ახალი ამბები

ოპოზიციის მემორანდუმი: ვინ (არ) ამბობს უარს მანდატებზე დღესვე?

11 დეკემბერი, 2020 • 1712
ოპოზიციის მემორანდუმი: ვინ (არ) ამბობს უარს მანდატებზე დღესვე?

11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა მემორანდუმებს მანდატების გაუქმებაზე.

როგორც ღონისძიებაზე სპიკერებმა, ბადრი ჯაფარიძემ („ლელო“) და გიგი უგულავამ („ევროპული საქართველო“) განაცხადეს, ხელი მოეწერა სამ დოკუმენტს. ეს დოკუმენტებია:

  1. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ;
  2. ბარიერგადალახული პარტიების მემორანდუმი პარტიული სიების გამოწვევასთან დაკავშირებით – მას შემდეგ, რაც პარლამენტი ყველა დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს, ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიმართავენ, რომ სიები ჩახსნას;
  3. სიმბოლური განცხადება-მემორანდუმი იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებიც უარს ამბობენ მანდატზე ამ მოწვევის პარლამენტში.

ოპოზიციის ლიდერებმა მემორანდუმებს ხელი მოაწერეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის (ყოფილი მეფისნცვლის სასახლის) ბაღში, პარლამენტიდან 100-ოდე მეტრის დაშორებით.

სიის გაწვევა

სიის გაწვევის/განულების შესახებ მემორანდუმში წერია:

„პოლიტიკური პარტიები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს შედეგების მიხედვით გადავლახეთ დაწესებული ბარიერი და მოვხვდით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მივიჩნევთ, რომ არჩევნები გაყალბდა ქართული ოცნების მიერ და ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“.

„შესაბამისად, მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენ მიერ წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები“.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა „ნეტგაზეთს“, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ სიებს არ გაიწვევენ ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და „გირჩი“, თუმცა აცხადებენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

ინდივიდუალური უარი მანდატებზე

მემორანდუმის მესამე ნაწილის ტექსტი ასეთია:

„ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატები, უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ პარლამენტს, რადგან ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“.

„ჩვენი ოფიციალური განცხადებები საქართველოს პარლამენტში შევა ცესკო-ს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე“, – წერია მემორანდუმში.

პარლამენტის მანდატი არჩევნების ოფიციალური შედეგებით 60-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო.

60-დან ორს, — ალეკო ელისაშვილსა და მისი პარტიის მეორე დეპუტატს, ლევან იოსელიანს — ნათქვამი ჰქონდა, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე, ამ ეტაპზე, არ აპირებდნენ მანდატებზე ოფიციალუად უარის თქმას, თუმცა აცხადებენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

„რესპუბლიკელების“ საკითხი

11 დეკემბერს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ თავიანთი გადაწყვეტილება გამოაცხადეს.

მათ განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შედიან, თუმცა მანდატებზე უარს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იტყვიან.

ამ საკითხზე მოგვიანებით განმარტება გააკეთა პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა და ფეისბუკზე დაწერა:

„ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის ნების შესაბამისად, თუ არ იქნებიან ნაციონალი დეპუტატები პარლამენტში, პარლამენტში არ იქნებიან არც რესპუბლიკელი დეპუტატები. არცერთი“.

ხათუნა სამნიძემ ტვ პირველზე განაცხადა, რომ დღეს „სიმბოლური ღონისძიება“ გაიმართა და თქვა, რომ „მანდატების დახევის“ მსგავსი ღონისძიებები არ მოსწონს; მისი თქმითვე, მათი პოზიციის მოსმენის შემდეგ ენმ-ის ლიდერებს პრობლემა არ ჰქონიათ.

თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე. ფოტო: რესპუბლიკური პარტია

ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ „უმისამართო ტალახის სროლა არ ღირს“ და გვითხრა:

„რესპუბლიკურმა პარტიამ დააფიქსირა თავისი პოზიცია, პირველ რიგში, რომ დაელოდებიან მოლაპარაკებების შედეგებს. ზოგს აქვს პოზიტიური მოლოდინი, ზოგს არა, მაგრამ საერთო პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია და ამის [მოლაპარაკებების] შემდეგ მოაწერენ ხელს იმ განცხადებას, რომელიც გულისხმობს მანდატების უფლებამოსილებაზე უარის თქმას“.

ხატია დეკანოიძემ ასევე თქვა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ ცხადად დააფიქსირა, რომ თუ პარლამენტში არ იქნება ენმ-ის ბლოკი „ძალა ერთობაშია“, არხ ისინი იქნებიან პარლამენტში.

„თუ საბოლოოდ ეს ყველაფერი დასრულდება უშედეგოდ და ლუკაშენკოს გზას დაადგება ივანიშვილი, სია ჩაიხსნება და ამას შემოუერთდება რესპუბლიკური პარტიაც“, – გვითხრა დეკანოიძემ.

„განმარტება საჭიროა“ – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რესპბულიკური პარტიის არცერთი წევრი არ შევა პარლამენტში, ისევე, როგორც არც ალეკო ელისაშვილი და არც ლევან იოსელიანი.

ნიკა მელია ოპოზიციის აქციაზე. 2020 წლის ნოემბერი

თუმცა მელიამ განაცხადა: „უბრალოდ, მათ [რესპუბლიკელებმა] უნდა განმარტონ, თუ 2-3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება მოლაპარაკებები, ისინი აპირებენ, დეპუტატებად იყვნენ“?

„ბოიკოტი არ არის შენობაში არშესვლა“ – ხოშტარია

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, 60 ოპოზიციონერიდან 4-ია ისეთი, ვინც ამ ეტაპზე ინდივიდუალურად უარს არ აცხადებს მანდატზე:

  • ალეკო ელისაშვილი;
  • ლევან იოსელიანი;
  • ხათუნა სამნიძე;
  • თამარ კორძაია;

ელენე ხოშტარიამ „ნეტგაზეთთან“ საუბრისას მათი ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა:

„არ არსებობს ბოიკოტი, თუ შენ არ მიმართავ პარლამენტს, რომ არ შედიხარ იქ. შენობაში არშესვლა არ არის ბოიკოტი… დღეს ბოიკოტი და მოლაპარაკებების გაგრძელება ნიშნავს ხელმოწერას არჩევნების გაყალბებაზე“.

„გირჩი“

მემორანდუმებს ხელი მოაწერეს შემდეგმა ბარიერგადალახულმა პარტიებმა და ბლოკებმა:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“;
  • „ევროპული საქართველო“;
  • „ლეიბორისტული მოძრაობა“,
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“
  • „ლელო“;

ღონისძიებას მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში, ელისაშვილის „მოქალაქეების“ გარდა, არ დასწრებია „გირჩი“ (არც ზურაბ ჯაფარიძის და არც ხვიჩია-მეგრელიშვილის მხარე);

თუმცა ისინი აცხადებენ, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს, პარლამენტში არ იქნებიან.

რას გეგმავს პატრიოტთა ალიანსი?

მემორანდუმს არ შეუერთდნენ არც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, რომლებიც ჩვეულებრივ თავს არიდებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საერთო შეთანხმებებს.

თუმცა „პატრიოტთა ალიანსიც“ აცხადებს, რომ პარლამენტში არ შედის და საპარლამენტო სიასაც ჩახსნის, როგორც კი პროცედურულად ეს შესაძლებელი იქნება.

რა ელის მოლაპარაკებებს?

ირაკლი კობახიძემ წინა დღით განაცხადა, რომ მისი აზრით, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც უარს იტყვიან ბოიკოტზე:

„თუ მათ უკვე გაანულეს სიები და სადეპუტატო მანდატები და თუ ისინი პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, ბოკერიასთან, გვარამიასთან და უგულავასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან ლაპარაკს“? – განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძე. ფოტო: „ქართული ოცნება“

დღეს მის ამ ნათქვამს ელენე ხოშტარია გამოეხმაურა და თქვა, რომ „საბედნიეროდ, კობახიძე არ წყვეტს, როგორ პოლიტკური პროცესები იქნება ქვეყანაში“ და მოლაპარაკებები ახლა იწყება:

„მოლაპარაკებები რეალურად იწყება ახლა. იმიტომ, რომ ბოიკოტი შედგა ახლა“, – განაცხადა ხოშტარიამ.

„ხელისუფლება, რომელიც ამ წინა ეტაპზე მოლაპარაკებას კი არა, ვაჭრობას ცდილობდა, მიხვდა, რომ ამ ვაჭრობას არ ჰქონდა შედეგი. შესაბამისად, მათ მოუწევთ რეალურ მოლაპარაკებებზე წამოსვლა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„გჯვერა, რომ პოზიციები შეჯერდება“ – ფასილიტატორები

11 დეკემბრის დილას, მე-10 მოწვევის პარლამეტის პირველი სხდომის დაწყებამდე, სპეციალური განცხადება გაავრცელეს აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ – მოლაპარაკებების ფასილიტატორებმა.

მათი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა „უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა“.

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი

„ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას“, – წერენ ელჩები.

„ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა“.

„ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა“, – წერია ფასილიტატორების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი