ახალი ამბები

რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შეკრების პირველ დღეს

10 დეკემბერი, 2020 • 1163
რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შეკრების პირველ დღეს

ხვალ, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება. ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და მანდატები მოიპოვეს, ხვალ პირველ სხდომაზე არ გამოცხადდებიან.

ჯერჯერობით ყველა ოპოზიციური პარტია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, თუმცა, ვინ რას აპირებს პირველ სასესიო დღეს, ბოლომდე გარკვეული არ არის.

30 ნოემბერს ოპოზიცია, გარდა “პატრიოტთა ალინსისა”, აცხადებდა, რომ პარლამენტის პირველი შეკრების დღეს მეტეხის ტაძართან საერთო დეკლარაციას მოაწერდა ხელს, სადაც შემდეგი მოთხოვნები იქნებოდა გაერთიენებული: რიგგარეშე არჩევნები, პოლიპატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ახალი სისტემით და ახალი შემადგენლობით დანიშვნა.

გარდა ამისა, ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკოს მონაცემებით პარლამენტშია შესული, მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას დაწერას აპირებდა.

თუმცა დღეს, პარლამენტის პირველ შეკრებამდე ერთი დღით ადრე, აღმოჩნდა, რომ ხვალ ოპოზიციის ნაწილი თავის პოზიციას განსხვავებულად დააფიქსირებს. ოპოზიციის ხვალინდელ ღონისძიებაში მონაწილეობასა და საერთო დოკუმენტზე ხელის მოწერას აპირებენ:

  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”,
  • “ევროპული საქართველო”,
  • “ლეიბორისტული მოძრაობა”,
  • “სტრატეგია აღმაშენებელი”,
  • “ლელო”.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პარტიის გეგმებში შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა და ხვალ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ბლოკში შემავალი ყველა პარტია ოპოზიციის ნაწილთან ერთად ხელს მოაწერს შეთანხმებას და საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებაც განაცხადებს.

“ჩვენს გეგმებში არაფერი შეცვლილა, შეიძლება უბრალოდ დისლოკაციის ადგილი შეიცვალოს და ახლა ვმსჯელობთ მაგ თემაზე, თორემ დანარჩენი, თვითონ შინაარსობრივად არაფერი არ შეცვლილა. ოპოზიციას ყველაფერი გავლილი და შეთანხმებული გვაქვს და ხვალ, უბრალოდ, მოხდება ამ ყველაფრის საჯაროდ დაფიქსირება, მათ შორის მოეწერება ხელი სიების ჩახსნას, რომელსაც პარტიის ხელმძღვანელები გააკეთებენ და ყველა გასული დეპუტატი დაწერს განცხადებას”, — განაცხადა უდუმაშვილმა.

ხვალ საპარლამენტო სიების განულებას გეგმავს “ევროპული საქართველოც”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ხვალ მათი პარტია ოპოზიური პარტიების ნაწილს შეუერთდება.

“ევროპული საქართველო” ხვალ გეგმავს სხვა პარტიებთან ერთად ამ ფაზის დასრულებას, ანუ ლეგიტიმაციის არმიცემას ამ პარლამენტისთვის, იმიტომ, რომ ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. ეს გულისხმობს სიების ჩახსნას და ყველა იმ დეპუტატის მიერ, ვინც პარლამენტში მოხვდა, განცხადების დაწერას”, — განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციის ნაწილთან ერთად ხვალ საერთო დოკუმენტზე ხელს მოაწერს “ლეიბორისტული პარტია”. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ამბობს, “ლეიბორისტები” საპარლამენტო სიის ჩახსნის ინიციატივასაც უერთდებიან.

“ხვალ მნიშვნელოვან ღონისძიებას გამართავს ოპოზიცია ერთობლივად, სადაც ხელი მოეწერება სამ მნიშვნელოვან დოკუმენტს: პირველი ის, რომ ეს პარლამენტი მიჩნეული იქნება არალეგიტიმურად და მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, მეორე — მოხდება სიების ანულირება და მესამე — ის პირები, ვინც პარლამენტის წევრებად იწოდებიან, დაიწერება განცხადება უფლებამოსილების შესახებ. ეს იქნება სრულფასოვანი ბოიკოტი არსებული არალეგიტიმური პარლამენტისა და გაგრძელდება ბრძოლა ახალი არჩევნებისათვის”, — განაცხადა გუგავამ “რუსთავი 2-თან”.

ხვალ მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს “სტრატეგია აღმაშენებელიც”. აღნიშნული გადაწყვეტილება ბლოკმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მიიღო. როგორც ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, პარტია ბოიკოტს გააგრძელებს.

“ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით სიებს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ბოიკოტს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირად მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს, ვაპირებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ვაპირებ მონაწილეობა მივიღო თავიდან ბოლომდე ამ პროცესში”, — განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, შეურთდება თუ არა სხვა ოპოზიციურ პარტიებს ხვალ “სტრატეგია აღმაშენებელი”, ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პასუხობს:

“რა თქმა უნდა, იმ მონოლითურ ოპოზიციასთან ერთად ჩაიხსნება სია, დაიწერება განცხადებები. ყველაფერს, რაც არის მოწოდება, ექნება მათთან ერთად მყარი გადაწყვეტილება”, — აცხადებს ჩარკვიანი.

საპარლამენტო მანდატებზე უარს განაცხადებს “ლელოც” და სიას გაანულებს. გადაწყვეტილება “ლელოშიც” პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

“ხვალ, როგორც იცით, იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის შეთანხმება და ხელისმოწერის ცერემონია, რომელსაც ჩვენ უკვე დღევანდელი გადაწყვეტილებითაც შევუერთდებით”, — განაცხადა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბარეირგადალახულ პარტია “გირჩს”, რომელიც არჩევნების შემდეგ, წინა კვირაში გაიყო, დიდი ალბათობით, პარტიის არცერთი ნაწილი ოპოზიციის ხვალინდელ ღონისძიებას არ შეურთდება.

“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარტია გადალაგების პროცესშია და ამიტომ მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე პარლამენტში არ შევლენ.

“თან გამოდის, რომ პარტიის ლიდერიც არ გველაპარაკება პარალელურ რეჟიმში. პარტიის თავმჯდომარე ვარ, მაგრამ სიის პირველი ნომერი სხვა არის. აქედან გამომდინარე მე გეუბენბით ფორმულას, თუ არ იქნება იქ “ნაციონალური მოძრაობა” და არ იქნება 113 დეპუტატი და არ იქნება ის პროექტი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდებით, “გირჩი” არ იქნება პარლამენტში”, — განაცხადა ხვიჩიამ “მთავარი არხის” ეთერში.

კითხვაზე, ხვალ ჩახსნის თუ არა “გირჩი” სიას, ხვიჩია პასუხობს: “ხვალ ჩახსნის, თუ იმ პროცედურაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, მაგას მნიშვნელობა არ აქვს”.

“გირჩის” კიდევ ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე კი ამბობს, რომ ოპოზიციის ხვალიდნელ ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს და არც საერთო დოკუმენტზე მოაწერს ხელს. თუმცა, მისი თქმით, მანდატზე უარს იტყვის და თუ მისი მხრიდან ამისთვის განცხადება იქნება დასაწერი, დაწერს და პალრამენტში ჩააბარებს.

“არ ვიცი, რამდენად იქნება სრული სპექტრი წარმოდგენილი, მე არ ვაპირებ, სამჯერ მაქვს უკვე ეგეთ რაღაცაზე ხელი მოწერილი და აღარ მინდა კიდევ რაღაც დამატებით ცერემონიებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ ზოგადად ფაქტია, რომ ბოიკოტი გრძელდება, ფაქტია, რომ დღეს უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, რომელიც შეიძლება ბოლო ყოფილიყო და რაღაცა ტიპის გამოსავალი შეთანხმებულიყო.

გადაიდო ეს რაუნდი. ხვალ არის პირველი სხდომა, ყველა ის პარტია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, ამას დაადასტურებს სხვადასხვანაირი ფორმით, ნაწილმა შეიძლება ერთობლივ დოკუმენტს მოაწეროს ხელი, ვიღაცებმა შეიძლება ინდივიდუალურად გააკეთონ ეს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რა იქნება სასესიო დარბაზში, იქნება თუ არა იქ ვინმე ოპოზიციიდან წარმოდგენილი. მე რასაც ვუყურებ, ამ წუთში არავინ იქ შესვლას არ აპირებს”, — განაცხადა ჯაფარიძემ “ტვ პირველთან”.

ხვალ საპარლამენტო მანდატებზე უარს განაცხადებს კიდევ ერთი ბარიერგადალახული პარტია “პატრიოტთა ალიანსი”. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გოჩა თევდორაძე ნეტგაზეთთან ამბობს, პარტია საპარლამენტო სიასაც ჩახსნის, როგორც კი პროცედურულად ეს შესაძლებელი იქნება.

“არ შევდივართ ამ პარლამენტში ჩვენ და, თავისთავად ცხადია, დავწერთ განცხადებებს პარლამენტიდან გამოსვლაზე ისე, რომ სხვა პარტიებთან ერთად ჩვენ ამ ქმედებებს არ ჩავდივართ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, იმათ თავისი და თუ მსგავსია ჩვენი ქმედებები და განცხადბები, ეს არის “ქართული ოცნების” დამსახურება და არა ჩვენი და ვინმესი.

ხვალ ვაპირებთ განცხადებების დაწერას და ალბათ, სიების ჩახსნასაც. როგორც კი შედგება პარლამენტი და უფლებამოსილება იქნება ცნობილი და ეს განკარგულება ძალაში შევა, მანამდე არ შეიძლება ამის გაკეთება. სია აქტიურია. როგორც კი სია პასიური გახდება, ე.ი. პარლამენტის უფლებამოსილების გადაწყვეტილება შევა ძალაში, იმ მომენტიდან უკვე დავიწყებთ ამ პროცესს”, — აცხადებს თევდორაძე.

ხვალ სიების ჩახსნასა და მანდატებზე უარის შესახებ განცხადების დაწერას არ აპირებს ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები”. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, მანამ, სანამ უცხოელი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებები არ დასრულდება, ხელს არაფერს მოაწერენ.

“როცა მოლაპარაკებები დასრულდება, მერე ავტომატურად არც მანდატი გექნება და არაფერი არ გექნება, იმიტომ, რომ არ შეხვალ პარლამენტში. თუ მოლაპარაკებები არ გამოიღებს შედეგს, ეს ყველაფერი ისედაც ავტომატურად მოხდება და არავის შეთანხმება ამას არ სჭირდება. იმიტომ, რომ მოლაპარაკების გარეშე არავინ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და თუ მოლაპარაკება შედგა და იმას ხელი მოეწერა, მაშინ ის ხალხი, რომელიც დღეს სიების ჩახსნაზე ლაპარაკობს, წავა პარლამენტში, ეგრე იქნება ეგ ამბავი”, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი