ახალი ამბები

დეკანოზი კეკელია ამბობს, რომ შშმ ბავშვებისთვის არ უწოდებია წინაპართა ცოდვების შედეგი

8 დეკემბერი, 2020 • 1587
დეკანოზი კეკელია ამბობს, რომ შშმ ბავშვებისთვის არ უწოდებია წინაპართა ცოდვების შედეგი

დეკანოზ შალვა კეკელიას განმარტებით, შშმ ბავშვები არ შეუფასებია, როგორც წინაპართა ცოდვის შედეგი. აღნიშნულის შესახებ მან რიგით მეორე ფეისბუქ ლაივში განაცხადა, რომელიც, პირველის მსგავსად, 6 დეკემბრის ქადაგებასა და მის გზავნილებს ეხებოდა.

“სასჯელი ამ ბავშვებისა არ არსებობს. თვითონ მრევლში მყავს ძალიან ბევრი ასეთი ბავშვი. საერთოდ, სიტყვა “შეზღუდული შესაძლებლობა ჩემთვის მიუღებელია”, – დასძენს ის და ამატებს:

“პირველ რიგში, დედებს მინდა გამოვეხმაურო: დამირეკეს დედებმა, რომ ინტერნეტში იწერება, რომ თურმე ჩვენს შვილებს უწოდეთ, რომ ესენი დასჯილი ბავშვები არიან, ჩვენი ცოდვების გამო ხომ არ დაიბადნენ ასეთებიო. დამიჯერეთ, რომ ეს ასე არ არის”.

“ჩემთვის ეს ბავშვები არიან ყველაზე წმინდები და ყველაზე სუფთები. მართლაც ღმერთის შვილები არიან”.

ამასთან, დეკანოზი კვლავ მიუბრუნდა ცოდვების გადაცემის საკითხს, რომელიც 6 დეკემბრის ქადაგებისას ახსენა და ასე განმარტა ეს ნაწილი:

“ხშირად ვეუბნებით მრევლის წევრებს, დაანებე თავი ნარკომანიას, ლოთობას, რადგან ძალიან ცუდად აისახება ეს შენს შვილებსა და შვილიშვილებზე. რომ გიყურებენ, ისინი ძალიან დაზიანდებიან ამით და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ამით…

…როგორც მშობელი აძლევს შვილს კარგ მაგალითს და ის გადადის შვილზე, ასევე გადადის ცუდი მაგალითიც შვილზე. ის გემსგავსება შენ და თუ შვილმაც არ შეწყვიტა ეს და უფრო ცუდი რაღაცები გააგრძელა, მერე უფრო დიდი სასჯელი ექნება ადამიანს ამასთან დაკავშირებით”, – დასძენს ის.

ამჯერად ის ამბობს, რომ ადამიანები სხვის ცოდვებზე პასუხს არ აგებენ, თუმცა წინაპართა ცოდვები მძიმედ აისახება მომდევნო თაობებზე.

“ამას იოანე ოქროპირიც განმარტავს: ჯერ ადამიანს მოეთხოვება პირადი ცოდვა, პირადად განისჯება ყველა ადამიანი თავისი ცოდვის გამო და არ შეიძლება, სხვის ცოდვაზე ღმერთმა შენ გაგებინოს პასუხი. ეს გამორიცხული თემაა, წარმოუდგენელი რამეცაა.

მაგრამ თუ შვილიც ზუსტად იგივეს აგრძელებს, რასაც მამა აკეთებდა, რასაც მამა ჩადიოდა და მერე შვილიშვილიც ამას აგრძელებს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასევე, როცა ხედავს, რომ მამა კარგად იქცევა და იგივე გზას აგრძელებს შვილი, მათ ოჯახში ძალიან ბევრი მადლი გროვდება”.

6 დეკემბრის ქადაგება

კვირას, 6 დეკემბერს, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ქადაგებისას, დეკანოზმა შალვა კეკელიამ სასულიერო პირებზე “მთავარი არხის” მიერ მომზადებული სატირული სიუჟეტი გააკრიტიკა.

პარალელურად, ის საუბრობდა ეკლესიისა და სასულიერო პირების საწინააღმდეგო მოქმედებებზე საბჭოთა კავშირში. ამის შემდეგ დეკანოზმა თქვა, რომ ახლო წარსულში განვითარებული ამ მოვლენების შედეგებს “დღესაც ვიმკით” და წინაპართა ცოდვების გამო პრობლემები მათ შთამომავლებს ექმნებათ.

სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან ბავშვები, რომლებიც “ინვალიდებად” მოიხსენია.

“ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა დიდ სამამულო ომში, იმიტომ, რომ ჩვენი ხელით ჩვენი ტაძრები ვანგრიეთ. ყველამ, ვინც მონაწილეობა მიიღო ტაძრის ნგრევაში, ვერც ერთი გადარჩა.

დღესაც ვიმკით ამას. იმ ოჯახებში იბადებიან ინვალიდი ბავშვები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მერე ამბობენ, რატომ გვემართება ეს, სულ ახალგაზრდები კვდებიან, აღარ დაგვრჩა არავინ, კაცი არ დაგვრჩა ჩვენ გვარში… გამოიკვლიე კარგად და მიხვდები, რომ შენმა წინაპრებმა რა გააკეთეს”, – მიმართა მან მრევლს.

დეკანოზ შალვა კეკელიას ამ ქადაგების შემდეგ, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ საპატრიარქოს წერილი გაუგზავნა.

ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ლია ტაბატაძე ილია მეორეს მიმართავს და დასძენს, რომ მშობლებისა და წინაპრების დადანაშაულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დაბადების გამო არც ადამიანურად და არც რელიგიურად სწორი არ არის”.

როცა მღვდელი შშმ ბავშვებს წინაპართა ცოდვის შედეგს უწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი