ახალი ამბები

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია შეიძლება არ შემოვიდეს, საკუთარ შეცდომებში გაჯიუტებაა — პაპუაშვილი

13 დეკემბერი, 2020 • 1082
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია შეიძლება არ შემოვიდეს, საკუთარ შეცდომებში გაჯიუტებაა — პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, “საკუთარ შეცდომებში გაჯიუტებულია”.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური დათვლის შედეგები ჩაასწორა, ოპოზიციას პარლამენტში არშესასვლელად არგუმენტების მოძებნა გაუჭირდება.

“გაუჭირდებათ,რა თქმა უნდა, ჩვენს ოპონენტებს, როდესაც იქ არანაირი ფაქტი, არანაირი რიცხვი მათ სასარგებლოდ აღარ მეტყველებს. ამიტომ მიჭირს საერთოდ ვიფიქრო იმაზე, რა არგუმენტი აქვთ, გარდა იმისა, რომ შექმნეს ისტორია, რომელიც თვითონ დაიჯერეს, სხვებს დააჯერეს და ცდილობენ ამ ისტორიაში აცხოვრონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია შეიძლება არ შემოვიდეს, ეს არის საკუთარ შეცდომებში გაჯიუტება. ის, ვინც გაჯიუტდება საკუთარ შეცდომებში და ეს რომ შეცდომები იყო დადასტურდა, მათ შორის იმით, რომ “სამართლიანმა არჩევნებმა” ჩაასწორა საკუთარი მონაცემები, ის ვინც გაჯიუტდება საკუთარ შეცდომებში, დარჩება გარეთ, ის ვინც თვალს გაუსწორებს სიმართლეს, შემოვა და შეასრულებს იმ ამოცანებს და პასუხისმგებლობას, რომელიც მას მიანიჭა მისმა ამომრჩეველმა”, — განუცხადა “რუსთავი 2-ს” პაპუაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ინფორმაცია “ქართულ ოცნებას” უკანონო გზებით ჰქონდა მიღებული და ცდილობდა ოპოზიცია მოეტყუებინა და აღნიშნავენ, რომ პარალელური დათვლა არ აჩვენებს იმ დარღვევებს, რასაც შეიძლება არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა.

ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, არ აპირებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უცხოელი დიპლომატობის მედიატორობით რამდენიმე კვირაა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი. დაგეგმილია მეხუთე რაუნდის გამართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი