ახალი ამბები

მიუხედავად ნაკლოვანებებისა, არასწორია სასამართლოს დისკრედიტაცია – ზურაბიშვილი

11 დეკემბერი, 2020 • 1419
მიუხედავად ნაკლოვანებებისა, არასწორია სასამართლოს დისკრედიტაცია – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნისას, სასამართლო სისტემასაც შეეხო. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სისტემაში ხარვეზები კვლავ არსებობს, თუმცა “არასწორია სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია”.

“სასამართლო, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. მართალია, ჩვენი სასამართლო ჯერ ვერ აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უვადოდ მოსამართლეების განწესებისთვის მზად ჯერ არ იყო და დღესაც ბევრი რამ დამაკმაყოფილებელი არ არის.

ამავე დროს, უნდა დავინახოთ გავლილი გზა. რეფორმის 4 ეტაპი განხორციელდა. გაზრდილია მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული დავების რაოდენობა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში შემცირებულია მიმართვიანობა.

მიუხედავად სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და რეფორმის გაგრძელების აუცილებლობისა, არასწორია სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ეს ხელს უწყობს მხოლოდ ერთ რამეს: საზოგადოებაში ნიჰილიზმის დამკვიდრებას”, – თქვა მან.

პირველი სხდომა 1 პარტიის მონაწილეობით

ამჟამინდელი მოცემულობით, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული იქნება. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, თქვეს, რომ არ გამოიყენებენ მანდატებს, ვინაიდან არ ენდობიან კენჭისყრის ოფიციალურ შედეგებს.

დღევანდელ სხდომაზე არ იგეგმება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების დაკომპლექტება. ეს საკითხი ასევე პრობლემურია იმ ფონზე, თუ ოპოზიცია პარლამენტში საბოლოოდ არ შევა, მაშასადამე, საპარლამენტო თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტება და საკანონმდებლო ორგანო ვერ მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს ხმათა არასაკამარისი რაოდენობის გამო.

წინა წლებისგან განსხვავებით და მიწვევის მიუხედავად, სხდომას, სავარაუდოდ, არ ესწრება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. როგორც ცნობილია, ილია მეორე საპატრიარქოში იმყოფება და ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და მასთან შეხვედრები შეზღუდულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი