ვინ დაესწრება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომას საპატრიარქოდან, უცნობია.
თეოლოგმა ზვიად ცაბაძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პარლამენტის პირველ სხდომას შესაძლოა ბოდბელი მღვდელმთავარი იაკობი (იაკობიშვილი) დაესწროს.
“თვითონ პატრიარქი და მოსაყდრე კორონაპანდემიის მომიზეზებით თავს იკავებენ, რათა საზოგადოების აგრესია არ გამოიწვიონ. რატომ მეუფე იაკობი და რატომ არაოფიციალურად, ეს გასარკვევია. ეს ინფორმაცია მომაწოდეს”, – წერს ცაბაძე.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, “პატრიარქს კონტაქტებს არიდებენ”, თუმცა, ვინ დაესწრება პარლამენტის სხდომას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის და როცა ცნობილი გახდება, საპატრიარქო თავად გაავრცელებს ინფორმაციას.
როგორც ცნობილია, ილია მეორე საპატრიარქოში იმყოფება და ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და მასთან შეხვედრები შეზღუდულია.
უცნობია საპატრიარქოს პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით. საპატრიარქო არც საარჩევნო პროცესში განვითარებულ მოვლენებს გამოხმაურებია და არც მის წინასწარ შედეგებს.
ამ თემაზე:



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



