ახალი ამბები

EU-მ €1.8-ტრილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, მათ შორის, პანდემიის შემდგომი აღდგენისთვის

11 დეკემბერი, 2020 • 973
EU-მ €1.8-ტრილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, მათ შორის, პანდემიის შემდგომი აღდგენისთვის

უნგრეთისა და პოლონეთის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირმა დაამტკიცა €1.8-ტრილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო 7 წელზეა გათვლილი. აღნიშნული ფულიდან €750 მილიარდი უშუალოდ კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად დაიხარჯება.

შეთანხმების მიღწევის შესახებ ტვიტერზე დაწერა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. აღნიშნულს ასევე ტვიტერზე გამოეხმაურა ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლეიენი. მისი თქმით, “ევროპა წინ მიდის”.

ბიუჯეტის დამტკიცებას ეწინააღმეგებოდნენ უნგრეთი და პოლონეთი. მათ თავდაპირველად ვეტოს უფლებაც გამოიყენეს, მაგრამ საბოლოოდ, მოლაპარაკებებში გერმანიის ჩართვის შედეგად, გადაწყვეტილება შეცვალეს. როგორც “ევრონიუსი” წერს, საქმე ის არის, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებით, თუ კავშირის წევრი ქვეყნები საფრთხეს შეუქმნიან დემოკრატიას თავიანთი მმართველობით, მათ სანქციებს დაუწესებენ.

ქვეყანაში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესების გამო კი მსგავსი გაფრთხილება უნგრეთსა და პოლონეთს მიღებული აქვთ. ამ ორი ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება, გამოიყენოს სანქციები დემოკრატიის ხელყოფის გამო, “პოლიტიკური შანტაჟია”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი