ახალი ამბები

“მერია ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ზრდის უსახლკაროთა რიცხვს” – OSGF აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟზე

15 დეკემბერი, 2020 • 1338
“მერია ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ზრდის უსახლკაროთა რიცხვს” – OSGF აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟზე

“ღია საზოგადოების ფონდი” ეხმაურება თბილისში, აფრიკის დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს და აღნიშნულ ქმედებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 15 დეკემბერს, აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად გაავრცელა.

“მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემის საპასუხო ეფექტური სერვისები, თვითდახმარების მიზნით, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც მთელ ქვეყანაში, პანდემიის ფონზე შეჩერებულია საცხოვრისიდან გამოსახლების აღსრულების პროცესი, თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება დემონტაჟს განიხილავს მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევად ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების უგულებელყოფით და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს გამოსახლებულ პირებს”, – წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე წერს, რომ საცხოვრისების დემონტაჟი განსაკუთრებით მწვავეა პანდემიის ფონზე, როდესაც მთავრობა ადამიანებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს, ათასობით ადამიანს კი თავშესაფარი არ გააჩნია.

“თბილისის მერია ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ზრდის უსახლკაროთა რიცხვს და ყოველგვარი გარანტიების გარეშე ქუჩაში ტოვებს ათობით ოჯახს ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის წინაშე”, – წერია განცხადებაში.

“ღია საზოგადოების ფონდი” თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოუწოდებს, შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში “თვითდახმარების მიზნით აგებული შენობების ნგრევის პროცესი” და “არ დაარღვიოს ამ შენობებში მცხოვრებელთა საცხოვრისის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და უზრუნველყოს ამ ადამიანების ღირსეული საცხოვრისის გარანტიები”.

აფრიკის დასახლებაში ამ დროისთვის [14:20] თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ტექნიკა ჰყავს მობილიზებული. შენობების დანგრევას წინააღმდეგობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს “დატაცებული მიწებია”.

რამდენიმე საათის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ  თბილისის მერის დავალებით, ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყეს.

ინსპექციამ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ინსპექტირების შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინეს, რასთან დაკავშირებითაც მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს დაიწყო მოკვლევა. მოკვლევის შედეგად კი დაადგინეს, რომ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

გარეკანის ფოტო: კადრი ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირი ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი