აქვს ატვირთული.

კახი კალაძე ტიკტოკზე

კალაძის ტიკტოკის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მისი ვიდეოების მომზადებაში არაერთი ადამიანი უნდა იყოს ჩართული. ნეტგაზეთი დაინტერესდა, თბილისის მერი  თავად ქმნის და ანთავსებს კონტენტს, თუ მას ამაში ეხმარებიან.

„თბილისის მერის გვერდები სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მათ შორის “ტიკტოკზე”, ემსახურება დედაქალაქში მიმდინარე პროექტების, სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მათ გაცნობას საზოგადოების ფართო მასებისთვის.

“ტიკტოკის” გვერდზე გამოიყენება ის ფოტო/ვიდეომასალა, რასაც თბილისის მერიის კომუნიკაციის სააგენტო ამზადებს მედიაში გასავრცელებლად მერიის ოფიციალური საიტისთვის და ფეისბუქ გვერდებისთვის“, – განგვიმარტეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.

  • ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილის ტიკტოკზე პირველი ვიდეო 2022 წლის 31 დეკემბერსაა დადებული. ხაბეიშვილი ფოტოებით აჯამებს გასულ 2022 წელს და დამდეგ ახალ წელს ულოცავს გამომწერებს.

მეორე ვიდეო 2023 წლის პირველ იანვარსაა დადებული. ხაბეიშვილი წერს, რომ შვილებთან ერთად ახალი წლის ღამეს ერგნეთში იმყოფებოდა.

„ოკუპირებული ცხინვალიდან 700 მეტრში, კასრაძეების ოჯახში, და ვულოცავთ 2023 წლის შემობრძანებას. ასევე პატივი მივაგეთ ერგნეთელ არკადი კასრაძეს, რომელიც უკრაინაში თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის ბრძოლაში გმირულად დაეცა. 2023 წელი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, მიშას თავისუფლების და საქართველოს გამარჯვების“ ,- წერს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილის პოზიციონირება ტიკტოკზე თავიდანვე პოლიტიკური იყო.

ხაბეიშვილის ტიკტოკზე შეხვდებით ვიდეოებს სხვადასხვა პოლიტიკური შინაარსის შეხვედრებიდან.

@lkhabe 10 ლარიანი ჯარიმა 50 ლარი რატომ გახდა ? 🙃🤷🏻‍♂️ #foryou #for #ფ #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი💖 ♬ original sound – Levan – khabeishvili

ხაბეიშვილი აქტიური იყო 2023 წლის მარტის აქციების დროს, ასევე, პარლამენტში საკომიტეტო განხილვიდან დებდა ვიდეოებს.

ლევან ხაბეიშვილის ტიკტოკზე ყველაზე მეტი ნახვა აქვს 19 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც პარლამენტის ტრიბუნიდან შს მინისტრს მიმართავს. ასევე, 126 ათასზე მეტი ნახვა აქვს ვიდეოს, რომელშიც ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

მიმდინარე წლის ზაფხულიდან ხაბეიშვილის ტიკტოკ-ენა მცირედით შეიცვალა. თუ მანამდე მხოლოდ პოლიტიკური მესიჯების შემცველი ვიდეოები სჭარბობდა, 19 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეოში ლევან ხაბეიშვილი სავარჯიშო ბილიკზე მთელი სისწრაფით დარბის. „ასეთი ტემპია საჭირო ქვეყნის განვითარებისათვის“ ,- აქვს ვიდეოს წაწერილი.

ლევან ხაბეიშვილის ტიკტოკზე კიდევ რამდენიმე არაპოლიტიკური ვიდეო იძებნება. მათ შორის, დედოფლისწყაროში, ელიაობის დღესასწაულზე გადაღებული.

  • იაგო ხვიჩია

23.7 K გამომწერი ჰყავს ტიკტოკზე პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ხელმძღვანელს იაგო ხვიჩიას.

ხვიჩიას ტიკტოკზე პირველი ვიდეო 2022 წლის 15 მაისს აქვს დადებული. ტიკტოკ ანგარიშზე თავდაპირველად დებდა ვიდეოებს, რომლებიც სხვადასხვა გადაცემაში მისი სტუმრობის დროს ჩაიწერა.

იაგო ხვიჩია ტიკტოკზე

იაგო ხვიჩია საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს ყველა იმ საკითხზე, რაც სხვადასხვა დროს ქვეყანაში აქტუალური იყო.

მაგალითად, მეკობრული საიტების გათიშვაზე, სახალხო დამცველის ინსტიტუტზე, „ქურდული სამყაროს“ შესახებ კანონზე, დანის ტარებაზე რეგულაციის გამკაცრებაზე, პროექტზე საქართველოს დაბადება, კარვების აკრძალვის შესახებ კანონზე, მედიის რეგულირებაზე და ა.შ.

@iagokhvichia 🟢 არ შეიძლება კარვის კრიმინალიზაცია #გირჩი #პარლამენტი #კანონი #რევოლუცია #girchi #foryou #ქოცები #ნაცები ♬ original sound – იაგო ხვიჩია

ყველაზე მეტი, 560.3 K ნახვა იაგო ხვიჩიას ტიკტოკზე 21 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოს აქვს, სადაც ის ქურდების უფლებებზე საუბრობს.

  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

10.6 ათასი გამომწერი ჰყავს ტიკტოკზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. პირველი ვიდეო მის ტიკტოკზე 2020 წლის 4 სექტემბერსაა ატვირთული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ტიკტოკის კონტენტი ძირითადად სატირულ-პოლიტიკურია და სავსეა პერფორმანსებით. ამის მაგალითად გამოდგება 2021 წლის 2 ოქტომბრის ვიდეოც, როცა საზეიმო სამზადისისას გიტარით მივიდა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ და იკითხა, როდის იწყებდნენ აღნიშვნას.

ყველაზე მეტი, 309 K ნახვა ჯაფარიძის ტიკტოკზე პირველ ვიდეოს აქვს, რომელშიც ვოლსკის პორტრეტს უყვირის.

@zurabgirchijaparidze #girchi #foru #36

რატომ გამოჩნდნენ პოლიტიკოსები ტიკტოკზე?

„პოლიტიკაში მედიუმებს შემთხვევით არ იყენებენ. ყველა პოლიტიკოსი ერთბაშად ტიკტოკზე რომ დაიბადა, ეს ნიშნავს, რომ ის თაობა, ვისაც ისინი ესაუბრებიან ამ პლატფორმით, აქტუალური ხდება პოლიტიკისთვის“ ,- ასე ხსნის სააგენტო „ჰოლი მოტორსის“ თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი გიორგი ავალიანი ქართველი პოლიტიკოსების ტიკტოკზე გამოჩენას.

მისი თქმით, ტიკტოკის სპეციფიკაა, რომ ადამიანების მართალი, გულწრფელი სახე ვნახოთ და პოლიტიკოსების აქტიურობაც ამ კუთხითაა საინტერესო.

“მიჩვეული ვართ, რომ მათ მუდმივად ტელევიზორის ჩარჩოდან ვუყურებთ… ცოტა მეტი ბარიერი იყო ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში. ახლა ვნახულობთ, შალვა ნათელაშვილი როგორ ეფერება ფერხორციან ფისოს. ცოტა მოულოდნელია, რადგან ნათელაშვილი ჩემი თაობისთვის იყო მებრძოლი პოლიტიკოსი, ახლა ვნახულობ მის ადამიანურ სახეს.. თუნდაც გახარია როგორ გვესაუბრება მუხურზე. პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან და ახლა ტიკტოკზე ყველაზე ნათლად ვხედავთ მათ ადამიანურ სახეს“,- ამბობს გიორგი ავალიანი.

გიორგი ავალიანი მიიჩნევს, რომ ტიკტოკზე გამოჩენილ ქართველ პოლიტიკოსები ჯერჯერობით ექსპერიმენტულ ფაზაში არიან და ამ ეტაპზე მოცეკვავეებსა და თამაშის ინფლუენსერებს უფრო მეტი გავლენა აქვთ პლატფორმაზე.

“მაგრამ ფაქტია, რომ მათი გავლენა თანდათან იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება, როცა რომელიღაცა პოლიტიკოსი მიხვდება, როგორ უნდა გამოიყენოს ეს ყველაფერი [სწორად] და არა ტელევიზიის ჩამნაცვლებლად. მგონია, რომ ჯერ ამ გარდატეხის პერიოდში არიან“, – ამბობს გიორგი ავალიანი.

გიორგი ავალიანს რჩევები აქვს პოლიტიკოსებისთვის და ამბობს, რომ მხოლოდ მათი პოლიტიკური გამოსვლებით ტიკტოკზე აუდიტორიას ვერ შემოიკრებენ.

„ტიკტოკისთვის ავთენტური მასალა თუ არ შექმენი, რთულია, რომ გადამუშავებული მასალით გაიკვალო გზა. მარტო პოლიტიკა, თუ ადამიანური ჭრილი არ შევძინეთ ამ ყველაფერს, მგონია, რომ საინტერესო არ იქნება“, – ამბობს გიორგი ავალიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი