ახალი ამბები

11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება

10 დეკემბერი, 2020 • 1404
11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება

ახლად არჩეული, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 11 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი გახსნის. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცემა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

11 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგში 11 საკითხია შეტანილი.

სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია პარლამენტის არჩევნების შედეგებს და დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს. არჩეული პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ შესწავლის შემდეგ, სხდომაზე პარლამენტი 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მანდატებზე უარის თქმისთვის თითოულ დეპუტატს მოუწევს, პარლამენტს განცხადებით მიმართოს, პარტიებს კი ცესკოში წარდგენილი საარჩევნო სიების გაუქმება დასჭირდებათ, რათა ის დეპუტატები, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, უფლებამონაცვლეებმა არ ჩაანაცვლონ.

ახალი პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, რა დროიდანაც უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. ამის შემდეგ ახლად არჩეული დეპუტატები დადებენ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, რომლის ტექსტსაც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია წაიკითხავს. ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და ვიცე-სპიკერებს აირჩევენ. მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება, მისი პირველი მოადგილე კი -გიორგი ვოლსკი. საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერები გახდებიან კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო. გამომდინარე იქიდან, რომ ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პარტია საპარლამენტო საქმიანობაზე ჯერჯერობით უარს ამბობს, პირველ სხდომაზე ვერ აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარის 2 მოადგილეს ოპოზიციური ფრაქციებიდან, ასევე, ვაკანტური დარჩება ყველა კომიტეტში ოპოზიციისთვის განკუთვნილი თავმჯდომარის მოადგილის კვოტა.

“ქართული ოცნების” მიერ კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობებზე წარდგენილნი არიან:

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – ანრი ოხანაშვილი;
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – მიხეილ სარჯველაძე;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი ბერაია;
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი;
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – სოზარ სუბარი;
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ირაკლი კოვზანაძე;
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – დავით სონღულაშვილი;
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ნინო წილოსანი;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – მაია ბითაძე;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე;
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – მაკა ბოჭორიშვილი;
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ბექა ოდიშარია;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – დიმიტრი ხუნდაძე;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი – თეა წულუკიანი;
  • სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტი – მიხეილ ყაველაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იქნება. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ეს თანამდებობა მამუკა მდინარაძეს ეკავა, რომელიც ახალ პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იქნება. ახალი რეგლამენტის თანახმად, ერთი პარტიის სიით არჩეულ დეპუტატებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეუძლიათ.

ხვალინდელ სხდომაზე არ იგეგმება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების დაკომპლექტება. ეს საკითხი ასევე პრობლემურია იმ ფონზე, თუ ოპოზიცია პარლამენტში საბოლოოდ არ შევა, მაშასადამე, საპარლამენტო თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტება და საკანონმდებლო ორგანო ვერ მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს ხმათა არასაკამარისი რაოდენობის გამო.

როგორი იქნება ერთპარტიული პარლამენტი და რა გადაწყვეტილებების მიღებას ვერ შეძლებს ის, წაიკითხეთ ბმულზე.

საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგნოზით, ქვეყანას შესაძლოა ოთხი წელი არ ჰყავდეს დელეგაციები მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვინაიდან ისინი სავალდებულოდ მოითხოვენ საპარლამენტო დელეგაციებში ოპოზიციის მონაწილეობას, ისევე, როგორც, მაგალითად, გენდერულ ბალანსს (მაგ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი) და მხოლოდ “ოცნების” წევრებით დაკომპლექტებულ  დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციები არ დაამტკიცებენ.

საპატიო სტუმრები

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, უშიშროების საბჭოს მდივანი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და სხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები.

წინა წლებისგან განსხვავებით და მიწვევის მიუხედავად, სხდომას, სავარაუდოდ, არ დაესწრება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. როგორც ცნობილია, ილია მეორე საპატრიარქოში იმყოფება და ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და მასთან შეხვედრები შეზღუდულია.

რა აპირებენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შეკრების პირველ დღეს წაიკითხეთ აქ:

რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შეკრების პირველ დღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი