ახალი ამბები

შესაძლოა, “ფაიზერის” ვაქცინა მძიმე ალერგიულ პაციენტებს არ გაუკეთდეთ

9 დეკემბერი, 2020 • 2047
შესაძლოა, “ფაიზერის” ვაქცინა მძიმე ალერგიულ პაციენტებს არ გაუკეთდეთ

პირებმა, რომლებსაც მძიმე ალერგიული რეაქციების ისტორია აქვთ, შესაძლოა, ვერ მიიღონ “ფაიზერის” შექმნილი, მაღალი ეფექტიანობით გამორჩეული  ახალი კორონვირუსის ვაქცინა. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ბრიტანეთის ჯანდაცვის ცენტრის ორ თანამშრომელს ვაქცინის შემდეგ გარკვეული ალერგიული რეაქცია გამოუვლინდათ.

გამოცემა წერს, რომ ორივე დასაქმებული ათან ატარებდა დრენალინის ინექციას, რაც იმას გულისხმობს, რომ მწვავე ალერგიული რეაქციები წარსულშიც ჰქონდათ. აღნიშნული ინექცია გამოიყენება ალერგიული რეაქციის შესაჩერებლად პირებში, რომელბსაც გარკვეულ გამაღიზიანებლებზე მწვავე ალერგიული რეაქცია უვითარდებათ.

“გარდიანის” თქმით, პაციენტების საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც “ფაიზერის” ვაქცინას ახლავს თან, უთითებს, რომ პრეპარატი არ უნდა გაიცეს პირებზე, რომლებსაც ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე ალერგია აქვთ. გამოცემის თქმით, აღნიშნული აჩენს კითხვებს, რატომ შეარჩია ცენტრმა ეს თანამშრომლები ასაცრელად.

ბუკლეტის მიხედვით, ალერგიული რეაქცია შეიძლება მოიცავდეს კანზე  გამონაყარს, სუნთქვის გაძნელებას და სახის ან ენის შესიებას.

ცენტრის დირექტორის განცხადებით, როგორც სხვა ვაქცინების შემთხვევაში, მარეგულირებელმა სააგენტომ ამ ვაქცინის შემთხვევაშიც გაწია რეკომენდაცია, რომ მწვავე ალერგიული ისტორიის მქონე პირებს ვაქცინა არ გაუკეთდეთ. რაც შეეხება ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს, ისინი თავს უკვე კარგად გრძნობენ.

მარეგულირებელი სააგენტოს თქმით კი, არცერთ პირს, რომელსაც პრეპარატზე ან საჭმელზე მწვავე ალერგია აქვს, წარსულში ჰქონია ანაფილაქსიური რეაქცია ან/და ატარებს ადრენალინის ინექციას, “ფაიზერის” ვაქცინა არ უნდა გაუკეთდეს. ამასთან, ვაქცინაცია მხოლოდ ისეთ დაწესებულებებში უნდა მოხდეს, სადაც სარეანიმაციო ზომების გატარება არის შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი