ახალი ამბები

ISFED-ზე ვერანაირი ზეწოლა და მოსყიდვა გავლენას ვერ მოახდენდა — ბენიძე ISFED-ის ხარვეზზე

13 დეკემბერი, 2020 • 958
ISFED-ზე ვერანაირი ზეწოლა და მოსყიდვა გავლენას ვერ მოახდენდა — ბენიძე ISFED-ის ხარვეზზე

“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე პარალელური დათვლის შედეგებში უზუსტობის აღმოჩენას ეხმაურება და ორგანიზაციას თანადგომას უცხადებს.

როგორც ბენიძე ამბობს, PVT-ს შედეგებთან დაკავშირები საყოველთაო იმედგაცრუების ესმის და თავადაც ძალიან იმედგაცრუებულია. მისი თქმით, ამ ორგანიზაციის მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, სრულიად გასაგებია რომ საზოგადოება ISFED-ის შეცდომამ გააბრაზა და გულიც დაწყვიტა.

ამასთან, ბენიძე აღნიშნავს, რომ ეს შეცდომა ყველაზე მტკივნეული თვითონ ISFED-ისთვის არის და დარწმუნებულია, რომ ორგანიზაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელზე, ელენე ნიჟარაძესა და სხვებზე ISFED-ში ვერანაირი ზეწოლა და მოსყიდვა გავლენას ვერ მოახდენდა.

“მქონდა საუბარი მათთან და ვიცი, რომ ძალიან მტკივნეულ და პრაქტიკულად წარმოუდგენელ შეცდომას ჰქონდა ადგილი – PVT მონაცემთა ანალიზის პროგრამის (ე.წ. software) კოდში ერთ-ერთ ველში არასწორი ფორმულა ჩაიწერა. ასეთი რამ მანამდე არასდროს მომხდარა და PVT-ს გუნდს უბრალოდ აზრადაც არ მოუვიდოდა პროგრამისტის მსგავსი შეცდომა. (ამიტომაც არავინ იფიქრებდა ამაზე აუდიტამდე, რაც რუტინულად რამდენიმე კვირის მერე ხდება ხოლმე და წლევანდლამდე რაიმე განსაკუთრებული არც არასდროს გამოუვლენია) არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, მაგრამ მოხდა. ძალიან რთული ამბავია ISFED-ისთვის, და არანაკლებ რთულია შეცდომის აღიარება, რაც განსაკუთრებულ სიმტკიცეს და გამბედაობას მოითხოვს”, — აცხადებს ბენიძე.

მისი თქმით, ეს შეცდომა ISFED-ის PVT-ს მთავარ მიგნებასთან დაკავშირებით არაფერს ცვლის. როგორც ბენიძე ამბობს,  ოქმების დისბალანსები უბნების 8%-ზე 2012 წლიდან არასდროს ყოფილა და სწორედ ეს იყო PVT-ს უპრეცედენტო მიგნება, რაც ეჭვებს აჩენდა, რომ ამ უბნებზე დისბალანსს (და მის სავარაუდო მიზეზს) შესაძლოა შედეგებზე გავლენა მოეხდინა.

“საარჩევნო ოქმებში დისბალანსები, ის რომ იმავე “სამართლიანი არჩევნების” 162 საჩივრიდან (რომლებიც კონკრეტულად ოქმებს ეხებოდა) 93% არ დაკმაყოფილდა, პრობლემური უბნების მასშტაბური გადათვლა არ მომხდარა და სადაც გადაითვალა, იქ არაერთი პრობლემა აღმოჩნდა ფაქტად რჩება. შესაბამისად, PVT შედეგების 1.8%-ით ცვლილება პასუხისმგებლობას არავის არიდებს.

ცალკე ამბავია, რომ მაჟორიტარულ შედეგებს PVT ისედაც არ ითვლიდა და მაჟორიტარულ ოქმებში თუ რამე დისბალანსები იყო, ეს იმ 8%-ს მიღმაა. ISFED-მა თავისი შედეგები გადათვალა, რათა გამოევლინა ხარვეზი. ანალოგიურად, საარჩევნო ადმინისტრაციასაც უნდა გამოეჩინა პასუხისმგებლობა და გადაეთვალა პრობლემური უბნები”, — აცხადებს ბენიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

ISFED-ის ხარვეზი | რა მოხდა? – ინტერვიუ ელენე ნიჟარაძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი