ახალი ამბები

მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევლენ – კობახიძე

10 დეკემბერი, 2020 •
მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევლენ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს მხოლოდ იმ პარტიებთან, რომლებიც საბოლოოდ შევლენ პარლამენტში.

10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ „ოცნების“ ამოცანაა, „პარლამენტში მაქსიმალურად წარმოდგენილნი იყვნენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები“. მისი განმარტებით, „ჯანსაღ ძალებში“ მოიაზრებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც არ ასოცირდებიან მიხეილ სააკაშვილთან, ნიკა გვარამიასთან, გიგა ბოკერიასთან და გიგი უგულავასთან.

ამ სიტყვებს მოჰყვა ჟურნალისტის კითხვა, რა აზრი აქვს მოლაპარაკებებს მაშინ, თუ ოპოზიცია პარტლამენტში არ შედის? კობახიძე ამაზე პასუხობს:

„მე მგონი, მოლაპარაკებები უნდა განვაგრძოთ ისეთ პარტიებთან მხოლოდ, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ მათ უკვე გაანულეს სიები და გაანულეს სადეპუტატო მანდატები და თუ ისინი პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, გვარამიასთან, ბოკერიასთან და უგულავასთან – მაშინ რა აზრი აქვს ასეთ პოლიტიკოსებთან ლაპარაკს?

პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი პოლიტიკოსებისთვის  არ არის ადგილი არც საქართველოს პარლამენტში და არც ქართულ პოლიტიკაში. მათთან საუბარს აზრი არ აქვს, ვისაც არ სურს გააიგივოს საკუთარი თავი ასეთ პოლიტიკოსებთან, კი აქვს აზრი“ ,- ამბობს კობახიძე.

ხვალ, 11 დეკემბერს, ახალი, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. მათი ნაწილი საპარლამენტო სიას ანულებს.

იმ პარტიებს შორის, ვინც საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და საპარლამენტო სიას ხსნიან, არიან: „ლელო“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, „ევროპული საქართველო”, „ლეიბორისტული მოძრაობა”;.

ხვალ 12 საათზე პარლამენტის სხდომის პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ოპოზიციური პარტიები, საქართველოს პარლამენტში, პარტიული სიების და უფლებამოსილების შეწყვეტასთან  დაკავაშირებით მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი