ახალი ამბები

“ოცნება” ISFED-ისგან ითხოვს უბნების 8%-ის წარმოდგენას, “სადაც ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა”

14 დეკემბერი, 2020 • 678
“ოცნება” ISFED-ისგან ითხოვს უბნების 8%-ის წარმოდგენას, “სადაც ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა”

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელისგან მოითხოვა, “უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს საარჩევნო უბნების იმ 8%-ის ჩამონათვალი, სადაც ISFED-ის მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა”.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კობახიძის თქმით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის სცენარის ხელშეწყობისთვის.

კობახიძემ სკანდალური უწოდა ელენე ნიჟარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარალელური დათვლის დროს არსებული უხეში ხარვეზის შესახებ ორგანიზაციამ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს იცოდა.

ხარვეზის შესახებ ნოემბრის ბოლოს პირველად USAID-ს ვაცნობეთ — ნიჟარაძე

“მიუხედავად იმისა, რომ PVT-იზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია მთელი ამ დროის მანძილზე ვითარების კრიზისში შეყვანას ყოველდღიურად ცდილობდა, “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი მომდევნო ორი კვირის მანძილზე PVT-ის სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას, საჯაროდ შეგნებულად არ გამოვთქვით საფუძვლიანი ვარაუდი PVT-ის მანიპულაციასთან დაკავშირებით, რასაც დახურულ შეხვედრებზე ვაფიქსირებდით”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა მმართველი გუნდის თავაზიან მიდგომას დაუპირისპირა არასათანადო პასუხი და ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში  შეიტანა ორი ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი:

  1. განცხადებაში აღინიშნა, თითქოს შეცდომა არ ახდენს გავლენას მანდატების განაწილებაზე, მაშინ, როდესაც PVT-ის პირველადი მონაცემების მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ჯამურად ოთხით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა.
  2. “სამართლიანმა არჩევნებმა” კიდევ ერთელ გაიმეორა პირველ განცხადებაში გავრცელებული მცდარი შეფასება, რომ “გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წრამოადგენს. უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს, მოცემული დარღვევა საარჩვენო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა”.

“ეს შეფასება არის ისეთივე მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები. ბიულეტენების მეტობა საბოლოოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 247 უბნიდან მხოლოდ 19 უბანზე დაფიქსირდა და 2 მილიონამდე ბიულეტენიდან მხოლოდ 25 ჭარბი ბიულეტენი იყო. ჩვენ განვახორციელეთ ISFED-ის სარჩელების საფუძვლიანი ანალიზი და დავადგინეთ, რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ ორგანიზაციის მიერ დათვლილი საარჩევნო უბნების არათუ 8%, არამედ 1%-შიც არ დაფიქსირებულა. PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმადაც ბიულეტენების მეტობა ათასამდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ 8 უბანზე აღინიშნა, საიდანაც მეტ-ნაკლებად არსებითი დისბალანსი სამ უბანზე დაფიქსირდა. ამ საარჩევნო უბნებთან მიმართებით ცესკომ “სამართლიანი არჩევნების” ყველა სარჩელი დააფიქსირა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ISFED საუბრობს უბნების 8%-ში არა ბიულეტენების მეტობაზე, არამედ ზოგად დისბალანსზე, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც ბიულეტენების მეტობით, ისე ნაკლებობით.

კობახიძეს ჰკითხეს, ხომ არ უნდა ველოდოთ “სამართლიანი არჩევნების” მიმართ გამოძიების დაწყებას, რაზეც მან აღნიშნა, რომ ეს “დელიკატური თემაა”, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება არსამთავრობო ორგანიზაციას და ისეთ პროექტს, რომელშიც ჩადებულია ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელის ფული.

“ეს არის ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებული პროექტი (პარალელური დათვლა). თუ რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, მე ვფიქრობ, ასეთი სისხლის სამართლებრივი გამოძიება უნდა ჩატარდეს მინიმუმ ამერიკული მხარის ჩართულობით, სხვანაირად არა”, – განაცხადა კობახიძემ.


არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

ხარვეზის შესახებ ნოემბრის ბოლოს პირველად USAID-ს ვაცნობეთ — ნიჟარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი