ნეტგაზეთი | პარლამენტის შეურაცხყოფა, გავრილოვის სკამზე დასმით თუ საბჭოთა ჰიმნით, ისტორიის შეურაცხყოფაა – პრეზიდენტი პარლამენტის შეურაცხყოფა, გავრილოვის სკამზე დასმით თუ საბჭოთა ჰიმნით, ისტორიის შეურაცხყოფაა – პრეზიდენტი – Netgazeti
RU | GE  

პარლამენტის შეურაცხყოფა, გავრილოვის სკამზე დასმით თუ საბჭოთა ჰიმნით, ისტორიის შეურაცხყოფაა – პრეზიდენტი

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გაიხსნა.

მან ქვეყნისთვის პარლამენტის მნიშვნელობასა და მისი შეურაცხყოფის დაუშვებლობაზე ისაუბრა, რა დროსაც სერგეი გავრილოვის ვიზიტი და სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვის ფაქტი ახსენა.

“პარლამენტი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაში წარმოადგენს ხელისუფლების მთავარ შტოს, იქნება ეს გავრილოვის სკამზე დასმით თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით, ან კიდევ პარლამენტის ხელჩართული ბრძოლის არენად ქცევით, შეურაცხყოფაა ჩვენი ისტორიისა”, – თქვა მან.

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისში 2018 წლის ივნისში,  მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ჩამოვიდა. ღონისძიების ფარგლებში ის მივიდა საკანონმდებლო ორგანოშიც, სადაც სესიას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე გაუძღვა. ფაქტს მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.

რაც შეეხება საბჭოთა ჰიმნის ჩართვას, ზურაბიშვილმა, სავარაუდოდ, 2020 წლის 18 თებერვალი გაიხსენა. ამ დღეს, პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად  სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს.,

პირველი სხდომა 1 პარტიის მონაწილეობით

ამჟამინდელი მოცემულობით, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული იქნება. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, თქვეს, რომ არ გამოიყენებენ მანდატებს, ვინაიდან არ ენდობიან კენჭისყრის ოფიციალურ შედეგებს.

დღევანდელ სხდომაზე არ იგეგმება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების დაკომპლექტება. ეს საკითხი ასევე პრობლემურია იმ ფონზე, თუ ოპოზიცია პარლამენტში საბოლოოდ არ შევა, მაშასადამე, საპარლამენტო თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტება და საკანონმდებლო ორგანო ვერ მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს ხმათა არასაკამარისი რაოდენობის გამო.

წინა წლებისგან განსხვავებით და მიწვევის მიუხედავად, სხდომას არ ესწრება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. როგორც ცნობილია, ილია მეორე საპატრიარქოში იმყოფება და ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და მასთან შეხვედრები შეზღუდულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან